ბუკმეკერებმა რეკორდი მოხსნეს

ბუკმეკერებმა რეკორდი მოხსნეს

განვილილი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის მოულოდნელი შედეგებისგან ნერვულ სტრესს არა მხოლოდ ფანატიკოსი ქომაგები იღებდნენ, არამედ გულშემატკივართა სხვა მრავალრიცხოვანი კატეგორიაც - საბუკმეკერო კანტორების კლიენტები, რომლებმაც ჩემპიონატის განმავლობაში, საერთო ჯამში, 15 მილიარდი დოლარი დადეს ფსონზე. ზოგიერთმა მათგანს მსხვილი მოგება ერგო, ზოგმაც დიდი ქონება წააგო. ბუკმეკერებმა კი გვარიანი ფული იშოვეს.

მართლაც ასტრონომიულ თანხას - 15 მილიარდ დოლარს აზარტული ქომაგები ლეგალურ ბაზარზე ჩამოვიდნენ, თორემ იატაკვეშა, აღურიცხავი ბუკმეკერების შემოსავალი შეფასებას არ ექვემდებარება. იმის ვარაუდი კი დანამდვილებით შეიძლება, რომ საუბარი გიგანტურ ციფრებზეა.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ მაგალითად ისეთ საფეხბურთო იმპერიაში, როგორიც ბრაზილიაა, საბუკმეკერო ბიზნესი საერთოდ აკრძალულია. ამიტომ ზოგი ინტერნეტით თამაშობს, ზოგიც არალეგალურ ბაზარს მიმართავს. ბუკმეკერობა აგრეთვე აკრძალულია მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში, ჩინეთში, სადაც არალეგალური მოთამაშეები დიდ ”კუშებს” ხსნიან. ჩინეთის ჩრდილოვანი საბუკმეკერო ბაზრის წლიური ბრუნვა 150 მილიარდ დოლარად არის შეფასებული! ”შავი” ბიზნესი იმ ქვეყნებშიც ყვავის, სადაც ფსონების დადება კანონით ნებადართულია.

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამორჩეული იყო მოულოდნელობებით, განსაკუთრებით, საწყის ეტაპებზე. როგორც ზოგიერთმა ბუკმეკერმა განმარტა, კოეფიციენტების გათვლისას, საშუალო მარჟის ორიენტირად, ისინი მთელი დადებული ფულის 5-7%-ს იღებენ. 2010 წლის ჩემპიონატის პირველ ნახევარში მოულოდნელმა შედეგებმა კი ბუკმეკერთა მარჟა დაახლოებით 20%-მდე გაზარდა და ის მხოლოდ შეჯიბრების დასასრულისთვის მიუახლოვდა ნორმას.

მოულოდნელმა შედეგებმა გამოაჩინა ახალი მოთამაშეები - ე.წ. პატრიოტები. ისინი საღი აზრის საპირისპიროდ, მაგრამ პატრიოტული მოსაზრებებით, თავიანთი ნაკრებების მოგებაზე ჩადიოდნენ ფსონებს. ბუკმეკერები კი, ცხადია, კოეფიციენტებს გულგრილად ანგარიშობდნენ. ამ მოვლენით უფრო იმ კომპანიებმა იხეირეს, რომელთაც საბუკმეკერო კანტორების დიდი საერთაშორისო ქსელები აქვთ, მათ შორის, იმ ქვეყნებში, რომელთა ნაკრებებმაც ნახევარფინალამდე მიაღწიეს.

ჩემპიონატის დღეებში ლამის საფეხბურთო ვარსკვლავებზე მეტი პოპულარობა მოიხვეჭა რვაფეხა პაულმა, გერმანიის ქალაქ ობერჰაუზენის ოკეანერიუმიდან, რომელმაც ზუსტად იწინასწარმეტყველა გერმანიის მონაწილეობით გამართული ყველა მატჩის შედეგი, აგრეთვე, ფინალისაც. William Hill-ში გამოთვალეს, რომ თუ ვინმე რვაფეხას მიენდობოდა და ყველა მატჩში მისი პროგნოზის შესაბამისად დადებდა 10 ევროს, საბოლოოდ 1500 ევროს მოიგებდა.

პაულის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ბუკმეკერებმა ფსონების მიღება თავად რვაფეხასთან დაკავშირებითაც დაიწყეს - შეცდებოდა თუ არა ფეხმრავალი საფეხბურთო ნათელმხილველი მორიგი მატჩის შედეგის ”წინასწარმეტყველებისას”.

წლევანდელი ტურნირი ფინანსური რეკორდებით გამორჩეული აღმოჩნდა. მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა საბუკმეკერო კანტორამ - Ladbrokes-მა, ჭილლიამ Hill -მა და Paddy Power-მა განაცხადეს, რომ თითოეულმა მათგანმა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ეს მეტია, ვიდრე რომელიმე წინა ჩემპიონატზე. წლეულს დამყარდა რეკორდი ერთი კონკრეტული ფსონის მოცულობაშიც. William Hill-ის სალაროში ერთმა აზარტულმა ქომაგმა 500 ათასი ევრო დადო. ის იმედოვნებდა, რომ ნახევარფინალში გერმანია ესპანეთს დაამარცხებდა, მაგრამ მოხდა პირიქით, და სარეკორდო ფსონიც უიღბლო აღმოჩნდა.

მოკლედ, ბუკმეკერებმა მოიგეს, თუმცა არა ყველამ. ზოგიერთმა ზარალიც ნახა, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებია...

"ეკოპალიტრა"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ