ავტორი:

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

ლევან ჯიქურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა, ვინაიდან პროკურორ ვაჟა თოდუას განმარტებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მტკიცებულებებს უდავოდ სცნობს და ამას გარდა, სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, ლევან ჯიქურს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

ლევან ჯიქურმა და მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.

ლევან ჯიქურის გათავისუფლებას მისი მეუღლე მარი ჯიქურიც ითხოვდა. როგორც ის აცხადებდა, 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და მის მცირეწლოვან შვილსა და ავადმყოფ მეუღლეს, მის გარდა არავინ ჰყავთ დამხმარე:

"მე ვარ მარი, ლევან ჯიქურის მეუღლე. ჩემი ქმარი 20 ინვისის აქციის გამო არის დაჭერილი უდანაშაულოდ, სხვებთან ერთად. არ მინდა საზოგადოება დავღალო ჩემი გაჭირვების მოსმენით, მაგრამ ამით ვცდილობ როგორმე ხმა მივაწვდინო მთავრობას, რომ გამოუშვან ჩემი ქმარი.

მინდა გაიგონ, რომ ის არცერთ პარტიას არ ეკუთნის. ფიზიკურად და სულიერად უკვე ძალიან ცუდად ვარ, როდესაც ვუყურებ ჩემს 7 წლის ანამარიას რომელიც ყოველდღე კითხულობს მამას და ტირის და ჩემს დედიკოს, რომელსაც ჯამრთელობა ხელს არ უწყობს, რადგან ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ვცდილობ, მაგრამ ვეღარ ვახერხებ თავის ხელში აყვანას. არ ვიცი რა გავაკეთო, ვის მივმართო, სასოწარკვეთილი ვარ.

ლევანის გარეშე ძალიან გვიჭირს, ის არის ჩვენი მარჩენალი. ჩემი ავადმყოფობის და მრავალი ოპერაციის მიუხედავად, ვცადე ფიზიკურად მემუშავა ჩემი ოჯახისათვის, ჩემი შვილის გადასარჩენად, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდი, ვერ შევძელი. ლევანის არ გამოშვებით ჩვენი ოჯახი დაიღუპება. ეკონომიურად უკიდურეს მდგომარეობაში ვართ და არც არავისი იმედი მაქვს ჩემი ქმრის გარდა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი ოჯახის გასაჭირი და გამოუშვათ ლევანი ჩვენი ოჯახის გადასარჩენად" - წერდა დაკავებულის მეუღლე მთავრობისადმი მიმართვაში.

ლევან ჯიქური ერთ-ერთი იყო, ვინც 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის და სხვა პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა