ავტორი:

გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა

გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა

სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაადგინა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ სახელმწიფოს ბათიაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.

კომპენსაციები დაზარალებულებზე, ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების გამო საქართველოში მოქალაქეები ორმაგად ზარალდებიან.

AMBEBI.GE გაგახსენებთ იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ წააგო და ზიანის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყო.

ქართულ მართლმსაჯულებას, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მსხვერპლები სამივე ხელისუფლების დროს ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ყველაზე ხშირად სიცოცხლის უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს.

  • ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება 2004 წლის 8 აპრილს მიიღო. სტრასბურგმა თენგიზ ასანიძე პოლიტპატიმრად ცნო და საქართველოს კომპენსაციის სახით სოლიდური თანხის გადახდა დაავალა.

თენგიზ ასანიძე, ფოტო: "ბათუმელები"

სასამართლომ დაადგინა, რომ ასანიძის მიმართ დაირღვა პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს 150 000 ევროს გადახდა ევალებოდა, თუმცა წლების შემდეგ, ვადაგადაცილებისთვის დარიცხული საპოცენტო განაკვეთის გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ყოფილმა პოლიტპატიმარმა კომპენსაციის სახით 340 000 ევრო მიიღო.

ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე ძმასთან, ხელვაჩაურის ყოფილ გამგებელ თამაზ ასანიძესთან ერთად 1993 წლის 4 ოქტომბერს აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში დააპატიმრეს. მათ ასლან აბაშიძეზე თავდასხმა ედებოდათ ბრალად. ძმებს თავდასხმის ბრალდება არ დაუდასტურდათ, თუმცა მათზე ანგარიშსწორება სხვა, ეკონომიკური დანაშაულის მოტივით დაიწყო. თამაზ ასანიძე გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი, პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომით შეუცვალეს. სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, სამუდამო პატიმრობაში მყოფი თამაზ ასანიძე ციხიდან მომაკვდავი გამოვიდა და გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება თენგიზ ასანიძეს, ის 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა, თუმცა შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება აჭარის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა.

საბოლოოდ, თენგიზ ასანიძეს ძმისგან განსხვავებით გაუმართლა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოუსწრო. 90-იან წლებში მართლმსაჯულების სისტემის ფაქტობრივი არარსებობის გამო, კლანურ მმართველობასთან დაპირისპირებამ ერთი ძმის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მეორე გადარჩა და ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა.

  • მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ

ე.წ. კანონიერი ქურდის ნიკო მახარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე 2012 წლის 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მახარაძის მიმართ, საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და 34-ე მუხლი (ინდივიდუალური განაცხადი). როგორც ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე AMBEBI.GE-ს უამბობს, სახელმწიფომ მახარაძის მეუღლეს, დალი სიხარულიძეს კომპენსაციის სახით 10 000 ევრო გადაუხადა.

"უზენაესმა განუხილველად დატოვა ჩვენი სარჩელი და მივმართეთ სტრასბურგს. თავად მახარაძემ შეიტანა სარჩელი სტრასბურგში. დაახლოებით რვა წლის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან. დადგინდა, რომ იყო არასათანადო მოპყრობა, რომ ბრალი იყო დაუსაბუთებელი და მთლიანობაში თქვა, რომ იურიპუდენციაში გჭირდებათ განათლება და კანონის მართებულად წარმოდგენაო.

წარმოიდგინეთ, ე.წ კანონიერ ქურდზე რომ ეს რეალობა დადგა, სახელმწიფოს მიმართ როგორი დამოკიდებულება დააფიქსირა ამით სტრასბურგმა. მახარაძე უკვე გარდაცვლილი იყო გადაწყვეტილება რომ ჩამოვიდა. ის ბოლოს მშრალ შიმშილობაზე იყო, გაუსკდა ფილტვი და სისხლჩაქცევებით მეშვიდე საპრობილეში გარდაიცვალა" - გვიყვება ადვოკატი.

ნიკო მახარაძე 2006 წლის 14 მარტს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გახორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, აბასთუმანში დააკავეს. საქმე აღიძრა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და ქურდული სამყაროს წევრობა/კანონიერი ქურდობის მუხლით. მახარაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და საქმის ადვოკატი პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

ბესიკ ქარცივაძე იხსენებს, რომ მისი დაცვის ქვეში მყოფი ამ დროისთვის უკვე იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი. აბსოლუტურად სმენადაქვეითებული, ტუბერკულოზის ბოლო სტადიით და არ ჰქონდა ცალი ფილტვი, მეორე 60%-ით ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველმა ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა ციხის ადმინისტრაციას, მეშვიდე საპყრობილის მაშინდელი დირექტორის მეგის ქარდავასგან მიიღო წერილობითი უარი პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, რამაც მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე

2007 წლის 27 მარტს, ციხის ცნობილი ბუნტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მახარაძე ისევ მეშვიდე საპყრობილეში დააბრუნეს და მოგვიანებით მას ციხის ბუნტის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.

ევროპის სასამართლოში პირველი სარჩელი უშუალოდ ნიკო მახარაძემ გაგზავნა, რომლის მთავარი მოთხოვნა მისი სიცოცხლის დაცვა იყო. სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2008 წლის ნოემბერში საქართველოს დაავალა, მახარაძე სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო.

როცა მეორე სარჩელზე "მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ", სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მახარაძე უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მახარაძე ქართული კანონმდებლობითაც კი, დაუყონებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებოდა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, იგი სისტემის მხრიდან წამებისა არადამიანური მოპყრობის მსხვეპრლი გახდა.

  • საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

"ნაციონალური" ხელისუფლების კიდევ ერთი უკანონო პატიმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილი გამომძიებელი ბათუ საღინაძე სტრასბურგის სასამართლომ 2010 წელს უდანაშაულოდ ცნო და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, ბათუ საღინაძეს გადაუხადოს 15 000 ევრო და დაუბრუნოს ის სახლი, სადაც ოჯახთან ერთად 1994 წლიდან ცხოვრობდა და საიდანაც უკანონოდ გაასახლეს. სახელმწიფომ ეს დავალება შეასრულა.

საღინაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2006 წლის მარტში აღიძრა. მას ჩვენების მისაცემად პირის იძულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება-გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. 2007 წლის თებერვალში სასამართლომ 73 წლის ბათუ საღინაძე დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც საქმის ადვოკატი ზურაბ თოდუა AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, საღინაძის მიმართ ანგარიშსწორების დაწყება ლევან კალაძის გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში.

"მოგეხსენებათ, საღინაძე ლევან კალაძის საქმის გამოძიებელი იყო. მას ჰქონდა განსხვავებული და საინტერესო ვერსია კალაძის გატაცებისა და მკვლელობის შესახებ, რომელიც არ ემთხვეოდა შს სამინისტროს ვერსიას. საღინაძე ამბობდა, რომ შეეძლო საქმის გახსნა და ჰქონდა ძალიან საინტერესო მიგნებები, რომლითაც ბევრი რამ გამოაშკარავდებოდა.

საქმის აღძვრის პარალელულად მის ოჯახზეც დაიწყეს იერიშის მიტანა - საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლეს, რომელიც მას, როგორც დევნილს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ჯერ კიდევ 1994 წელს მისცეს. ოჯახი ქუჩაში დატოვეს, რაც გააჩნდა, ყველაფერი ქუჩაში გამოუყარეს. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა კალაძის საქმეს" - გვითხრა ადვოკატმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი სარჩელის განხილვის შემდეგ, უკანონოდ ცნო მისი გამოსახლება, ხოლო მეორე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ საღინაძისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო.

  • ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ

ე.წ. კორტების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომლითაც სტრასბურგმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მიკერძოებული იყო. მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა - იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ, სტრასბურგის სასამართლოს 2007 წლის 20 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოში ეს საქმე დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა.

საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ვაზაგაშვილებისთვის ამ თანხიდან ჯერ არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ.

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი. ვაზაგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუბულოვს - 9.

ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართლდამცავების მანქანაში ჩაცხრლეს. მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად და ხელისუფლებას აკრიტიკებდა, 2015 წლის 20 იანვარს საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "კორტების საქმეზე" შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში. მათ შორის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე - მათ განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წელი შეეფარდათ.

  • გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება.

სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებდა, არაეფექტურად შეაფასა სასამართლო გამოძიების პროცესიც. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა გირგვლიანის მამის მოთხოვნა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

გირგვლიანის მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაშინდელ უფროსთან, გურამ დონაძესთან შელაპარაკებას უკავშირდება. საქმის მასალების მიხედვით, სანდრო გირგვლიანი შარდენზე მდებარე ბარში მეგობარ გოგონასთან მივიდა, სადაც მას დახვდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და რამდენიმე მაღალჩინოსანი.

გირგვლიანსა და სუფრასთან მსხდომებს შორის უსიამოვნო საუბარი შედგა, რის შემდეგაც იგი სამართალდამცველებმა ქალაქიდან გაიყვანეს. მოგვიანებით, სასტიკად ნაწამები სანდრო გირგვლიანის ცხედარი იპოვეს.

  • ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობის "მსხვერპლი" გახდა ყოფილი შს მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილიც. საქმე ეხება საკნიდან მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანის ეპიზოდს - სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 2016 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა და მას დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით, 12 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის საქმეზე. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება ნორმებს, რომლებიც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას (მე-18) და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლებას სასამართლოს მიერ.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობით აიძულებდნენ ინფორმაციის გაცემას განყენებულ საქმეებზე (ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით).

სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. რის შემდეგაც საკითხი დიდი პალატის 17 მოსამართლის შემადგენლობით იქნა განხილული. დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინსტანციამ თავის მხრივ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად იყო დარღვეული კონვენციის მე-18 მუხლი.

დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყენეს სხვა, არალეგიტიმური მიზნისთვისაც, კერძოდ, მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში, ამ დარღვევების გამო, სტრასბურგის დავალებით სახელმწიფომ მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა