ავტორი:

"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან

"მშობლებთან  გახსნილები უნდა ვიყოთ, ვფიქრობდი, პრობლემებს თავად მოვაგვარებდი, რაც შეცდომა აღმოჩნდა" - მიხეილ კალანდიას ინტერვიუ ციხიდან

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია თანატოლებს ურჩევს, მშობლებთან მეტად გახსნილები იყვნენ და მათი პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ.

კალანდიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ „ინტერპრესნიუსმა“ ჩაწერა. ბრალდებულის თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ თანატოლებთან არსებულ პრობლემებს თავად მოაგვარებდა.

„ერთადერთი, რაც მაქვს სანანებელი, ის არის, რომ როდესაც მქონდა შანსი, მშობლები არ ჩავაყენე საქმის კურსში და ვიფიქრე, რომ ჩვენ, ბავშვები თვითონ შევძლებდით დალაპარაკებას მშვიდობიანად, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.

ვფიქრობ, რომ არ ვარ იმ ასაკში და იმ გამოცდილებისა და ცოდნის პატრონი, რომ ჩემს თანატოლებსა და უმცროსებს რჩევა-დარიგებები ვაძლიო, მაგრამ გულით რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ მშობლებთან ვიყოთ გახსნილები და ისინი ჩვენი პრობლემების შესახებ ჩავაყენოთ საქმის კურსში. ეს აუცილებლად აღკვეთს იმ მრავალ პრობლემას, რომელიც მოზარდებს გვაქვს“, - აცხადებს კალანდია.

კალანდია ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოება მის შესახებ ფლობს, მხოლოდ ცალმხრივია.

„მსურს, რომ ვკითხო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ნეგატიურად იყვნენ განწყობილები და უსაფუძვლო ბრალდებებს ისროდნენ ჩემ მიმართ, რა იცით ჩემს შესახებ იმის გარდა, რასაც აცხადებდნენ დაზარალებული და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემით დაინტერესებული პოლიტიკოსები? მინდა დაფიქრდეთ და შეაფასოთ, რომ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ჩემზე ფლობდით, იყო ცალმხრივი და შესაბამისად, ის დასკვნები, რაც თქვენ გამოგქონდათ, იყო ცალმხრივი და არაობიექტური. იმედი მაქვს, ყველასთვის ცნობილია, რომ მონეტას ორი მხარე აქვს“, - აცხადებს კალანდია.

რაც შეეხება უშუალოდ მომხდარს და შეკითხვას, რას შეცვლიდა, ეს რომ შეეძლოს, ბრალდებულ კალანდიას თქმით, „დამდგარი შედეგის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებდა“.

„ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა. მაგრამ სამწუხაროდ, არაფრის შეცვლა არ შემიძლია. რომ შემეძლოს, აუცილებლად ყველაფერს ვიზამდი, რასაც შევძლებდი, რათა თავიდან ამეცილებინა დამდგარი შედეგი“, - განმარტავს კალანდია.

გარდა ამისა, როგორც ის აღნიშნავს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია პოლიტიკოსებმა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს და ის 19 წლის ასაკში პოლიტპატიმარია.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და ამ შემზარავ დამდგარ შედეგს პოლიტიკური ელფერი შესძინეს. ამისთვის გამომიყენეს მე, ადამიანი, რომელიც დუმდა და საზოგადოებაში არ საუბრობდა თავის პოზიციაზე. გავლენიანმა პოლიტიკოსებმა ხალხს დააჯერეს, თითქოს მე დამნაშავე ვარ და მაღალჩინოსნების მფარველობის ქვეშ ვიმყოფები, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ამ საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე, პროკურატურამ წარმოადგინა გაუგებარი, დაუსაბუთებელი ბრალი და 19 წლის ასაკში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - აცხადებს კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"