ავტორი:

ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"

ეროსი კიწმარიშვილის ძმა "რუსთავი 2"-ში მუშაობას აგრძელებს - "იას სრული უფლება ტელევიზიის წილი მოითხოვოს"

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი 25 წელია ამ ტელეკომპანიის თანამშრომელია. ის ამჟამად, არხზე დუბლირებისა და ფრომოუშენის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ზურა ერთ-ერთია იმ თანამშრომელთაგან, ვინც არხი გვარამიას გუნდთან ერთად არ დატოვა და ტელეკომპანიაში დარჩა.

რა გეგმები აქვს განახლებულ "რუსთავი 2"-ში და როგორია მისი პოზიცია რძლის - ია კიწმარიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დეტალებს AMBEBI.GE-სთან მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ზურა, როგორ მიიღეთ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება?

- არც მქონია, სხვა რამე გადაწყვეტილება მიღებული და არც ვარიანტები. დავრჩი იქ სადაც ვარ 25 წელია, ჩემს სახლში ვარ, ჩემს თავში და საკუთარი თავიდან ვერ გავალ.

- ნიკა გვარამიასგან თუ გქონიათ შემოთავაზება?

- არა, არაფერი.

- როგორი ურთიერთობა გქონდათ წასულებთან საქმიანი თუ მეგობრული?

- ეს ჩემი პირადი სივრცეა და არ მინდა ამაზე საუბარი, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა...

- როგორ გრძნობთ თავს განახლებულ „რუსთავი 2“-ში?

- ძალიან შემართებით ვართ, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, გვინდა რომ „რუსთავი 2“ კვლავ ქართული ტელევიზიის ფლაგმანი იყოს. ძალიან დიდი ზიანი მიადგა არხს, ჩამოშლის პირას იყო, ახლა ბევრია გასაკეთებელი, რომ ფეხზე დადგეს და ისევ ლიდერი იყოს. გუშინ განახლებული „კურიერი“ გავიდა, დაგეგმილია ბევრი პროექტი და ჩვეულ პროგრამირებას დავუბრუნდებით.

- თუმცა, სატელევიზიო ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა... დაემატა ორი ტელევიზია, რომლებიც ოპოზიციურ არხებად მოიაზრებიან.

- ისინი თავის გზას თვითონ გაიკვლევენ, „რუსთავი 2“ კი გამორჩეული იქნება, როგორც ყოველთვის - ახალი სისხლის გადასხმით, ახალი ადამიანების მოზიდვით, ამბიციური პროექტებით! „რუსთავი 2“ ყოველთვის იქნება ლიდერი და გამორჩეული ქართულ ტელესივრცეში.

- სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ ახალ და დარჩენილ თანამშრომლებს. ეს ალბათ ჟურნალისტებზეც ძალიან მოქმედებს, არა?

- სამწუხაროდ, ქართული სივრცე ყოველთვის სავსე იყო მსგავსი ნეგატიური მომენტებით, ადრეც და ახლაც. ჩემს კოლეგებს ძალიან მალე ეს აღარ ემახსოვრებათ. მათ ექნებათ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი და დასამტკიცებელი, ეს მალე გადაივლის და დიდ დაბრკოლებად ვერ ვხედავ.

- ბევრი სახე წავიდა არხიდან, თუმცა გუშინ განახლებულ ეთერში ძალიან ბევრი ძველი თანამშრომელი ვნახეთ. იგივე ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, რომელიც წავიდა "რუსთავი 2"-დან და ახლა ისევ დაბრუნდა.

- მე არ შევხვედრილვარ იმ ადამიანებს ვინც რთულ პერიოდში აღარ ჩანდნენ ტელევიზიის ოფისში. თუმცა მსმენია, რომ ადამიანების ნაწილი ზაფხულში შვებულებაში იყო. ზოგიც სახლში იჯდა და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. დროებით შეჩერდნენ, აწონ-დაწონეს რაღაცები და ზოგი დაბრუნდა, ზოგიც ისევ სახლში ზის ან სხვა არხზე გადავიდა.

"რუსთავი 2“-ის ჯგუფი, რომელიც აგრძელებდა მუშაობას ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებდა. ეს ეხება ჩემ სფეროს... მთელი ზაფხული ბევრი საქმე მქონდა და არ მქონდა იმის საშუალება რომ თანამშრომლების ისტორიები გამერკვია. ჩვენთვის მთავარი იყო არ გაჩერებულიყო მაუწყებლობა და გარდამავალ პერიოდში ფილმებით, სერიალებით ვმაუწყებლობდით. ვემზადებოდით იმ ადამიანებთან ერთად, ვინც დარჩნენ და ვინც შემოგვემატნენ. თან იმ ფაქტმა, რომ ტელევიზია არ გაჩერებულა, ბევრ ადამიანზე იმოქმედა და გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ.

- პაატა სალიას თუ იცნობდით მანამდე?

- არასოდეს შევხვედრილვარ, გავიცანი პირველ თათბირზე, რომელიც ჩატარდა „რუსთავი 2“-ში და ესწრებოდა მთელი ბორდი. მათ შორის ის სახეებიც, რომლებმაც დატოვეს არხი და შექმნეს სხვა ტელევიზია.

- ამბობენ, რომ არხზე საგამოძიებო ჟურნალისტიკა ბრუნდება, ხომ არ ვიხილავთ ისევ აკაკი გოგიჩაიშვილს?

- აკაკიზე არ მსმენია, თუმცა ვთვლი, რომ ის დიდი პროფესიონალია და თითზე ჩამოსათვლელია ტელესფეროში ასეთი დონის წამყვანი და პროდიუსერი. მის დაბრუნებას მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს მისი და არხის გადასაწყვეტია. ძალიან ემოციური იყო ნათია ლაზაშვილის დაბრუნება. ბოლო წლებში მასთან არ მქონია ურთიერთობა, თუმცა მე მახსოვს მასთან თანამშრომლობლის წლები და ეს იყო ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, მაღალ თამასაზე იყო მაშინ "კურიერის" რედაქცია.

- დასასრულს, რძალზე, ია კიწმარიშვილზე გკითხავთ. რამდენიმე თვის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და "რუსთავი 2"-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. რა ეტაპზეა ეს საქმე?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ იას ჰქონდა პრეტენზიები როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეს და სარჩელი შეიტანა. შემდგომ რა პროცესებია ვერ გეტყვით, ჩემი რძალი იმყოფებოდა ქვეყნის გარეთ თავის შვილებთან და ზაფხული იქ გაატარა. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება შენელდეს, გაჩერდეს. წარმოდგენა არ მაქვს, არ შევხვედრივარ იას დიდი ხანია. დანარჩენი რა გითხრათ, გამოჩნდება ყველაფერი...

- თქვენი პოზიცია როგორია ამ საქმესთან დაკავშირებით?

- მას სრული საფუძველი აქვს დავა აწარმოოს და წილი მოითხოვოს. რას განსჯის სასამართლო, ეს სხვა საკითხია. „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსია და მას ჰქონდა თავისი წილი. 2009 წელს თავად ჰქონდა დაწყებული დავა, მაშინ ეს პროცესი მინელდა. ეროსი სხვა საქმეებით დაკავდა, საკმაოდ მძიმე და რთული პროცესები დაიწყო მის საქმიანობაში და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით... იას პროცესი, რომელიც მან დაიწყო, სად მივა ვერ გეტყვით. საუბარია ტელევიზიის 30 პროცენტზე.

- სასამართლო პროცესი ხომ არ აისახება უარყოფითად თქვენს "რუსთავი 2"-ში მუშაობაზე?

- არამგონია, რადგან სამართლიანობის აღდგენა იყო ლოზუნგი ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც "რუსთავთან" დაკავშირებით საქმეს აწარმოებდნენ, იაზეც ვრცელდება და სრული უფლება აქვს თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ეს არ უნდა აისახოს ნეგატიურად ჩემი და ტელევიზიის ურთიერთობაზე. ჩემი საქმეები მაქვს და ამ არხის ერთ-ერთი შემქმნელი ვარ ჩემ ძმასთან და მის პარტნიორებთან ერთად.

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელიდან

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს