ავტორი:

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ - საერთაშორისო გამომძიებლების განცხადება

საერთაშორისო გამომძიებლები, რომლებიც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის MH17-ის ჩამოგდების საქმეს იძიებენ, აცხადებენ, რომ სეპარატისტებს, რომლებიც აღნიშნული თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები, რუსი მაღალჩინოსნები მართავდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

ჰოლანდიაში შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო გუნდი ინციდენტში რუსეთს პირდაპირ არ ადანაშაულებს, თუმცა ირწმუნება, რომ არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პირიდან ორს რუს მაღალჩინოსნებთან ჰქონდათ კავშირი.

ეს მაღალჩინოსნები, კი გამომძიებლების მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და ოკუპირებული ყირიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებულ ჩანაწერში MH17-ის შესახებ საუბარი არაა, გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ რუსმა მაღალჩინოსნებმა კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა ადგილზე და თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სამხედრო საქმეებზე ზეგავლენას ახორციელებდნენ.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიების მიზანი „საერთაშორისო საზოგადოების თვალში რუსეთის დისკრედიტირებაა.“

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. საერთაშორისო გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ რაკეტა, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რუსეთში მდებარე კურსკის 53-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადას ეკუთვნოდა.

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ვინ არის 31 წლის ყოფილი მოდელი, რომელსაც ტრამპზე გავლენა აქვს - თეთრი სახლის ლამაზმანის პოლიტიკური და სასიყვარულო ვნებები

უხანში კორონავირუსით საავადმყოფოს დირექტორი გარდაიცვალა - რა ხდება ვირუსის აფეთქების ზონაში