ავტორი:

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

ნუცა სურგულაძე „მასტერშეფში“ პირდაპირ საფრანგეთიდან მოხვდა. სასწავლებლად ევროპაში 16 წლის ასაკში წავიდა. მამას იმედი ჰქონდა, რომ მომავალში პროფესიად ჟურნალისტიკას აირჩევდა, მაგრამ ნუცამ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აისრულოს და მსოფლიოში პოპულარული შეფი გახდეს. მის ქართულ რესტორანს საფრანგეთში მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდეს, თბილისში კი ყველაზე დიდი სანაყინეს მფლობელი გახდეს.

თუმცა იქამდე ჯერ დიდი გზაა, 20 წლის გოგონას წინ საქართველოში ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუ ელოდება, შემდეგ იტალია და სწავლა ნაყინის უნივერსიტეტში.

- მე ვარ ნუცა სურგულაძე, 20 წლის, დამწყები მზარეული. განათლება მივიღე საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში, სადაც სამი წელი ვსწავლობდი. პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას მიშლენის ვასრკვლავის მქონე სხვადასხვა რესტორანში. საფრანგეთში სასწავლებლად პირველად 16 წლის ასაკში მოვხვდი. ფრანგ ოჯახთან ერთად, ნორმანდიაში ვცხოვრობდი. გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა, დღესაც ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ორი წლის შემდეგ კულინარიულ სასწავლებელში ჩავირიცხე. სტაჟირებისთვის ახლოს მდებარე ქალაქი ბორდო ავირჩიე, სადაც ცნობილი შეფის გორდონ რემზის რესტორანი იყო. სივის მიტანიდან სამ დღეში დამირეკეს, მითხრეს, რომ დაინტერესდნენ ჩემით და შეფთან უნდა მივსულიყავი გასაუბრებაზე. 5 თვე გავდიოდი სტაჟირებას და ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

- როგორი სამუშაო გარემო დაგხვდა ფრანგულ რესტონაში.

- ძალიან დატვირთულები ვიყავით - დილის რვა საათიდან ღამის 12 საათამდე გვიწევდა მუშაობა. 2 საათი ვისვენებდით შუალედში. ფიზიკურადაც ძალიან ძნელია ამის გაძლება. ცხელოდა, ხელი გეჭრებოდა, გეწვებოდა, მაგრამ, მე არ მიქმნიდა ეს პრობლემას. 40 კაც მზარეულში ერთადერთი გოგო ვიყავი. სხვა გოგონები, ვინც მოდიოდნენ, რამდენიმე დღეზე მეტს ვერ ძლებდნენ და შემდეგ საკონდიტროში მიდიოდნენ. ვზიდავდი დიდ ქვაბებს, ღორის ათკილოიან თავებს. იქ არ აინტერესებდათ ქალი, კაცი, არავინ მეხმარებოდა - სამზარეულოში ყველა თანასწორია. ბოლო სამსახურში, სადაც ვმუშაობდი, ხუთი საფეხურით მაღლა ამწიეს. ყველა გაგიჟებული იყო ჩემი წარმატებით, შეფიც ძალიან კმაყოფილი იყო. საქართველოში ახლა ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, მერე იტალიაში მივდივარ, სადაც ნაყინის უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო. შემდეგ მინდა სხვადასხვა რესტორანში ვიმუშაო, ცნობილი შეფია მასიმო ბოტურა, ძალიან მინდა მასთან მოხვედრა.

- კულინარიით შენს გატაცებაში ოჯახს რა წვლილი მიუძღვის?

- არანაირი, ჩემთან ოჯახის წევრები კერძებს არ ამზადებენ. არც ბებიებს აქვთ რაიმე განსაკუთრებული ოჯახური რეცეპტები. დედას მე ვასწავლი კულინარიას. ოჯახში ტრადიციული ვახშმები არ გვქონია. ძირითადად, მზა კერძებს ვყიდულობდით ან გარეთ მივირთმევდით, ასევე დამხმარე ქალი ამზადებდა. მე ბავშვობიდან ტელევიზორში ვუყურებდი კულინარიულ გადაცემებს და ჩემით ვამზადებდი რაღაცებს. 16 წლის ასაკში ვთქვი, რომ შეფი გავხდებოდი. ოჯახი ახლა უკვე პოზიტიურად უყურებს ჩემს პროფესიას, თუმცა მამას უნდოდა, რომ პროფესიად ჟურნალისტიკა ამერჩია. მამა, ვატო სურგულაძე პროფესიით ექიმია, ენდოკრინოლოგია და კავკასიის უნივერსიტეტში დეკანი. დედას, ნინა პერტენევას თავისი პიარკომპანია აქვს. ასევე მყავს 21 წლის და, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტში და 17 წლის ძმა, სკოლის მოსწავლე.

- შენი მთავარი კულინარიული მიზანი რა არის?

- მსურს საფრანგეთში გავხსნა ქართული რესტორანი, რომელიც მიიღებს მიშლენის ვარსკვლავს და ეს ქართული კერძების დამსახურებით მოხდეს. დღემდე ეს ვარსკვლავი არცერთ ქართულ რესტორნას არ აქვს. რაც შეეხება „მასტერშეფს“, რატომღაც ცუდ კომენტარებს ველოდი და ნეგატივისთვის ვიყავი მზად, მაგრამ პირიქით მოხდა, ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ხალხისგან. მადლობა მათ, რომ მხარს მიჭერენ.

- მამაკაცი თუ მოგიხიბლავს შენი მომზადებული კერძით?

- იმდენად ბევრს ვმუშაობ, რომ სახლში ან გარეთ არ ვამზადებ კერძებს. სამსახურში თუ კარგად გამომივიდა, გარშემო მყოფი მამაკაცები შემაქებენ ხოლმე, მაგრამ ისინიც კულინარები არიან.

- ნუცა, შენი საყვარელი კერძი რომელია და თავად რისი მომზადება გიყვარს.

- ყოველდღიურად, ისე, რომ არ მბეზრდება, შემიძლია ნაყინი ვჭამო, ძალიან მინდა დიდი სანაყინე გავხსნა საქართველოში. რაც შეეხება კერძის მომზადებას, ყველაფრის კეთება მიყვარს, რაც კულინარიას უკავშირდება, შემიძლია მთელი დღე კარტოფილი ვთალო.

- კულინარიული მოდა თუ არსებობს და ახლა რა არის მოდაში?

- რა თქმა უნდა, არსებობს, არსებობენ „სელებრითი“ შეფები, რომლებიც ტრენდებს ქმნიან კულინარიაში. ჩვენც დამწყებებს გვინდა, რომ მათ დავემსგავსოთ, მივბაძოთ. კულინარიაში უფრო მოდის დეკადებია და მოდა ყოველწლიურად არ იცვლება.

მაგალითად, საქართველოში შემოვიდა მოლეკურლური სამზარეულო, მაგრამ ეს ათი წლის წინ იყო ტრენდული მსოფლიოში. ახლა უცხოეთში გემოზეა აქცენტი, პატივი უნდა სცე გემოს, ადრე აქცენტი იყო ვიზუალზე. რაღაც ლოგიკა უნდა იყოს კერძებში და მხოლოდ სილამაზის გამო არ უნდა აფორმებდე.

- რა მოლოდინი გაქვს „მასტერშეფისგან“?

- მაქვს მოლოდინი, რომ ფინალამდე მივალ, კონკურენტები არ არიან სუსტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათთან გამკლავება შემიძლია. აი, ფინალში რა მოხდება, ამას ვნახავთ.

"სიხარულისგან მეტირება..." - ჟიურის და კონკურსანტების ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივის შემდეგ

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან