ავტორი:

ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."

ბაია პატარაიას თათია სამხარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული..."

"არსებობს კითხვები, რომლებიც საჯაროდ და პირად საუბრებში, არ უნდა დავუსვათ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლს" - ასე გამოეხმაურნენ ინტერნეტმომხმარებლები თამთა თოდაძის სტუმრობას ტელეკომპანია "მთავარ არხზე" ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელსაც სკანდალური გაგრძელება მოჰყვა.

მსხვერპლი ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, უფლებადამცველ ბაია პატარაიასთან და ადვოკატთან ერთად, ნიკა გვარამიას ეთერში სტუმრობდა. დაზარალებულის მხრიდან ძალადობის სცენის აღწერისას, ერთ-ერთი კითხვა გვარამიასგან ასე ჟღერდა - "შარვალი გეცვა თუ კაბა?"

სწორედ ეს კითხვა გახდა მიზეზი იმისა, რომ ქალთა უფლებადამცველები ბაია პატარაიას დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს პასუხი იმაზე, თუ ეთერშივე რატომ არ გააპროტესტა გვარამიას მიზოგენური შეკითხვა და უფრო მეტიც, რატომ არ დატოვა მსხვერპლთან ერთად პირდაპირი ეთერი.

მოგვიანებით, ბაია პატარაიას ამ თემაზე ვრცელი განმარტების გაკეთება მოუხდა, რაც ახალი სკანდალის მიზეზიც გახდა.

აი, რა დაწერა პატარაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"ეთერზე მოკლედ ვიტყვი. ვიცოდით, რომ „ჰარდთოქი“ იქნებოდა, ვიცოდით, რომ მოძალადის ვერსიების გაქარწყლება მოგვიწევდა, ვიცოდით, რომ ბინძურ არსებულ და მომავალ ბრალდებებზე პასუხი უნდა გაგვეცა. თამთა არის ძლიერი გოგო, რომელმაც თავისი ბრძოლის სტრატეგიად არჩია ტოტალური ღიაობა, ყველა მედიის და ეთერის გამოყენება და არც ერთ კითხვაზე უკან არდახევა და მან ეს შეძლო.

ბრავო! ამ რამდენიმე დღეში თამთა გავიცანი როგორც განათლებული, შეუპოვარი გოგო, რომელსაც ბევრ რამეზე ნაფიქრი აქვს და გაცნობიერებული აქვს რა ბრძოლაში ჩაერთო, ვის წინააღმდეგ და საკუთარ ერთადერთ იარაღად მიაჩნია სრული გახსნილობა და სიმართლე. როგორც კი მოძალადეს თავი დააღწია, ეგრევე დაიწყო ყველა მტკიცებულების შეგროვება და ყველა შესაძლო არგუმენტის გააზრება. მას ჰყავს სრულიად არაჩვეულებრივი ოჯახი და მხარდამჭერთა წრე, რაც ალბათ არის მისი სიძლიერის მთავარი წყარო. ეს გოგო ჩემთვის სამაგალითოა! თამთა იბრძვის ასე და მე მის გვერდით ვარ.

ამ გადაცემის დაწყებამდე თამთამ მითხრა, კონკრეტულად რისი მოყოლა არ უნდოდა, რაც უმწვავებდა ტრამვას, გავაფრთხილეთ ნიკა და მაქსიმალურად გვერდი ავუარეთ იმ საკითხს. მე ვიჯექი მის წინ, გვქონდა კონტაქტი მზერით და თუ თავს ცუდად იგრძნობდა, უნდა ჩავრეულიყავი. აბსოლუტურად არც ერთი კითხვა არ აიცილა, იყო მომენტი, როცა მე დავიძაბე, ის კი არა. მოკლედ, ეს უნიკალური გოგოა და ირჩევს ბრძოლის მეთოდად ამ ღიაობას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მსხვერპლი უნდა გამოდგეს და საჯაროდ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. არა. ყველა მსხვერპლმა თავად უნდა აირჩიოს კომუნიკაციის სტრატეგია და ჩვენც ვურჩევთ და დავეხმარებით როგორც შევძლებთ.

გუშინდელი ეთერი ჰგავდა სასამართლოში ჯვარედინ დაკითხვას, სადაც გვარამია ეშმაკის ადვოკატის როლში გვევლინებოდა. რატომ დადგა საერთოდ ამის საჭიროება? შეჯიბრებითობის პირობებში ასეთ დაკითხვებს სასამართლოში აწარმოებს ხოლმე დაცვა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით მივაღწევთ თუ არა სასამართლომდე. შავი პიარი და ჭორები თამთას წინააღმდეგ იქოქება თავისი სუსის ტროლებით. მე ვფიქრობ, რომ გუშინ ჩვენ უპირატესობა მოვიპოვეთ ყველა ჭორზე და ჩამოვშალეთ მოძალადის შეკოწიწებული ვერსიები.

არის ეს ის გზა, როგორადაც მსგავსი საქმეები უნდა მიმდინარეობდეს? არა, ცხადია, არა. ეს არის ძალაუფლების სრული ასიმეტრიის პირობებში წარმოებული ბრძოლა სიმართლისათვის, სადაც თამთამ გადაწყვიტა ყოფილიყო სრულიად გამჭირვალე და ის იგებს ამ საინფორმაციო ომს! დიდი გამძლე და მამაცი ვინმეა, მაოცებს. პირველად მაქვს შემთხვევა იქეთ ვეხვეწებოდე დაზარალებულს ტელეფონის გამორთვას, ინტერვიუების შემცირებას და ფბ-დან გამოსვლას, როგორც წესი მე ვემუდარები ხოლმე, რომ რამე ინტერვიუ მისცენ თუნდაც სახის დაფარვით.

პ.ს. რაც შეეხება შეკითხვას "შარვალი გეცვა თუ კაბა?" არც ერთი წამით არ გვიფიქრია გადაცემაში მსხდომებს, რომ გამომწვეობას ამოწმებდა ნიკა. როგორც მოგვიანებით ახსნა კიდეც, კაბაში უფრო ადვილია გაუპატიურების განხორციელება, ვიწრო ჯინსის შარვალში კი თითქმის შეუძლებელი და ა.შ. მე საერთოდ მეგონა, რომ ტანსაცმლის დაზიანებაზე იქნებოდა შემდეგი კითხვა, თუმცა ვინაიდან შარვალი ამოირიცხა, შეკითხვა აღარ გაგრძელდა.

ტანსაცმელზე ბევრი ლეგიტიმური კითხვა ისმევა ხოლმე, რაც არ არის საჭირო აუცილებლად გულისხმობდეს "გამომწვევობის ხარისხს". მე ვსვამ ხოლმე ბევრ კითხვას ტანსაცმელზე. ტანსაცმელი არის ხშირად ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება. თამთას კაბაც ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

თუმცა, ტანსაცმელზე ზოგადად ქალებს გვაქვს ცუდი გამოცდილება, რადგან ხშირად გამომწვევ ტანსაცმელს ბრალდება გაუპატიურება და ვფიქრობ, ამას უკავშირდება ის მღელვარება, რაც ამ შეკითხვამ გამოიწვია. დასკვნის სახით - გადაცემის ასეთი ფორმატი კომფორტული არაა მსხვერპლისათვის, ხოლო უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ არარეკომენდირებული იყოს ასეთი დაკითხვის ტიპის "ჰარდთოქი". მაგრამ თამთა "ვანდერ ვუმენს" ეს არ ეხება... თამთა თოდაძე, თუ რამე შევცოდე, შემინდე...“ - წერს ბაია პატარაია.

ქალთა უფლებადამცველის სტატუსს კვლავ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა კომენტარებში. ინტერნეტმომხმარებლები კვლავ მოუწოდებდნენ ბაია პატარაიას, რომ მას რეაგირება მაშინვე უნდა მოეხდინა ნიკა გვარამიას უტაქტო კითხვაზე:

სალომე ასათიანი (ჟურნალისტი): "ბაია, მთელი პატივისცემით, კითხვაზე "რა გეცვა" ურეაქციობა და მით უმეტეს "ნივთმტკიცებაზე" ლაპარაკი ახლა ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის. როგორც გუშინდელი ეთერი, მთლიანად. თავისი "შენ ხომ არ გამოიწვიე" პათოსით. სოლიდარობა, ფემინიზმი, ძალადობისგან დაცვა მარტო ლოზუნგები და სიტყვების რახარუხი არ არის. რეალური, ცოცხალი, ტრავმირებული ადამიანების ასეთი "დაკითხვები" თუ არ შეგვაწუხებს, ცოტა მაინც..."

ირა სილანტევა (საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები): "ძალიან მაინტერესებს იგივე სტანდარტებზე თუ წერ შენს წიგნში რაც ეთერში ჩაატარეთ და რისი უფლებაც მიეცით გვარამიას. მხოლოდ ეს მაინტერესებს. ნაცვლად იმისა, რომ აღიარო შეცდომა იმ ცირკის გაპრავებას დებ. თვალებიდან სისხლი მდის, აწი, ზუსტად ვიცი მსგავსი „ქეისი“ თუ მექნება, არასოდეს გამოვუშვებ ბენეფიციარს შენს ორგანიზაციაში და პირადად შენთან, იმიტომ რომ სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ რაიმენაირი სტანდარტი გაქვს მსხვერპლებთან მუშაობის"

ნუკრი ტაბიძე (თანასწორობის მოძრაობა): "ბაია, მარტივად დგას საკითხი - მაგარი ს....ა და ტუტუცობა გააკეთა გვარამიამ და თამთა რომ უძლიერესი ადამიანია მართლა და ამ წნეხის წინაშე არ გატყდა, მართლა სამაგალითოა, მარა ეგ არც გვარამიას გულისამრევ ქცევას აპრავებს და არც შენს სიბრმავეს. არსად დაგეკარგოს ეგ გვარამია! წარმატებები და გაძლება მისცეს თამთას ყველა ფრონტზე! ცალკე ოცნება უნდა იგერიოს, ცალკე ხალხი, ცალკე გვარამია და მისი უმეცარი გამპრავებლები! შენ კიდე შეჯერდი ვის მხარეს ხარ და რა გინდა, იმიტომ რომ უკვე მართლა არაფერში ჯდება ეს თავის მოსულელება, ვითომ გვარამია ეშმაკის ადვოკატი იყო. მგონი საკმარისი ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს შენ მაინც რომ იცოდე ჟურნალისტი როგორ უნდა იქცეოდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთან!"

თათია სამხარაძე: "სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ, რომელთა შორისაც მეც ვიყავი. ახლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი, დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა - შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე...ი ბაია პატარაია!

ჩემი სათქმელი ვთქვი მე მაშინ, როცა საქმე წავიღე "საფარიდან" ბაიას აგდებული და ცინიკური დამოკიდებულების გამო. საქმეზე კითხვით როცა ვწერდი, შენი თერაპევტი არ ვარო მპასუხობდა და საბოლოოდ ერთი თვე იყო გადაწყვეტილება გამოტანილი, არავინ თავი არ შეიწუხა და არც კი გამაგებინა ამის შესახებ. შემიძლია დამატებით დეტალებში შევიდე, მაგრამ მგონი საკმარისი დავწერე უკვე" - დაწერა სამხარაძემ პატარაიას პოსტის კომენტარში.

უფლებადამცველი კი ასე გამოეხმაურა თათია სამხარაძის ბრალდებებს: "ასეთ არაადეკვატურობაზე პასუხი არ მაქვს. ყველამ თავისი სიმართლით იცხოვროს, და დაე, ჩვენმა გაკეთებულმა საქმეებმა ისაუბრონ ჩვენსავე ღირებულებებზე. არასდროს ვინანებ იმ აუარება ზღვა შრომას, რაც მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა თანამშრომლებმა თათიას საქმეში ჩავდეთ" - დაწერა პატარაიამ.

აღნიშნულ საკითხს პირველი არხის გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შეეხო:

"ნიკა გვარამიას მიერ თამთა თოდაძის მიმართ დასმული შეკითხვა ნამდვილად უადგილო და არაეთიკური იყო. რაც შეეხება ბაიას, მას ალბათ საკუთარი პოზიცია აქვს. ამ შემთხვევაში, ის თამთას ადვოკატია და ალბათ, მისი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის" - აღნიშნა ლომჯარიამ და დასძინა, რომ არ მოსწონს, როცა ამ პროცესში ქალთა უფლებადამცველები ერთმანეთს უპირისპირდებიან.

"იმიტომ, რომ ჩვენ, ყველანი მოკავშირეები ვართ ამ პროცესში. ჩვენ, ყველას საერთო ღირებულებები გვაქვს. შეიძლება, ვიღაც რაღაც მეტს აკეთებს, ვიღაცას რაღაც ეშლება, მაგრამ დაპირისპირება არ მგონია, სწორი ფორმა იყოს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა საკითხის შეფასებისას.