ავტორი:

ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ჩრდილში დარჩენილი როლები და ლიკა ქავჟარაძის ცხოვრების გაუხმაურებელი ამბები - მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

ქართული კინო თავისი საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ულამაზესი ქალების სიმცირეს არასოდეს განიცდიდა, თუმცა გემოვნებაზე ვდაობთ და ზოგისთვის ხელშეუხებლად აღიარებული მშვენიერება, სხვისთვის შესაძლოა არ გახდეს განსაკუთრებული აღფრთოვანების მიზეზი.

ამის მიუხედავად, ქართულ კინოეკრანზე მოიძებნება ადამიანი, რომლის განუმეორებლობაზეც ყველა ერთხმად თანხმდება - როცა ასახელებენ ქართული სილამაზის ეტალონებს, იქ ამბობენ, რომ ლიკა ქავჟარაძე შეუდარებელია.

"მისი მშვენიერების სანახავად საგანგებოდ მოდიოდნენ მეზობელი სოფლებიდან. მოდიოდნენ და უყურებდნენ, რამ წარმოქმნაო, ჰკვირობდნენ. მარიტა თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა, ქალი კი არა, მთვარის გამოახლება იყო, მის მერე აღარ გაგიკვირდებოდათ არც ყინწვისის ღვთაებრივი ფრესკა და არც არმაზელი ტურფა სერაფიტა.

ხეობის თვალი იყო... ცისარტყელასავით დადიოდა სოფლის ორღობეში, თუმცა ორშაურიანი ჩითის კაბა ეცვა. რა უცნაურია ბუნება, როგორ იცის ზოგჯერ უხვად დასაჩუქრება" - ასე აღწერს გიორგი ლეონიძე მის მარიტას "ნატვრის ხეში" და დღეს თითქმის შეუძლებელია ამ სიტყვების კითხვისას, თუ ფილმის ნახვისას მარიტას როლში სხვა წარმოიდგინო, თითქოსდა ამ როლისთვის კი არ მოძებნეს ლიკა, არამედ ავტორმა ლიკა ქავჟარაძის გამო შექმნა ეს პერსონაჟი...

მარიტა ორშაურიანი ჩითის კაბით დადიოდა სოფლის ორღობეებში, დღეს კი იმასაც ჰყვებიან, 1970-იანი წლებში, როცა თენგიზ აბულაძე ნატვრის ხეს იღებდა, ლიკას იმდენად მოწონდა მისი როლი და მარიტას პერსონაჟი, რომ გადაღებებიდან სახლში წასულს მარიტას ულამაზესი ჩითის კაბა სახლშიც კი მთელი დღე ეცვა. მაშინ არ იცოდა, რომ მარიტას სახება მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა თან და უდიდეს სიყვარულთან ერთად, მისი პერსონაჟის მიმართ სიბრალულის გრძნობაც გაუჩნდებოდა...

"მარიტა? მარიტა მიყვარს, მაგრამ მეცოდება" - იტყვის ლიკა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში და თან იმასაც აღნიშნავს, რომ მარიტამდე და მარიტას შემდგომაც მის ფილმოგრაფიაში სხვა საინტერესო როლები დგანან რიგში...

ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღება ფილმში, ფოტო: რეჟისორი შოთა კალანდაძე

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა თბილისში, 6 წლის ასაკამდე სიტყვა კინემატოგრაფი ოჯახში მხოლოდ დედისა და მისი ძმის, ლიკას ბიძის - გეიდარ ფალავანდიშვილის დიალოგებიდან ესმოდა. იმ დროს გეიდარს უკვე ნათამაშები ჰქონდა მთავარი როლი გიორგი შენგელაიას საქვეყნოდ აღიარებულ "ალავერდობაში", რომელიც გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაიღეს.

სწორედ გურამ რჩეულიშვილის ნოველაზე დაყრდნობით გადაღებულ ფილმში - "უსახელო უფლისციხელი" შედგა ლიკას დებიუტი. 6 წლის გოგონა გადასაღებ მოედანზე ბიძამ მიიყვანა. ამას "მშვენიერი კოსტიუმი" და "როცა აყვავდა ნუში" მოჰყვა, რომელიც ლიკას ფილმოგრაფიაში პირველი როლი იყო სრულმეტრაჟიან ფილმში.

გია ყანჩელის გენიალური მუსიკის, ზურა ყიფშიძისა და თინათინ ვარდანაშვილის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეების გვერდით, ლანა ღოღობერიძის გახმაურებული ფილმის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ, ის ერთადერთი სცენაც იქცა, რომელშიც ლიკა გამოჩნდა. ულამაზეს გოგონას გაზაფხულის სიმბოლო, ნუშის რტო მოაქვს თბილისის ქუჩებში...

კინომდე კი მისი მთავარი გატაცება და მომავალი პროფესია მუსიკა გახლდათ... დედის გადაწყვეტილებით, სკოლაში შესვლამდე ლიკამ მუსიკის შესწავლა დაიწყო და მეოთხე კლასში იყო, როცა რუსთაველის თეატრში ბახის კონცერტი დაუკრა. კონსერვატორიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ერთხანს ფორტეპიანოს პედაგოგადაც მუშაობდა.

მსახიობი ინტერვიუებში ყვებოდა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდა დედა - დაყვებოდა გადაღებებზე, აკონტროლებდა მის გრაფიკს და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდა ლიკას. დედის გარდაცვალება მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ხატვა, რომელიც მის მთავარ გატაცებად იქცა.

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია ლიკა ქავჟარაძის შესახებ ამბობს: "ლიკა მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი..."

სწორედ ამ სამი სფეროს გარშემო მიედინებოდა ლიკას ცხოვრება. გული სწყდებოდა, რომ არაერთი როლი ჩრდილში მოექცა და ეკრანზე ნაკლებად ხედავდა ფილმებს - "არგონავტები", "სათადარიგო ბორბალი", "პეპელა", "ჩაკლული სული","საქართველო, ივერია და...", "დიუმა კავკასიაში" - მის როლებს, რომლებზეც წლების წინ დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა.

ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის 11 ოქტომბერს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინომსახიობი 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ მონიკა ვიტის შეადარა.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა პორტუგალიელი მწერლის ხოსე რენტეს დე კარვალოს რომანის - "ერნესტინას" იტალიური თარგმანი, რომლის გარეკანზეც ლიკას ფოტოა განთავსებული. წიგნი განთავსებულია "ამაზონზეც".

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე "ფორსაჟი 9"-ის პრემიერა თბილისის კინოთეატრებში გაიმართება - ფილმის ნახვა დღეიდანაა შესაძლებელი