ავტორი:

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, მომავალი დიპლომატი, ამ ეტაპზე სტაჟირებას ამერიკის საელჩოში გადის და ამასთან, მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტია. თამარ კაკალაშვილი პირველი ლაივკონცერტის გამარჯვებულიც გახდა.

22 წლის კონკურსანტი გეუბნება, რომ კიდევ ბევრ საქმეშია ჩართული: "სხვადასხვა ინტერესი მაქვს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, ბოლო სემესტრი პარიზშიც ვსწავლობდი, ახლა ჩამოვედი და მინდა, წარმატებას ჩემს ქვეყანაში მივაღწიო, პროფესიას მეტად დავეუფლო, დავსპეციალისტდე. ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, - ასეთია პროგრამა, რომელიც პარიზში გავიარე... საერთოდ, ბავშვობიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობები მაინტერესებდა, ჩახედული ვიყავი პოლიტიკის საგარეო და საშინაო ურთიერთობებში. მოსწავლეებისთვის თუ რამე პროექტი იყო, ყველაფერში ვერთვებოდი", - გვიყვება თამარი, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიხვდა, რომ საბოლოოდ ისეთ სფეროში უნდოდა მეტად და აქტიურად ყოფნა, სადაც მეტად მოუწევდა მოგზაურობა და ზოგადად, მის დიდ ჩართულობას მოითხოვდა.

- ილიაუნიდან პარიზის უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდი?

- როგორც ვთქვი, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი და ილიაუნის ფარგლებში „ერასმუს“-ის გაცვლითი პროგრამით, კონკურსში ჩავერთე და პარიზის პოლიტიკის მეცნიერებების ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში სასწავებლად გავემგზავრე. ერთი სემესტრი (6 თვეს მოიცავს) იქ ვსწავლობდი. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც სალომე ზუაბიშვილმა დაამთავრა და ასევე საფრანგეთის შვიდმა პრეზიდენტმა. მოკლედ, საკმაოდ გამიმართლა, რომ სწავლა პრესტიჟულ სასწავლებელში მომიხდა.

იქიდან რომ დავბრუნდი, განაცხადი სტაჟირებაზე ამერიკის საელჩოში შევიტანე, საიდანაც დასტური მივიღე და დღესდღეობით ამერიკის საელჩოში სტაჟიორი ვარ.

სტაჟირების მსურველებისთვის სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს, ყველა სტუდენტს შეუძლია, განაცხადი შეიტანოს და ვისაც კარგი სივი აქვს, ამ საქმეში ჩაერთოს.

- დიპლომატობა ასე რატომ გიზიდავს?

- მომწონს, რომ ყოველდღიურად ჩართული ხარ სამოქალაქო საქმიანობაში და ცნობიერება მეტად გიმაღლდება.

- მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად მღერი კიდეც...

- მინდა, ორივე სფეროში - როგორც სიმღერაში, ისე ჩემს პროფესიაში წარმატებული ვიყო. ვფიქრობ, რომ ეს მართლა შესაძლებელია, რომ 2 საქმე ერთად თანაბარი წარმატებით გავაკეთო! ახლა სწორედ ამის მიღწევას ვცდილობ და იმედი მაქვს, გამომივა.

- სიმღერა რა ასაკიდან დაიწყე?

- როგორც მშობლები მეუბნებიან, თვეებისა ვყოფილვარ, რაღაც მელოდიებს რომ ვიმეორებდი... რაც შეეხება მუსიკალურ განათლებას, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მერე გორის ბავშვთა გუნდის დაარსებიდან მაგ გუნდის წევრი ვარ. ჩემი პედაგოგია გუნდის დირიჟორი - ნინო წილაური.

ეს გუნდი პირველ რიგში ჩემთვის დიდი ოჯახია, რომელიც გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სიყვარულს გვასწავლის, ასევე გვასწავლის მუსიკის სიყვარულს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ყოველდღიურად ცხოვრებას სხვანაირი თვალით ვუყურებ.

მოკლედ, ახლა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ ეს ორი საქმე შემიძლია ერთდროულად ვაკეთო. მუსიკოსიც შეიძლება იყოს სხვა პროფესიის ადამიანი.

- „ევროვიზიის“ კონკურსი გარკვეულწილად პოლიტიკურია. თუ „საქართველოს ვარსკვლავი“ გახდი, იქ მოგიწევს გამგზავრება. როგორც მომავალი დიპლომატი, რომელიც მუსიკოსის რანგში იქნები იქ წარმოდგენილი, რას ფიქრობ, ამ კონკურსზე რას მიაღწევ? რისი იმედი გაქვს?

- მეც ასე მგონია, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი მუსიკალური დიპლომატიაა. დიახ, წარადგენ შენს ქვეყანას და თუ წარჩინებითაც, ეს მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკოსისთვის, ასევე დიპლომატისთვის. ეს არის მუსკალური დაახლოება მსოფლიოსთან. აქ ასევე მნიშვნელოვანია სწორი სიმღერა იქნას შერჩეული და ასევე წარდგენილი. ასე რომ, ქვეყნებს შორის დაახლოებასა და ურთიერთობების დათბობას მივესალმები.

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საღამოზე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეიკრიბნენ

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან