ავტორი:

როგორ სჯიან "ხალხის მტრებს" ჩეჩნეთში - რამზან კადიროვი განსხვავებული აზრის ადამიანებს დახოცვით ემუქრება

როგორ სჯიან "ხალხის მტრებს" ჩეჩნეთში - რამზან კადიროვი განსხვავებული აზრის ადამიანებს დახოცვით ემუქრება

"დავხოცოთ, დავაპატიმროთ, დავემუქროთ!..." - ასეთია მუქარის ტექსტი, რომლითაც ჩეჩნეთის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე იმ ადამიანებს მიმართა, ვინც ინტერნეტს "ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულებით" იყენებს - შეურაცხმყოფელი და უღირსი გამოსვლები აქვს. რამზან კადიროვმა მის ხელქვეითებს დაავალა თვალყური მიედევნებინათ და მკაცრად დაესაჯათ ისინი, ვინც სოციალურ მედიაში "ჭორებს" ავრცელებს. კადიროვს მიაჩნია, რომ ისინი ჩეჩნეთისა და მისი მოსახლეობის ღირსებას შეურაცხყოფენ და სხვაგვარად მათი შეჩერება შეუძლებელია.

როგორც kavkaz-uzel.eu წერს, კადიროვის მუქარა ეხება იმ პირებსაც, ვინც ტელევიზიითა და ინტერნეტით "უარყოფით" ინფორმაციას ავრცელებს, რასაც შემდეგ სოციალურ ქსელში განიხილავენ, ეს კი თავისთავად იწვევს კრიტიკულ განწყობებს.

"ამიერიდან ყველა მსგავსი შემთხვევა მკაცრად უნდა დაისაჯოს, რადგან ისინი ხალხის მტრები არიან და ამ შემთხვევაში წყალსაც წაუღია რაღაც მსოფლიო კანონები, რასაც თავს გვახვევენ. ალაჰს და წმინდა ყურანს ვფიცავარ, არ ვაპირებ ღირსების შემლახველი და დამამცირებელი გამოსვლები ვინმეს ვაპატიო, ვინც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

კადიროვის ბოლოდროინდელ გამკაცრებულ ბრძანებებს თავისი მიზეზი აქვს - უახლოესი გარემოცვის წევრებმა მას არაერთხელ გაუცრუეს იმედები. თუმცა, "კადიროვცების" ძალისხმევით, ადგილობრივ ტელევიზია Грозный-ში დღეში ორჯერ მათ "საბოდიშო გამოსვლები" უწევთ, რომლის ადრესატი კადიროვია.

novayagazeta.ru-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ბოდიში საჯაროდ მოიხადა გროზნოს ყოფილი მერმა, ისლამ კადიროვმა რომლის მონაწილეობითაც ინტერნეტში სკანდალური ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ის ერთ-ერთ ადგილობრივ ქალს ელექტროშოკით უსწორდება.

"ავტოავარიის შემდეგ, 29-ჯერ მომიწია ნარკოზის გაკეთება, რის გამოც გარკვეულ სიტუაციებში არაადეკვატური ვარ, არადა, მეგონა, რომ ასე ხალხს დავეხმარებოდი. 100%-ით დამნაშავე ვარ და მზად ვარ, ნებისმიერი სასჯელისთვის", - ამბობს კადიროვი თავის საბოდიშო გამოსვლაში.

ისლამ კადიროვის გარდა, ბოდიშს იხდიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები. ისინიც, ვისი ოჯახის წევრმაც, კადიროვის პოლიტიკა არ გაიზიარა, თუმცა ქვეყნის დატოვება მოახერხა. თუმცა, ეს კადიროვისთვის საკმარისი არ არის და ცხოვრების წესებსა და კანონებს კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს.

"ნადირობის ახალი სეზონი გახსნილია", - წერენ სოციალურ ქსელებში ადგილობრივები ანონიმური სახელებით და რეპრესიების ახალი ტაღლის დაწყებაზე საუბრობენ.

რუსული მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერს დმიტრი პესკოვს ჰკითხეს, თუ როგორ შეაფასებდა ის ჩეჩნეთის ლიდერის პირდაპირ მუქარას. პესკოვმა განაცხადა, რომ მას არ მოუსმენია ჩეჩნეთის ლიდერის განცხადება და შესაბამისად, პასუხი არ აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოქმდებს თუ არა ჩეჩნეთში ისეთივე კანონმდებლობა, როგორიც დანარჩენ რუსეთში, თუ მათ განსაკუთრებული, ადგილობრივ რეალობას მორგებული კანონები აქვთ, პესკოვი პასუხობს: "ჩეჩნეთში ახლა ისეთივე ვითარებაა, როგორიც რუსეთის დანარჩენ რეგიონებში და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს".

მოგვიანებით პესკოვმა განაცხადა, რომ ამ თემის განხილვა კრემლში არ იგეგმება, რადგან BBC-ის რუსული სამსახურის თანამშრომელმა ჩეჩნური ენის ცუდად ცოდნის გამო, კადიროვის სიტყვებს "არასწორი ინტერპრეტაცია" მისცა.

"წამების საწინააღმდეეგო კომიტეტის" ჩრდილოკავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი პისკუნოვი dw.com-სთან ინტერვიუში, ჩეჩეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, რამზან კადიროვი არის ადამიანი, რომლის დაკითხვა გამომძიებლებსაც კი არ შეუძლიათ.

"არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კადიროვი, მისი და პუტინის აუგად მოხსენიებისთვის, სასტიკად გაუსწორდა ადამიანებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბლოგერი ადამ დიკაევი, რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წელს მოუხადა ბოდიში კადიროვს. უფრო ადრე, მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ჩეჩნეთის ლიდერს, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე რუსი რეპერის, ტიმოტის სიმღერის - "ჩემი საუკეთესო მეგობარია პრეზიდენტი პუტინი" გაზიარებისთვის მწვავედ აკრიტიკებდა. "15 წლის წინ, პუტინმა აქ ომი დაიწყო და ის შენი საუკეთესო მეგობარია?" - კითხულობდა ბლოგერი ვიდეოში.

ვიდეოს გავრცელებიდან მალევე ბლოგერი ერთ-ერთ სპორტადარბაზში გააშიშვლეს. რამდენიმე დღეში, მან კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჰყვებოდა, რომ "როდესაც გააშიშვლეს, მიხვდა, რომ არავინ იყო და იმ დროიდან პუტინი მისი მამა, ბაბუა და მეფე გახდა". შემდეგ კი ტიმოტის სიმღერა თავადაც შეასრულა", - ამბობს პისკუნოვი, რომლის შეფასებითაც, ის, რომ ჩეჩნეთში რუსეთის კანონები არ ვრცელდება, ამის მიზეზი კადიროვსა და პუტინს შორის შეთანხმებაა.

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

რუს პროფესორს, რომელმაც 24 წლის საყვარელი მოკლა, ცოლი საუკეთესო ადვოკატს დაუქირავებს

"ფეხმძიმე შაჰიდი ქალები შედიოდნენ და თავს იფეთქებდნენ... აქ სულ საომარ რეჟიმში ვართ" - როგორ ცხოვრობენ ქართველი ებრაელები ისრაელის ყველაზე საშიშ ადგილებში