ავტორი:

"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის

"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის

თვითნასწავლი მხატვარია, ხატვის პედაგოგი არასდროს ჰყოლია, ხატვას თავისით სწავლობდა, სულ ძიების პროცესში იყო და ახლაც ასეა. ეცნობა ლიტერატურას, კონსულტაციებს ცნობილ მხატვრებთან გადის... მისი ნამუშევრები დამთვალიერებელს მოსწონს...

ბექა ხუცურაული 7 ნოემბერს პირველ პერსონალურ გამოფენას თელავში გამართავს, რისთისაც ახლა გულმოდგინედ ემზადება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორმოცდაათამდე ნამუშევარი, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე ფირფიცარსა და მუყაოზე ტემპერით შესრულებული ნახატები.

ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენა... მანამდე კი მხატვარს AMBEBI.GE ახლოს გაგაცნობთ.

„იმის გამო, რომ ჩემი მშობლები ტექნიკური განათლებით არიან, ტრადიცია არ დავარღვიე და მეც ეს მიმართულება ავირჩიე - ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ-ტექნიკურ ფაკულტეტზე. ჩემს პროფესიას ისეთი გრძელი დასახელება აქვს, წარმოსაქმელად ძნელია და თან, არც მოკლდება (ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ნავთობგაზსაცავებისა და ნავთობგაზსადენების ექსპლოატაციის სპეციალისტი). ამ პროფესიიდან ყველაზე აქტიურად რასაც დღემდე ვიყენებ, ხაზვაა“, - გვეუბნება ბექა ხუცურალული, ადამიანი, რომელიც დღეს ხატვით სერიოზულადაა გატაცებული.

ხატვა დაახლოებით ათი წლის წინ, 28-29 წლისამ დაიწყო. მიზეზად კი რამდენიმე რამეს ასახელებს - პირველი - ბავშვობიდან უყვარდა ფერწერული, ზეთში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება, კლასიკური სტილი და ხშირად სტუმრობდა ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეას, სადაც საათობით აკვირდებოდა თითოეულ ნამუშევარს. "შემდეგი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი სახლი თბილისში, დიდი გალერეასავითაა, ცისანა და ნუნუ მარინდაშვილების ნამუშევრებითაა სავსე (ახლა უკვე ჩემებიც მიემატა). კიდევ არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, ხატვა მეც მეცადა, მაგრამ პირველი ნამუშევარი კრახით დასრულდა და ასე დიდხანს გრძელდებოდა... მხოლოდ მაშინ გამომივიდა, როცა ფერებთან „მეგობრობა“ და მათი გაცნობა დავიწყე. ყველა ფერს მისი განსაკუთრებული თვისება და ხასიათი აქვს, კარგად უნდა იცნობდე... ერთმანეთთან ვერ „მეგობრობენ“, ორი ძლიერი ფერის დასაკავშირებლად, ხშირად მესამის დახმარებაა საჭირო, ანუ „დიპლომატი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ დიდ „ომს,“ სადაც ძლიერი იმარჯვებს, არადა, ტილოზე ჰარმონია მიყვარს... მთელი ფილოსოფიაა ხატვის პროცესი, დაუსრულებელი ამოცანებითა და მათი ამოხსნით", - გვიხსნის ბექა ხუცურაული.

ასე რომ, ბავშვობაში არასდროს დაუხატავს, თუ არ ჩავთვლით, ბავშვურ, პრიმიტიულ ნახატებს, რასაც ყველა პატარა ახერხებს.

„მაგრამ რაც ხატვა დავიწყე, მას შემდეგ, ფაქტობრივად, არ გავჩერებულვარ, ვეღარც წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაიაროს დღემ, თუნდაც ერთი შტრიხი არ დავდო ტილოზე...

საწყის ეტაპზე აქტიურობისგან თავს ვიკავებდი, ახლა კი ნახატის დასრულებისთანავე მინდა, ის ყველას გავუზიარო და სოციალურ ქსელში ვათავსებ, რომ შემაფასონ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ენერგიის წყაროა. განსაკუთრებით დიდია სიხარული, როდესაც ზუსტად იმ გრძნობით კითხულობენ ნახატს, რა ჩანაფიქრითაც შევქმენი. შეიძლება უბრალო ყვავილი იყოს, მაგრამ ბევრი რამ იკითხებოდეს, ამას არ ვამხელ, მნახველი ხვდება, რაც ძალიან მახარებს“.

ბექას ნამუშვრების თემა მხოლოდ პოზიტივია... შეიძლება ფერები სევდიანიც იყოს, მწუხარეც, მაგრამ სიუჟეტი მაინც პოზიტივით სრულდება, სადღაც ეს აუცილებლად გამოჩნდება... „მაქვს ასეთი პეიზაჟი - მოღრუბლული, ნაწვიმარი, ატალახებული ქუჩებით, მაგრამ ბოლოში გახსნილი ცა მოჩანს, ნახატს „გამოიდარებს“ დავარქვი. ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ისედაც დათრგუნულია ადამიანების დიდი ნაწილი და მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა მხოლოდ სიხარული გამოიწვიოს. ამიტომ, ჭარბობს ფერადი ყვავილები, მშვიდი პეიზაჟები, მცენარეები მზით გამთბარი ფოთლებით და ა.შ. ხშირად მეუბნებიან, რომ ნახატებიდან იკითხება პოზიტივი და ბედნიერება. თუ ეს ნამდვილად შევძელი, მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ ვხატავ და ღამეების თენება ამისთვის ღირს,“ - დასძენს რესპონდენტი.

ხატავს ზეთის საღებავებით, ტილოზე. მუშაობს საუკეთესო მასალით. იყენებს ასევე კვერცხის გულზე დამზადებული საღებავებს (ტემპერა) ფირფიცარზე. პროფესიონალი ადამიანების გამოკითხვით და სპეციალური ლიტერატურით შეისწავლა ლევკასის ტექნიკა, რაც საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესია. გაეცნო ძველი ქვის ხანის კედლის მხატვრობას.

- ბექა, რამდენ ხანში ქმნი ნამუშევარს?

- ნახატი თხუთმეტ წუთშიც შემიქმნია და მასზე წელიწადზე მეტიც მიმუშავია... თუ ვჩქარობ, მხოლოდ იმიტომ, რომ მუხტი, რაც იმ წუთას არ მასვენებს, აუცილებლად მინდა, ტილოზე გადმოვიტანო, ასეთ დროს თითქოს თავისით იხატება, საოცარი შეგრძნებაა, ძნელია გადმოვცე. ეს განწყობა კი შეიძლება, ერთმა უბრალო ხემ შემიქმნას, რომელიც საღამოს მზითაა ანთებული და ჭაღივით ანათებს, რაც შესაძლოა, სულ ერთი წუთი გაგრძელდეს, მზე რომ ოდნავ ღრუბელს მოეფარება, იცვლება ყველაფერი, ამიტომ უნდა მოასწრო ნახვაც და გადმოცემაც.

ნებისმიერი ფერი უყვარს, ერთი „ჯადოსნური“ უჯრა აქვს, სადაც ორმოცდაათზე მეტი ფერი უწყვია. რომ გამოაღებს, თვალები და გონება უნათდება, შემდეგ კი გააჩნია, რა განწყობაზეა და რას ხატავს. არ უყვარს მკვეთრი, არაბუნებრივი ფერები, მათ დანახვაზე შეიძლება, საერთოდ ხატვის სურვილი გაუქრეს...

- ხატვის პარალელურად ტელევიზიაში მუშაობ. ორი საქმის ერთად კეთება არ გიჭირს?

- კი, ტელევიზიაში ვმუშაობ, ახლა უკვე „მთავარ არხზე“, ვარ პროდაქშენის მთავარი პროდუსერი. ვფიქრობ, სამსახური ბევრ რამეში მეხმარება, ნიჭიერ, შემოქმედ ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, თუ ხელოვნებით ხარ გატაცებული, ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური.

უმეტესად ღამით ვხატავ და სასიამოვნოდ ვიღლები. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, მივაღწიე იმას, რომ უკვე კარგად ვგრძნობ ფერს. ამას ვერ ისწავლი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უნარი ღმერთისგან მერგო და ბავშვობიდან მომყვება, უბრალოდ, ახლა ვისწავლე მისი სწორედ გამოყენება. ყველაფერი მაინც გულიდან მოდის, გონება მხოლოდ გახსენებაში მეხმარება... ამიტომ ღამე, ნათურის შუქზეც აღარ მიჭირს ვხატო, ამ დროს ყველაზე კომფორტულად ვარ, რადგან ჩართული მაქვს ჩუმი მუსიკა და ირგვლივ სიწყნარეა.

დღისით, როცა ხატვა ძალიან მომინდება, სამსახურში ვარ და ვცდილობ, დღის ბოლომდე უფრო გავიძლიერო სურვილი - თოვლის გუნდასავითაა, თუ ააგორებ ზვავად გადაიქცევა, თუ არადა, ხელში შემოგადნება... ორივე შემთხვევა გამომიცდია.

- 7 ნოემბერს პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადები... მოგვიყევი ამაზე...

- გამოფენა თელავში, 7 ნოემბერს გაიხსნება და 17 ნოემბრამდე შეეძლება დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თემა არ შემირჩევია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა და გადავწყვიტე, შერეული ნამუშევრები ყოფილიყო, რომ მოსაწყენი არ იყოს, თუმცა ჭარბობს შემოდგომის თემატიკა...

ხოლო თუ რატომ თელავში, გეტყვით, რომ მთელს დედამიწაზე, თელავზე ძალიან არც ერთი ქალაქი მიყვარს... იქ დავიბადე, გავიზარდე და შვიდი წელი კულტურის სამსახურში ვიმუშავე. გამოფენის თელავში მოწყობის მიზეზი მშობლიური ქალაქის დიდი სიყვარულია, სწორედ იქ მინდოდა, პირველი გამოფენაც მომეწყო. ძალიან მიხარია, რომ ეს 7 ნოემბერს ხდება, რადგან ჩვენი დიდი მეფის დაბადების დღეა და თელავში ერეკლეობა აღინიშნება. მუზეუმის თანამშრომლების თხოვნით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, გამოფენა ამ თარიღს დამთხვეოდა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუზეუმის დირექტორს, ბატონ გურამ ურჩუხიშვილს და იდეის ავტორს, ქალბატონ მაია აფციაურს. ასევე მადლობელი ვარ ყველა თანამშრომლის, რომელიც ჩართულია ჩემი გამოფენის წარმატებით განხორცილებაში.

საბოლოოდ კი ვიტყვი იმას, რომ როგორც წყალი, ჰაერი ასეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის ხატვა. ხატვის პროცესი საუკეთესო საშუალებაა, მოწყდე ყოველდღიურობას, შეიქმნა შენი სამყარო და წელიწადის ნებისმიერ დროს ააყვავო ყვავილები, დაამწიფო ხილი, ააღელვო ზღვა, გადაპენტო მთები, აახმაურო მდინარეები... ფერებში კი შეუზღუდავი ხარ - წარმოიდგინეთ როგორი საინტერესოა? არ მაქვს ჩარჩოები და ეს დიდი თავისუფლების შეგრძნებაა ჩემს სამყაროში... ვცდილობ, ეს ყველა კონტურში ჩანდეს, რაც თავისუფლებაა!

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- სურვილი მაქვს, მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი ნახატები. ვაპირებ გაზაფხულზე თბილისშიც მოვაწყო პერსონალური გამოფენა, არის შემოთავაზებები სხვა დიდი ქალაქებიდან, თუმცა ვნახოთ... შემდეგი გეგმა კი ის იქნება, რომ გავცდე ქვეყნის ფარგლებსაც...

ბექას ოცნებაა, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, მაღალი ფანჯრებით და სინათლით სავსე, რომელსაც კარგი მუსიკალური აპარატურა ექნება. ეს ყველაფრი კი იმისთვის, რომ შექმნას ხარისხიანი მასალა.

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა