ავტორი:

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ 18 წლის ბიჭს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს.

ბრალდებული მ.ზ-ს ინტერესებს სახაზინო წესით იცავს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.

"დღეს ვაპირებ პროკურორთან ერთად იზოლატორში შესვლას. კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია. როდესაც ბრალი წარედგინება, ჩვენ გადმოგვეცემა საქმის მასალები და შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას.

ძალიან სამწუხაროა, რომ მედიასაშუალებები თავიანთი ინტერპრეტაციით ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას" - აცხადებს ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული სკოლის მოსწავლე, ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

"ფსიქიკური პრობლემები რომ აქვს, ეს ცხადია, ამიტომაც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი ზოგადად, ასე არ იქცევა და ასეთ სასტიკ დანაშაულს არ ჩადის.

მისი ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ იყო ბულინგის მსხვერპლი სკოლაში. ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... ეს იმას ნიშნავს, რომ მას პრობლემები ჰქონდა სკოლებში.

ამჟამად, მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. გადმომეცემა თუ არა მასალები, მექნება საშუალება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო" - განმარტავს თამარ გაჩეჩილაძე AMBEBI.GE-სთან.

ადვოკატი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ბრალდებულს ამ დრომდე დანაშაული არ უღიარებია და მეზობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ბიჭის სასოწარკვეთილი ხმა ესმოდათ, როგორ ყვიროდა - დედა მოვკალიო" არასწორად მიიჩნევს:

"რატომ ვრცელდება ასე დაბეჯითებით ასეთი ინფორმაციები, არ ვიცი. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მესმის, რომ არსებობს საზოგადოების ინტერესი და ვრცელდება ინფორმაციები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბრალდებულის ინტერესებიც" - აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველი AMBEBI.GE -სთან ამბობს, რომ ამ დრომდე ბრალდებულის მხრიდან მას არავინ დაკავშრებია. "როგორც ჩანს, არავინ ჰყავს გულშემატკივარი... ჯერ არავინ დამკავშირებია ბიჭის მხრიდან", - ამბობს თამარ გაჩეჩილაძე.

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ბიჭი თბილისში 25 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ. მათსავე საცხოვრებელ სახლში, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

"მიშოს ამბავით შეძრული ვარ... პერსპექტიული ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ძმის მიერ მოკლული 19 წლის ბიჭი ფეხბურთელი მიშო ახლოურია