ავტორი:

სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა

სტიქია ქუთაისსა და ოზურგეთში - ძლიერმა წვიმამ ეზოები და ქუჩები დატბორა

სტიქიამ ქუთაისში 60-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა მდინარე ოღასკურის მიმდებარე ტერიტორიაზე. უხვი ნალექის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. შეფერხებულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების სამსახური მობილიზებულია და დაიწყეს სტიქიის ზონებში მოსახლეობის დახმარება.

ქუთაისის მერიაში შეიქმნა საგანგებო შტაბი.

სტიქიამ დააზიანა ოზურგეთის რამდენიმე სოფელიც, სადაც საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა, დაზიანებულია ხიდები. გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

„სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი. კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია