ავტორი:

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

"ადამიანი ლამაზი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს..." - ნინუცა ორჯონიკიძე  წამყვანის ამპლუასა და "საქართველოს ვარსკვლავის" კულისებზე

ნინუცა ორჯონიკიძე „პირველი არხის“ ტელეწამყვანია, არხის ეთერში რამდენიმე გადაცემა მიჰყავს. ამ ეტაპზე მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ წაყვანაც უწევს კონკურსანტების ოთახიდა, რასაც უკვე მეორე სეზონია უძღვება და არცთუ ურიგოდ.

გარდა იმისა, რომ კონკურსანტებს წარადგენს და სცენისკენ აცილებს, მანამდე კულისებში თითოეულს ამხნევებს, ამხიარულებს და ლაივის წინ სტრესის დაძლევაში ეხმარება.

„ცხოვრებაში არ მიფიქრია, რომ ასეთ მეგაშოუში ოდესმე ერთ-ერთი წამყვანი ვიქნებოდი. სულ ვამბობ, რომ არანაირი მუსიკალური განათლება არ მაქვს და ამ პროექტში მეგონა, მხოლოდ იმ ხალხს შეეძლო მონაწილეობა, ვინც ამ დარგთან მჭიდროდაა დაკავშირებული. აქვს უნარი მუსიკალურად შეაფასოს კონკურსანტები, გაამხნევოს. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს, უკვე მეორე სეზონია, ამ პროექტზე ვმუშაობ.

- კულისები ყოველთვის უცნობია ფართო მაყურებლისთვის - რა ხდება „საქართველოს ვარსკვლავის“ კულისებში და იმ ოთახში, სადაც თქვენ ხართ?

- კონკურსანტები ნერვიულობენ, განიცდიან, ამასთან, ვინმემ შეიძლება რეპეტიციაზე უკეთესად შეასრულოს და კონცერტზე ისე ვერ გამოუვიდეს. ამასობაში, სოცქსელში შეიძლება მასზე არც ისე სასიამოვნო კომენტარი გაჩნდეს, ისინი კულისებში ყოფნისას ამასაც კითხულობენ და კონკურსის მსვლელობის მანძილზე ამაზე ღელავენ, ითრგუნებიან...

მოკლედ, მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ. ამასთან, არის კიდევ პასუხისმგებლობა არხის, კონკურსანტების მიმართ, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ეთერში ამხელა შოუ მიგყავს.

სხვათა შორის, ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, როგორ გაამხნევებ, დაამშვიდებ და ძალიან საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაში ხარ თვითონ იმ წუთას. ცივსისხლიანი უნდა იყო, როცა ამდენ დროს ამ ადამიანებთან ატარებ, უყურებ როგორი მონდომებულები არიან, როგორ შრომობენ, ერთმანეთს მხარს როგორ უჭერენ და ეს ყველაფერი არ გაღელვებდეს. ამასთან, იცი, რომ ყოველ ჯერზე პროექტს ერთი გამოაკლდება...

- ფავორიტი არ გყავს?

- ერთი ფავორიტი არ მყავს, რადგანაც ბევრი კარგი მუსიკოსია, რომლებიც ძალიან მომწონს. მხარს აქტიურად ვუჭერ მას, ვინც უფრო მეტად საფრთხეშია ხოლმე. როდესაც მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან კონტაქტი გაქვს, მერე უკვე ყველა მოგწონს, გინდა, კარგად წარმოადგინოს მუსიკალური ნომერი და საკუთარი თავი. იცი, რომ შუძლიათ და ერთადერთი, რაც ამუხრუჭებთ, ხელს უშლით, ეს სტრესია.

- მეორე სეზონია ამ შოუს კონკურსანტების ოთახიდან უძღვები, გასული სეზონიდან გამომდინარე, რომ შევაფასოთ ახლანდელი კონკურსანტები...

- მათი მაყურებელი და მეგობარი ვარ, ვინც მხარს უჭერს, ამხნევებს და მოტივაციას უზრდის. წინა სეზონზე, მონაწილეებიდან უმეტესობა უფრო მცირე ასაკისანი იყვნენ, ახლა მეჩვენება, რომ მოზრდილები და შემდგარი მუსიკოსები არიან. პირველი ლაივიშოუ მათი მონაწილეობით ჩვეულებრივი კონცერტი იყო, თავისი პროფესიონალიზმით, თავდაჯერებულობით, ენერგეტიკით - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. სტილი ყველას აქვთ ნაპოვნი, იციან, ვინ არიან, რა უნდათ. შარშან მეტად ნერვიულობდნენ, ახლა მომართუილები არიან გამარჯვებაზე. გარჯვებული კი ამ კონკურსში მხოლოდ ერთი იქნება. უნდა ნახოთ, როგორ უჭერენ ერთმანეთს მხარს და როგორ ეხმარებიან.

- ყოველთვის ფორმაში ხარ, ლამაზად გამოიყურები, ამაზე აქტიურად ზრუნავ?

- მაგას გრიმიორის ხრიკები ჰქვია, შეიძლება ღამეში 4 საათი გეძინოს და უნდა ნახოთ, როგორი სხვაობაა გრიმიანსა და უგრიმოს შორის... ჩვენი მეგობარი ჟურნალისტია, „პირველ არხზე“ ბევრი წელია „მოამბეში“ ჩართვებზე მუშაობს და მიყვებოდა, 12 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, გარკვეული მიზეზის გამო, ჩართვაზე უგრიმოდ ვიყავიო... საერთოდ, ეს მაყურებლის ყველაზე დიდი უპატივცემულობაა. ადამიანი, რომელიც ტელევიზორს ჩართავს, იმისთვის ხარ, რომ გაართო, მისი ყურადღება მიიქციო, განწყობა შეუქმნა, პოზიტიურად დამუხტო და უფლება არ გაქვს, ეს არ მისცე.

თუმცა გრიმი სახის კანს აფუჭებს და ამიტომ ვცდილობ, სახის კანი დავიტენიანო, საცხი წავისვა. ასევე დიდად არ მიყვარს კოსმეტოლოგის ჩარევები. თუ ამას მაინცდამაინც აუცილებლობა არ მოითხოვს... დანარჩენი, რა გითხრათ, ყველაფერი მაინც შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. ადამიანი ლამაზი და მშვენიერი მაშინაა, როდესაც შიგნიდან ასხივებს, თორემ ლამაზი ცხვირ-პირი დღეს პრობლემა არ არის...

- იმედი გაქვს, რომ მართლაც ღირსეული კონკურსანტი შეირჩევა და „ეროვიზიაზე“ წავა?

- რაც ქვეყანაში კარგად გამოგვდის, ეს სიმღერაა. იქ კი ჯერ სათანადოდ არ დაგვიფასდა. იქ, რა „მუშაობს“, ეს რთული გამოსაცნობია, ამაში კონკურსანტია ჩართული, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ. - ის სცენა ქართველი კონკურსანტისთვის ცოტა სტრესულია, ალბათ, იმ შიშს მეტად უნდა გაუმკლავდეთ. საქართველო და მთელი ევროპა გიყურებს და არავინ უნდა შეარცხვინო, პირიქით თქვან, რომ რა მაგარი კონკურსანტია. ზუსტად ვიცი, რომ წელს გვეყოლება ისეთი კონკურსანტი, რომელიც სათანადო პოზიციებს დაიკავებს. იმიტომ, რომ ნებისმიერი ლოგიკური მოსაზრებით, თუ ვინმე იმსახურებს მაგ კონკურსზე გამგზავრებას, მათ შორის საქართველოა. ასე რომ, გამარჯვებას და წარმატებას მე აუცილებლად ველი.

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში