ავტორი:

რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

26 ოქტომბერს, შაბათს, 10 საათზე „პირველი არხის“ ეთერში საერთაშორისო მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ მეორე სეზონი ბრუნდება.

ჟიური მაყურებელთან ერთად, კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც "ევროვიზიაზე" გასამგზავრებელ საგზურს მიიღებს. როგორს ჟიურის წევრი, „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე და ევროვიზიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თიკო ბერძენიშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს, მომღერალს, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება, წელს სიმღერას „პირველი არხის“ საპროდიუსერო ჯგუფი შეუქმნის და იზრუნებენ სცენოგრაფიაზეც.

"ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ მომღერალს და არა სიმღერას. სიმღერას პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფი („აკუსტიკა“ და „რანინა“) შექმნის და ასევე იმ ყველაფერს, რაც კონკურსანტს იქ წარსადგენად სჭირდება“ - აღნიშნავს თიკო ბერძენიშვილი.

- შარშან კონკურსში გამოცდილ მომღერლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალბედა მუსიკოსებთან ერთად. ამ სეზონზეც ასე იქნება?

- ჩვენ ვართ საერთაშორისო კონკურსი და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თავიდან მომღერლის, მუსიკოსის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკურსში და ამის შემდგომ მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

მოკლედ, კონკურსი დემოკრატიულია და ყველას შეუძლია მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენი მეგაშოუ არჩევს „საქართველოს ვარსკვლავს“ და „ევროვიზიის“ კონკურსანტს კონკურსის წესით. შარშან უფრო მეტმა გამოცდილმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც, რამდენიმე სხვა პროექტის გამარჯვებული.

- 26 ოქტომბერს რას იხილავს მაყურებელი?

- იქნება პირველი კასტინგი და 11 ნოემბრამდე, ყოველ შაბათს, ვაჩვენებთ საუკეთესო ათეულამდე როგორ მივედით. ამ სეზონზეც ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და სულ ვამბობ, რომ საიდან ამხელა უშრეტი წყარო ნიჭიერების მუსიკოსებსა და მომღერლებში, მაგრამ ფაქტია, რომ არის.

ის ინოვაციური მეთოდი, რომელიც გასულ სეზონზე დავნერგეთ და რაც „ფეისბუქის“ საშუალებით კონკურსანტებისთვის ხმების უფასოდ მიცემაა, ისევ ძალაშია. ოღონდ, წელს 6 საათში ერთხელ იქნება შესაძლებელი. ეს მომხმარებელზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, გამოკითხვის შედეგად.

ყველაფერი კი მეტი დემოკრატიულობისა ობიექტურობისთვის (როგორც „ევროვიზიის“ პრინციპია, 20 სმს და 20 ზარი დღეში).

- ჟიურის შემადგენლობაშიც ცვლილებაა, ხომ?

- კი, მცირედი ცვლილება გვაქვს, თუმცა კონცეფცია იგივეა. ჟიურიში ვიხილავთ პროფესიონალ მუსიკოსს, დიდი გამოცდილების ადამიანს, დათო ევგენიძეს, რომელსაც სხვა კონკურსებში ჟიურის წევრობის გამოცდილება აქვს, ის ასევე „პირველი არხის“ მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელია და ძალიან ლოგიკურია, რომ ჟიურიში დათო ევგენიძე იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ პროფესიონალ და პოპულარულ პიანისტს დათუმა ალადაშვილს, ჩვენი პროექტის „რანინას“ წამყვანს.

- „ევროვიზიის“ მიმართულებით, რაიმე ახალი მოთხოვნა ხომ არ არის?

- ჩვენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულები ვართ, კონკურსის სახით ავარჩიოთ მონაწილე. „საქართველოს ვარსკვლავამდე“ სხვადასხვა მცდელობა ყოფილა, მაგრამ კონკურსი რთული რამაა, რომ საბოლოო ჯამში ყველა შეჯერდეს, მით უმეტეს, რომ ამდენი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი გვყავს, თუმცა „პირველი არხი“ თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროექტი გამჭვირვალე იყოს, ძალიან ობიექტური, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ავირჩიოთ გამარჯვებული, სხვა მიზანი არ გვაქვს.

დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ჟიურის ახალი წევრი:

- ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში ჩემს საყვარელ „პირველ არხზე“. ავარჩიეთ ათეული, რომელიც ფაქტობრივად გარანტიაა იმის, რომ ვინც არ უნდა გახდეს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, ყველა ღირსეული იქნება.

რაც შეეხება თავად პროცესს, არაჩვეულებრივია, ადამიანები, რომლებიც კამერებს მიღმა მუშაობენ, მათგან სრული გარანტია გვაქვს, რომ „პირველი არხის“ მაყურებელს 26 ოქტომბრიდან მუსიკალური დღესასწაული ელოდება.

- როგორც ჟიურის წევრი, როგორი შემფასებელი იქნებით?

- საერთოდ კეთილგანწყობილი ვარ ნებისმიერი კონკურსანტის მიმართ, ვარ თუ არა ჟიურის წევრი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, განათლება, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცებზე თვალი დავხუჭო... კონკურსის წესებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვეძებთ ახალ ხმას, ახალ არტისტს.

მოკლედ, ძალიან ობიექტური, მაგრამ სუბიექტურიც იმისთვის, რომ ავარჩიოთ ნამდვილად ხარისხიანი ახალი არტისტი, ვარსკვლავი, რომელიც თავის სათქმელს იტყვის.

რაც მთავარია, ამას ძალიან მარტივად ვაკეთებთ, რადგანაც იმდენად კარგი თაობაა, იმდენად კარგი ნაკადია ყოველწლიურად, რომ ეს გაძლევს საშუალებას, იყო ბედნიერი და მშვიდად ჟიურის ამპლუაში.

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის