ავტორი:

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"დღე, როცა იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ, მისი ძმის დაბადების დღე იყო..." - 29 წლის სანდრო ბერაძის მეგობრის სულისშემძვრელი წერილი

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე სანდროზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს.

29 წლის ბერაძე, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული 4-დღიანი ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ჩოგოვაძე "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ წერილში წერს, სანდრო ბერაძე სენს წლების განმავლობაში ებრძოდა და ამ ბრძოლაში დამარცხდა...

"მოგიყვებით როგორი ბიჭი იყო სანდრიკა... კი ბაბ... არა ბაბ...

სანდრო პირველ იანვარს იყო დაბადებული. ხშირად მეუბნებოდა, რომ დაბადების დღე არ მაქვსო. ყველა ისედაც ქეიფობს და არავის ვახსოვარო. სანდრო ყველასი იყო და ყველასთვის იყო. ესეთი იყო ის. არანორმალურად მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი. დიდი ბავშვი იყო თვითონ და ამიტომ ყველა პატარასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ყველაზე ბედნიერი თავს მათ გარემოცვაში გრძნობდა. არამხოლოდ უყვარდა მეგობრები, თავად „მეგობრობაზე“ გიჟდებოდა. ვინც კი იცნობდით სანდროს ყველას მთელი გულით გისამძიმრებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია იცნობდე მას და გულში არ გყავდეს. ის სიცარიელე რაც მან დატოვა, წარმოუდგენელია რამემ შეავსოს.

ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო მისი აზარტული თამაშები. გახსოვთ ის პერიოდი ყოველ 100 მეტრში, აფთიაქებივით სლოტ კლუბები, რომ იყო გახსნილი. მაშინ თვითონაც პატარა იყო. დაიწყო თამაშით. არ იცოდა მაშინ სიცოცხლეს თუ ეთამაშებოდა და როცა ეს გაიაზრა მას მერე მუდმივ ბრძოლაში იყო საკუთარ თავთან. ბრძოლაში, რომელშიც დამარცხდა. დამარცხდა არა იმიტომ, რომ სუსტი იყო - მან ვეღარ გაუძლო იმას, რომ საკუთარ თავს ვერ ერეოდა.

საშინლად არ მოსწონდა ის სანდრო, რომელიც დამოკიდებული იყო აზარტზე. საგულდაგულოდ მალავდა ამას. ამ წლების განმავლობაში, რაც ვმეგობრობთ, რამდენჯერ უთხოვია ჩემთვის: „გიოს არ უთხრა ხო იცი...“ ამ ზაფხულს რაღაცეების რადიკალურად შეცვლა დაიწყო. არ ვიცოდი, ვერ მივხვდი, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა იყო. 50-ჯერ მანც აქვს ნათქვამი ვარჯიში დავიწყე და წამო შენც... „მაგრად გაგისწორდება ბაბ...“, მირეკავდა საღამოობით... გამო ლისზე ავიდეთ ვისეირნოთო.

პარალელურად, ვიცოდი, რომ ფსიქოლოგთან დადიოდა. სამსახურშიც დაბრუნდა. ბრძოლაც დაიწყო სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. „ბიზნესის“, რომელმაც საბოლოოდ სიცოცხლეზე უარი ათქმევინა. სწორედ ამ ბრძოლის ნაწილი გახადა თავისი სიკვდილიც. სადღაც ოდესღაც ნათქვამი აქვს ეს ჩემთვის. მოფიქრებული ჰქონდა როგორ შეეძლო დაემარცხებინა ის, რამაც სიცოცხლე გაუმწარა. მაშინ ეს ისეთი წარმოუდგენელი ჩანდა... თუმცა, ამაზე ცოტა ქვევით მოგიყვებით.

მეუბნებოდა რომ აღარ თამაშობდა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე ტელეფონში ჩამძვრალს რომ წავასწარი მითხრა: „არა ბაბ... 10 ლარი ხო იცი...“ თურმე უკვე ჩემთანაც მალავდა... ასე დარჩა მარტო თავის კოშმართან. რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, იმაზე უკვე მეგობრებსაც კი ვეღარ ელაპარაკებოდა.. ასე დარჩა მარტო. მარტო დარჩა სანდრო. სანდრიკა, რომლის სახეზე მუდამ ღიმილი იყო, რომელიც მუდმივად ფიქრობდა სხვებზე.

ეს არაა უბრალოდ ლამაზი სიტყვები... მართლა ესე იყო. იმდენი რამის მოყოლა შემიძლია სანდროს მაგარ ბიჭობაზე. ეს ისტორიები არც ერთმანეთს გავს და არც რამე სხვა ამბებს. მარტო სანდრიკას შეეძლო ესეთი ცხოვრება ეცხოვრა. ბოლოს მიხვდა რომ უბრალოდ ვეღარ აგრძელებდა და დახურა თავისი წიგნი. არავინ იფიქროთ, რომ სანდრომ თავის სიცოცხლე რამე კონკრეტული თანხის წაგების გამო დათმო. არც ის იფიქროთ, რომ ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი...

40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო... ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო...ამ ყველაფრის მერე რაკავს 112-ში. ეუბნება, რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში, თქვენი დედაც ვატირეო...

ამ სატელეფონო ზარის ჩანაწერი ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ სანდროს ხმაც ისმოდეს იმ ბრძოლაში, რომელიც თავად დაიწყო. ვისაც დახმარება შეგიძლიათ ამ ამბავში დაგვეხმარეთ...

შემდეგ ტელეფონს აერთებს "ფოვერბენკში". ალბათ იმისთვის მერე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით... ნამდვილად არ იცოდა.

არ შეეძლო ეს თავისი ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის, რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ, ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე, როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ - გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო

სიცოცხლე ისე უყვარდა, არავის გვჯეროდა რომ ამას გააკეთებდა. ბოლო წამამდე ვერ დავუშვი. როცა იმ არაჩვეულებრივად ლამაზ ტყეში შემხვდა წამით ცოცხალი მეგონა. ფეხზე იდგა თითქოს. ნაგავი პარკში ქონდა მოგროვებული. სათვალე, ტელეფონი კოხტად დალაგებული. ასეთი იყო სანდრო. რასაც აკეთებდა ყველაფერს გულით აკეთებდა.

ამ წერილს 2 დღეა ვწერ. უკვე აღარ მახსოვს რამდენჯერ ვიტირე, ხმამაღლა, პატარა ბავშვივით... ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე იმის გააზრება რაც სანდრომ გააკეთა, დაგეგმა და განახორციელა.

არა ბაბ... კი ბაბ... სულ ვეჩხუბებოდი, რა აიჩემე ეს ბაბ... მთელი ქალაქი ბაბულიკებს დასცინის მეთქი... ყოველთვის ერთი და იგივეს მპასუხობდა.... „არა ბაბ... ღადაობაა ბაბ...“. ამ წერილს ქუდად სანდროს ფოტოა. ლისზე... ნაპირზე დგას ჩემს დისშვილთან თამაშობს.

მეუბნებოდა, რომ საგულაოდ მე უნდა წავიყვანო პირველადო. იმდენი გეგმები ქონდა. რამდენი რამის გაკეთება უნდოდა... ბათუმში ვიყავით, როცა გაიგო რომ ჩემი დისთვის ხელი უნდა ეთხოვათ. იმ დღეს თბილისში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო - პრობაციაზე თითი უნდა დაედო. ცოცხალი თავით არ წავიდა და დარჩა. მე ამას ვერ გამოვტოვებო. პირობითი ქონდა მარიხუანას მოხმარებისთვის. ამის გამო რამდენიმე წელია არ უშვებდნენ ქვეყნიდან. ყველამ ვიცით, როგორ განიცდიდა ამ ამბავს. გამომწყვდეული იყო აქ, ჩვენთან. ყველაფრის მიუხედავად, სანდრიკამ პირადად მე არ დამიტოვა არანაირი კითხვა იმაზე, თუ რატომ გააკეთა ეს.

ზუსტად იცოდა, რაც მოყვებოდა ამ ამბავს. ნამდვილად იცოდა და თუ კიდევ ვინმე ვერ მიხვდა, რა მოხდა - ნახეთ ეს ფილმი "The life of David Gale" ცეცხლი დაანთო და თამაშიც დაამთავრა.

ის მემკვიდრეობა, რაც სანდრომ დატოვა ძალიან ადვილად დასანახია. უნდა დასრულდეს ეს განუკითხაობა რასაც აზარტული თამაშებით ადამიანების წვალება ჰქვია. უნდა დასრულდეს ადამიანების სიცოცხლით თამაში და ის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესს მილიარდები მოაქვს ქვეყნისთვის - არის გულისამრევი! აბა გაიაზრეთ ის მილიარდები, რა ფულით გროვდება.

ეს აღარაა მარტო სანდროს, ჩემი და შენი პრობლემა. კარგად დაფიქრდით და მიხვდებით რა ტრ...ც ვართ. დავდგეთ ერთად. თუ ვინმეს გონია, რომ ამ ამბავზე რაიმე სახით პოლიტიკურ ქულებს დაიწერს ან რომელიმე პოლიტიკურ გუნდს მიგვაკერებენ, ძალიან ცდება. ის აზრი, რომ პოლიტიკოსების გარეშე საქმე არ გამოვა, საკუთარი ტუალეტის კარებზე ბღაჭნეთ. თქვენი უუნარო დედა ვატირე. პასუხისმგებლობა აიღეთ ფარჩაკებო იმაზე, რომ გამოგვიმწყვდიეთ და დაგვიხრჩეთ შვილები, მეგობრები, ძმები, დები, მამები, მეზობლები. შავები ჩააცვით დედებს. რამდენი ადამიანი უნდა გამწარდეს, რომ რამე შეიცვალოს. მე ვფიქრობ, რომ საკმარისია. გვეყოფა!!!

მშვიდობით მეგობარო, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ მალე შევხვდებით!

წერილს კი სანდროს ბოლოდროინდელი საყვარელი ფრაზით დავასრულებ... რომელსაც სულ ღიმილით ამბობდა....„ნიჩევო, ნიჩევო, ომია, რას ვიზამთ...“

P.S. საპატრიარქოს გასაგონად, ბიჭი გვაზიარებინეთ. მონასტერში გავიცანით სანდრო. გთხოვთ გააზიაროთ და შემოგვიერთდეთ. დავდგეთ ერთად #სანდროსთვის #საქართველოსთვის #შენთვის #მომავლისთვის" - წერს სანდრო ბერაძის მეგობარი გიორგი ჩოგოვაძე.

"ძნელია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ერთმანეთისგან შორს ვართ..." - ბერა ცოლს ქორწინების წლისთავს "ინსტაგრამზე" ულოცავს

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

კახა კალაძის შარვალი, რომელმაც "ფეისბუქზე" მითქმა-მოთქმა გამოიწვია - "დემნა გვასალიას დაეცეს მეხი ამის გადარევისთვის"