ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

ქურთი მებრძოლების განცხადებით, სირიის ხელისუფლებასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვართან გადაიყვანონ - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო მედია კი უკვე იტყობინება, რომ სირიის სამთავრობო ძალები კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებული.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მაიკ ესპერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სირიიდან დარჩენილ 1000 ჯარისკაცს გაიყვანს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ“, - განუცხადა CBS-ს ესპერმა.

მისი განცხადებით, სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის ჯარისკაცებისთვის თავდაცვა შეუძლებელი ხდება და ის ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც აშშ-ის სამხედროების ჩრდილოეთ სირიიდან გაყვანის განკარგულება გასცა.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმა გასულ კვირას დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ქურთები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ტერორისტები არიან. თავდასხმა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება გასცა.

ადამიანის უფლებადამცველი სირიული ორგანიზაცია, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჰაერო თავდასხმებმა ქალაქ რას-ალიაინში 14 ადამიანი იმსხვერპლა. თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი სულ 64 მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი.

გაეროს მონაცემებით, სახლი 130 ათასმა ადამიანმა დატოვა, ლტოლვილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ქურთი ოფიციალური პირების თქმით, ბანაკიდან, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების უახლოესი ოჯახის წევრები ჰყავდათ დაკავებული, 800-მდე ადამიანი გაიქცა. მათ შექმნილი ქაოსით ისარგებლეს და ჭიშკრების გაღება შეძლეს.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ კი პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბანაკში 249 ქალი და 700 ბავშვი იყო მოთავსებული, შექმნილი ქაოსის დროს კი სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, შესაძლოა, უკვალოდ დაიკარგონ.

ამას გარდა, ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, ციხიდან ტყვეობას თავი დააღწიეს თავად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმაც.

„თურქეთის არმიის სამიზნე რამდენიმე ციხეა, მათ შორის - ჩარკინის ციხე, რომელიც ქამიშლის დასავლეთით მდებარეობს,“ - ამბობს სირიის დემოკრატიული ძალების პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი ჰიკმატ ჰაბიბი.

მისი ინფორმაციით, ციხიდან სულ მცირე ხუთი ტერორისტი გაიქცა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ ციხეებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან მოთავსებული, თუმცა თუ ომი გაგრძელდება, იძულებულები ვიქნებით, მთელი ჩვენი ძალები სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად მივმართოთ,“ - აღნიშნა კიჰმატ ჰაბიბმა.

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

თეთრ სახლში კორონავირუსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის  საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა