ავტორი:

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა - "მის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს"

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მომართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასმართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ოქრუაშვილის პარტიის წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს.

როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან გაიგო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა.

"როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ ორი დღის წინ ჩვენება მისცეს. სანაცვლოდ, ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ და თავისუფლებაზე გამოვლენ. ასეთ თავისუფლებას რა აზრი აქვს, არ ვიცი. ჩვენების შინაარსი ასეთია - გამიშვით სახლში და მოვაწერ ხელს, თუკი, დამავალებთ რამეს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

გარდაბანში დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს ავტომობილიდან 100 000 ლარი გასტაცა

"პოლიციის თანამშრომლებს ნუ გვაგინებ" - ქუთაისში, კომენდანტის საათის დამრღვევმა სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმის საკარანტინე ზონაში მოთავსებულ 28 წლის მამაკაცს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უპოვეს