ბრიტანეთის ჰარტფორდშირის საგრაფოში კატებისთვის ფეშენებელური სასტუმრო გახსნეს, წერს The Daily Mail. სასტუმროში ერთი დღის გატარება 15-დან 19-მდე გირვანქა სტერლინგი ღირს, ხოლო სპეციალურ საკვებზე კატის მფლობელს დამატებითი ხარჯების გაღება უხდება (3,5 გირვანქა სტერლინგი დღეში).
სასტუმროს მფლობელთა თქმით, კატებისთვის მათ მომსახურების ფართო სპექტრი და კომფორტული ნომრები აქვთ. ცალკეულ ნომრებში სპეციალური საწოლები და ხალიჩებია, არის ასევე პატარა სათამაშო სახლები. ოთახების ფანჯრები მწვანე ბაღს გადაჰყურებს, სადაც კატების გასართობად ჩიტებიანი გალიებია. ჩიტების გარდა კატების გასართობი პროგრამა მუსიკასაც ითვალისწინებს - ძირითადად ეს არის კლასიკა და ჯაზი.
კატებს სასტუმრო სხვადასხვა პროცედურებს სთავაზობს, მაგალითად მასაჟი, მანიკური და მზის აბაზანების მიღება. რაც შეეხება კვებას, კატის მფლობელს, რომელიც თავის შინაურ ცხოველს დასასვენებლად ამ სასტუმროში გაგზავნის, შეუძლია აირჩიოს როგორც სტანდარტული, ასევე სპეციალურად მისი კატისთვის შერჩეული მენიუ.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კატები ისეთივე მოპყრობას იმსახურებენ, როგორსაც მათი მფლობელები, რომლებიც შვებულებაში გასვლის დროს მათ შინაურ ცხოველებზე ზრუნვას ჩვენ გვანდობენ", - აცხადებს სასტუმროს მეპატრონე.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებისთვის სასტუმროები ძალიან იშვიათად იხსნება, თავად შინაური ცხოველების კომფორტულად დასვენების იდეა, ახალი არაა. ფეშენებელური სასტუმროები ცხოველებისთვის არსებობს აშშ-სა და იაპონიაში. უახლოეს მომავალში აშშ-ში ცხოველებისთვის მთელ კურორტს ააშენებენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.