ავტორი:

"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!

საქართველოს ყველაზე პოპულარული, ერთადერთი საერთაშორისო კულინარიული პროექტი „მასტერშეფი“ მეორე სეზონით ბრუნდება. შოუს პირველივე სეზონმა ქართველი მაყურებლის დიდი სიყვარული და ინტერესი დაიმსახურა, მეორე სეზონამდე კი რამდენიმე დღეღა რჩება.

მრავალფეროვანი კერძები, ახალი მონაწილეები ახალი იდეებით, გასტრონომიული მოგზაურობა და „გემოებით თამაში“ - „მასტერშეფის“ გუნდი ახალ სეზონს გაორმაგებული ძალებითა და დიდი ენთუზიაზმით იწყებს.

უცვლელია ჟიურის შემადგენლობა, თუმცა შეიცვალა გადაცემის ეთერში გასვლის დრო. ამჯერად ერთგული მაყურებელი „მასტერშეფს“ ყოველ კვირას, 22:00 საათზე იხილავს.

როგორ მიმდინარეობს კასტინგები და რას უნდა ელოდოს მაყურებელი „მასტერშეფის“ მეორე სეზონში - ამის შესახებ ჟიურის წევრები: ლევან კობიაშვილი, კონსტანტინე თედელური და ლუკა ნაჭყებია AMBEBI.GE-ს მკითხველს მოუყვებიან.

ლევან კობიაშვილი: "აშკარაა, რომ პირველი სეზონის შემდეგ „მასტერშეფისადმი“ მეტი ინტერესი გაჩნდა, გაცილებით მეტმა კონკურსანტმა შემოიტანა განაცხადი. რაც მთავარია, საშუალო დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველ სეზონში იყო. კონკურსანტები უფრო მონდომებულები, კრეატიულები და რისკიანები არიან.

ეტყობათ, რომ პირველი სეზონი ნანახი და კარგად გააზრებული აქვთ. იციან წესები - რას ვითხოვდით, რას ვაფასებდით უფრო მეტად; ზუსტად იციან, რისი კეთება უნდათ, რას უნდა ელოდონ ჩვენგან და რით უნდა გაგვაკვირვონ.

კარგი ის არის, რომ თანაბარი დონის კონკურსანტები არიან და კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება. ეს ჟიურიზეც აისახება. თუკი პირველ სეზონზე შედარებით რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით".

კონსტანტინე თედელური: "წინა სეზონი მაინც პირველი იყო და ბევრმა თავი შეიკავა მონაწილეობის მიღებისგან, შეეშინდა ჟიურის, მაყურებლის, „თავის გაბანძების“, მაგრამ რომ ნახეს შოუ და მიხვდნენ, რომ მაგარია და უნდა გარისკონ, მოვიდნენ.

კასტინგებზევე გამოჩნდა, რომ პირველი და მეორე სეზონის კონკურსანტებს შორის განსხვავება აშკარაა. კონკურსანტების დიდმა ნაწილმა ჩამოყალიბებული და ტექნიკურად სწორად დამუშავებული კერძები მოიტანა.

ის შენიშვნები, რომლებიც პირველ სეზონზე იყო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ახალმა კონკურსანტებმა, თუ უნდათ, რომ ამ შოუში რამე გამოუვიდეთ, რადგან ჟიურის წევრები უფრო მკაცრები და მომთხოვნები ვიქნებით.

ჩვენ ქართულ სივრცეში ვართ და ჩვენი მომხმარებელიც ქართული აუდიტორიაა, რომელიც არცთუ ისე გათამამებულია არაქართული პროდუქტებით კერძების მომზადებას. ამიტომ, ვეცდებით, ისინი ჩარჩოებიდან გამოვიყვანოთ, ქართული პროდუქტები ახლებურად წარმოვუდგინოთ.

მაგალითად, ყველასათვის ცნობილი და ხშირად გამოყენებადი პროდუქტი ბადრიჯანი რამდენიმე კუთხით დავანახოთ მაყურებელს - სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფაქტურით, რომ მისი გემო „ათამაშონ“ სხვადასხვა კერძსა თუ დესერტში. ასე რომ, „მასტერშეფის“ მეორე სეზონზე დიასახლისები, მოყვარული კულინარები, მათი მენიუს განახლებას უნდა ელოდონ.

ლუკა ნაჭყებია: "მთავარი განსხვავება პირველ და მეორე სეზონს შორის ისაა, რომ ლიდერი საერთოდ არ იკვეთება. თუ წინა სეზონზე რაღაც მოლოდინები გვქონდა ჟიურის, თუ ვის შეიძლებოდა გაემარჯვა, ახლა წარმოდგენა არ გვაქვს.

კრეატიულობა, გამბედაობა უფრო მეტია, მსოფლმხედველებაც უფრო ჩამოყალიბებული, ემოციურადაც უფრო მზად არიან იმ წნეხისთვის, რაც ამ შოუს თან ახლავს. ახალი კონკურსანტებიდან ზოგიერთმა შეიძლება წინა სეზონის მონაწილეები მოაგონონ მაყურებელს. ზოგი იასავით თამამია, ზოგი მანჯივით ჯიგრულ კერძებს ამზადებს. ასე რომ, ნოსტალგიებიც იქნება ნამდვილად.

ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ახალ სეზონზე ისეთი კონკურსანტები გვყავს, რომლებიც ძალიან „პირად“ კერძებს ამზადებენ, ანუ მათი თითოეული კერძი ძალიან კარგად ასახავს მათს პიროვნებას, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ცუდი კერძებიც. ერთი-ორი ისეთი იყო, გახსენებაც არ მინდა. ნახავს მაყურებელი და თავად მიხვდება.

რაკი მეორე სეზონია, ყველაფერი გაორმაგებული იქნება - გაორმაგებული სტრესი, გაორმაგებული ზეწოლა, გაორმაგებული მოთხოვნა, გაორმაგებული ხარისხი. ეგეთი ბრძოლა, როგორიც ახლა იქნება, პირველ სეზონზე ნამდვილად არ ყოფილა. ასე რომ, მაყურებელს საოცარი სანახაობა ელოდება".

შეგახსენებთ, „მასტერშეფის“ მეორე სეზონი კვირას, 27 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"ორივე ფილტვზე მაქვს ანთება" - გოგოლა კალანდაძე კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელოდება