ავტორი:

ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"

ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს - ეკრანზე გაცოცხლებული "შინდისის გმირები"

"ტყვედ არავინ ჩაბარდეთ, ბიჭო!" - ეს იყო ფრაზა, რომელიც მხატვრული ფილმის "შინდისის გმირების" ნახვის შემდეგ მთელი დღე გონებაში მიტრიალებდა... არც უფიქრიათ ჩაბარებაზე...

ფილმში ასახული 2008 წლის ომის ერთ-ერთ გამორჩეული ეპიზოდში, რეალური პერსონებისა და ადგილობრივების გმირობებია ასახული, რომელსაც რეჟისორმა კრებითი სახე მისცა.

2008 წლის 11 აგვისტოს, უკან დახევის ბრძანების გაცემის შემდეგ, სოფელ შინდისში II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეულს შორის მომხდარ უთანასწორო ბრძოლაში, ქართველი ბიჭების გმირობა და ერთსულოვნება, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ კინო-ეკრანებზე გააცოცხლა.

"შინდისის" პროექტის ავტორი და პროდიუსერი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა და კინძავდა იმ დღეებში მომხდარ რეალურ ამბებს...

მთავარი როლის შემსრულებელი გოგა პიპინაშვილი იმ შინდისელს ასახიერებს, რომელმაც სიცოცხლის რისკის ფასად ბრძოლის ველიდან სამი დაჭრილი ქართველი მებრძოლი გამოიყვანა და გადარჩენილებს რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად სახლში მალავდა.

შინდისელების გადმოცემით, შეტაკებამდე ორი საათით ადრე რუსული ტანკები სოფელში ქართული დროშებით გამოჩდნენ, სოფლის გზა გაიარეს და შინდისის რკინიგზის სადგურთან მოაწყეს ჩასაფრება, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ბატალიონის ბიჭებს იმ ადგილას უნდა გაევლოთ...

სწორედ აქ იწყება ფილმის ემოციური სცენარი - თუ როგორ იბრძოლა სიგიჟით შეპყრობილმა ოცმა ახალგაზრდამ ბოლო ტყვიამდე და ტყვედ ჩავარდნა არც ერთს არ უფიქრია! ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა მისი დაჭრილი ნათლული, რომან ზოიძე, რომლის თავი მუხლებზე ედო... მხოლოდ 3 მათგანი გადაურჩა მტერს.

ფილმში სწორად და მხატვრულად გადმოცემულია ემოციები: ერთ-ერთი მებრძოლის ხმამაღალი, უკიდეგანო ვედრებით შესრულებული "მამაო ჩვენო”, იმედი, ბრძოლის და დაუმორჩილებლობის ჟინი - და ეს ყველაფერი მამა სერაფიმეს მიერ, არამეულ ენაზე შესრულებული გალობის ფონზე სულისშემძვრელია.

ფილმის ყურებისას, თითქოს ხელახლა განიცდი იმ ხუთდღიანი ომის კოშმარს, გრძნობ და მძაფრად აღიქვამ, თითქოს იქ, იმ საოცარი თავგანწირვის მომსწრე ხარ... საკუთარი უსუსურობა გახრჩობს, თუმცა, იმავდროულად ამაყი ხარ, რადგან ხედავ, საკუთარი სიცოცხლის ფასად როგორ ცდილობენ, ფაქტობრივად ტყვეობაში მყოფი ადგილობრივები, მტრის ტყვიას სასწაულებრივად გადარჩენილი ბიჭების გამოყვანას.

ის შინდისელები რეალური პერსონაჟები არიან - ბადრი (ახმეტ) ხუციშვილი და მისი მეუღლე ხატია, რომელიც იმ დროს ავადმყოფობას ებრძოდა. მათთან ერთად ბეწვის გზა რამდენიმე შინდისელმა გაიარა, რომელთა კრებით სახეს ფილმის ორი პერსონაჟი - მამა-შვილი წარმოადგენენ.

"შინდისში" ცოტა დიალოგია, რაც სახის, თვალების, მიმიკების მეტყველებას კიდევ უფრო აცოცხლებს. რეჟისორ დიტო ცინცაძის თქმით, - მას უბრალოდ არ უყვარს ფილმში ბევრი დიალოგი და ამიტომ გადაწყვიტა ასე... მსახიობ გოგა პიპინაშვილის გმირიც სიტყვაძვირია და ძალიან ცოტას საუბრობს...

"მე შეგნებულად არ შევხვდი “ახმეტას”, არ მინდოდა კონკრეტიზაცია დიდი დოზით ყოფილიყო და მისგან ამეღო ყველაფერი. მსურდა, ჩემი წარმოსახვით მეთამაშა... ვფიქრობ, გაამართლა" - გვითხრა პიპინაშვილმა.

რეალურ ამბებთან შერწყმული რეჟისორის მხატვრული წარმოსახვები, რომელიც განსაცდელის დროს ქართულ ხასიათს ნათლად გადმოსცემს, მთლიანობაში ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ნამდვილია... ბადრი ხუციშვილის მეუღლემ, რომელიც ფილმში ეროვნებით ოსია, მაშინ როდესაც რუსეთის ვერტმფრენი სნაიპერთან ერთად საკონტროლო შემოვლას ახორციელებდა, ერთ-ერთ დაჭრილ ბიჭს კაბის კალთა მართლაც გადააფარა...

ფილმის პროდიუსერის, ედმონდ აბაშიძის თქმით, - იყო შემთხვევები, როდესაც სამხედრო მანქანებში დასვენებულ ცხედრებში დაჭრილებს მალავდნენ და ისე გაჰყავდათ... ასე გააპარა ნოდარ ხუციშვილმა ერთ-ერთი დაჭრილი, კაპრალი ოთარ კალმახელიძე, რომელსაც ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, წეროვანის სარეაბილტაციო ცენტრში შევხვდი და დეტალურად მიამბო იმ საბედისწერო დღეების შესახებ... შარშან ივლისში, ოთარ კალმახელიძემ ომის სიმძიმეს ვერ გაუძლო და გულის შეტევით გარდაიცვალა. ფილმის ნახვისას, თითქოს მასთან ერთათ, ნაბიჯ-ნაბიჯს გავდიოდი იმ გზას, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად გაიარა...

27 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ყველას შეუძლია ნახოს თავგანწირვისა და გმირობის სულისშემძვრელი ისტორია!

ფილმ "შინდისისგან" მიღებული ემოცია კინოეკრანებიდან ყველა ქართველმა უნდა გამოსცადოს, თუნდაც იმ ბიჭებისა და შინდისელების თავგანწირვის დასაფასებლად, რომლებიც მტრის ძალების უპირატესობას არ შეუშინდნენ და ფილმის ერთ-ერთი გმირის, ოკუპანტი რუსი ოფიცრის “ნააზრევი” - “ქართველები სიკვდილამდე გვიყვარხართ და არსად გაგიშვებთ” კიდევ ერთხელ გააცნობიერონ! რუსეთი ოკუპანტია!

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"