ავტორი:

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციების აღმართვა გრძელდება.

აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყების შეფასებით, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - ამბობენ უწყებაში.

მათივე თქმით, სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPРM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია.

საოკუპაციო ძალების ქმედებებს, ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრა უძღოდა წინ. თითქმის 5-თვიან იზოლაციაში მყოფი სასოწარკვეთილი მოსახლეობა, მათ შორის, ოსური ოჯახები, ბიბილოვს გზის გახსნის აუცილებლობაზე ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რომ მათთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რა დროსაც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გზა გაიხსნებოდა, თუ ქართული მხარე ჩორჩანას საგუშაგოს აიღებდა.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, რომელიც ორ წელზე მეტია ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მძევალია, ბიბილოვი ადგილობრივებს აიძულებს პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილი გაუგზავნონ, რომელშიც ჩორჩანას საგუშაგოს აღება უნდა მოითხოვონ იმისთვის, რათა გადაადგილების უფლება მიიღონ.

ერთ-ერთი ახალგორელი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება, მაგრამ უმძიმესი პირობების მიუხედავად, ბიბილოვის ულტიმატუმს არ თანხმდებიან.

"დილის გათენება არ გვინდა, რადგან უკვე აღარ ვიცით, რა გველოდება წინ, რით ვიკვებოთ, თუ მედიკამენტი დაგვჭირდა, რა უნდა გავაკეთოთ. ამდენ ვალს და ნისიას ოდესმე გავისტუმრებთ თუ არა, არც ეგ ვიცით, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ბიბილოვის ხალხის მოთხოვნას არ შევასრულებთ. ქვეყნის სიყვარული შეუცვლელია. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვითმენთ, სანამდე შევძლებთ, არ ვიცით!" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის რაიონსა და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ქართულ, ოსურ და ზოგადად, ყველა მედიასთან მუდმივად საუბრობს და ასევე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ამბობს, რომ "ხელმძღვანელობა" ბოლო ხანებში ყველა გზას იყენებს იმისთვის, რომ მას რაიონი დაატოვებინოს.

"17 იანვარს ცხინვალში უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ განიხილა პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომელიც ჩემს გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებოდა. ცილისწამების ბრალდებაში პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - ბრალდება მომიხსნა, მაგრამ პასპორტთან დაკავშირებულ პირველ ინსტანციაში განსახილველად დააბრუნა. სასამართლოზე იყო მინიშნება ჩემი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საკითხის დაყენებაზე - ეს იყო მიზეზიც ჩემი დაპატიმრებისა.

ხელისუფლება დუმს, მათთვის, როგორც ბიბილოვისთვის, მიუღებელი ვარ, რადგან მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით დისკომფორტს ვუქმნი. ამ ტექსტს რომ იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა, ჩემი მშობლიური რაიონიდან გამოძევების რეალური საფრთხის წინაშე ვარ. მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ, რომ სხვისი უფლებების დაცვისთვის ვისჯები. მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ - ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!", - ამბობს თამარ მეარაყაშვილი.

რუსი ჯარისკაცები ჩორჩანასთან ძველით ახალი წლიდან გააქტიურდნენ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა. პირველად ფოტო-მასალა ჩორჩანას მიმდებარე ტყეში ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელდა.

ოკუპანტებმა 85 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა