BP-ის აღმასრულებელი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ტონი ჰეივორდს რობერტ დადლი შეცვლის. ამის შესახებ კომპანიამ სამშაბათს გამოაცხადა, რომლის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 54 წლის ამერიკელი თანამდებობას 1 ოქტომბრიდან დაიკავებს.
ჰეივორდი, რომელიც კომპანიაში 28 წელია მუშაობს, BP-ის დირექტორთა საბჭოს წევრად 30 ნოემბრამდე დარჩება. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ჰეივორდი ბოლო სამი წელი მუშაობდა. ის განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვის გამო აღმოჩნდა, რის გამოც რეგიონის ეკოლოგიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
რობერტ დადლი 2003-2008 წლებში ნავთობის რუსულ-ბრიტანულ კომპანიას ТНК-ВР-ს ხელმძღვანელობდა. 2008 წელს კომპანიის რუს და ბრიტანელ აქციონერებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა. კონფლიქტი მემორანდუმის მიღებით ამოიწურა, რომლის თანახმად, დადლიმ თანამდებობა დატოვა.
ბოლო დრომდე დადლი ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა, რომელიც მექსიკის ყურეში ავარიის შედეგების ლიკვიდიაციაზე იყო პასუხისმგებელი. ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით, BP-ის დანახარჯებმა 4 მლრდ დოლარს უკვე მიაღწია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.