ავტორი:

"ოთახში მასთან ერთად მყოფი ჩვენი მოძრაობის წევრი გააღვიძა და უთხრა, რომ გული აწუხებდა..." - ატოცში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

"ოთახში მასთან ერთად მყოფი ჩვენი მოძრაობის წევრი გააღვიძა და უთხრა, რომ გული აწუხებდა..." - ატოცში "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი გარდაიცვალა

ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, 44 წლის გიორგი დეკანოსიძე გარდაიცვალა. გიორგი დეკანოსიძე მოძრაობის სამ წევრთან ერთად ატოცში გუშინ დილით ჩავიდა და გამყოფი ხაზის პერიმეტრზე პატრულირებას ახდენდა, შემდგომ კი იმ საცხოვრებელ სახლში დარჩა, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა რამდენიმე თვის წინ დაუთმო.

„გიორგი დღეს დილით, გამთენიისას გახდა ცუდად. ოთახში მასთან ერთად მყოფი ჩვენი მოძრაობის წევრი გააღვიძა და უთხრა, რომ გული აწუხებდა. ადგილზე მხოლოდ წნევის გაზომვა შეძლეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 112-ზე დარეკვის შემდეგ, დაახლოებთ 40 წუთში მოვიდა სასწრაფო, თუმცა გიორგი დეკანოსიძე უკვე გარდაცვლილი იყო. სავარაუდოდ, მას გულის შეტევა ჰქონდა. მას მანამდე გული არ აწუხებდა, თუმცა გიორგი შშმ პირი იყო და როდესაც საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე, გრძელ მონაკვეთებზე გადაადგილება გვიწევდა, ვცდილობდით, ყოველთვის არ წაგვეყვანა, მაგრამ თავად უარს ამბობდა დარჩენაზე და ყოველთვის ჩვენ გვერდში იყო“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბერულავამ.

გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილების პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და სწორედ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი დეკანოსიძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია