ავტორი:

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

"ჩემი ფავორიტი რამდენიმეა, მაგრამ დასახელება უხერხულია..." - როგორ გახდა ლელა მებურიშვილი "საქართველოს ვარსკვლავის" ნაწილი

მსახიობი ლელა მებურიშვილი უკვე მეორე სეზონია "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი წამყვანია და პროექტს გულშემატკივრების ოთახიდან უძღვება. ამბობს, რომ მისთვის ასეთ პროექტში მონაწილეობა ერთდროულად საინტერესო, სასიამოვნო და აზარტულია.

"საინტერესოა, უპირველესად იმიტომ, რომ ახალ სახეებს ვხვდები, კი, საინტერესოა ამ ახალგაზრდების გაცნობა, რომლებიც კარიერას იწყებენ, შეხვედრა მათთანაც, რომლებიც დამწყებები არ არიან, მაგრამ სულ უფრო ვითარდებიან და სასიამოვნოა მათი ახლებურად დანახვა.

ყოველთვის ვგულშემატკივრობ ნიჭიერ ადამიანებს და მათ გვერდით ყოფნა არაჩვეულებრივია, მით უფრო, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეებმა ჩვენი ქვეყანა „ევროვიზიაზე“ უნდა წარადგინონ," - ამბობს რესპონდენტი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში.

- „ევროვიზიისთვის“ ძალას, ენერგიას არავინ ზოგავს, მაგრამ იქ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ...

- ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცაზეა ეს დამოკიდებული, თორემ ნამდვილად ნიჭიერები არიან, ვინც იქ გადის. რაც მთავარია, შესაფერისი სიმღერაა საჭირო და მასთან ერთად, კიდევ ბევრი რამ...

"ევროვიზიის“ კონკურსი ხომ მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, ვინ უკეთ იმღერებს?! კონკურსანტი იქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო იმარჯვებს...

- შეგიყვარდა "საქართველოს ვარსკვლავი"?

- პირველი ჩემი გადაცემა, თეატრიდან ტელევიზიაში რომ მივედი, მსგავსი პროექტი იყო - სიმღერის კონკურსი, მოკლედ, პირველი ნაბიჯები ასეთ პროექტში გადავდგი... იდეალურად და კარგად ვგრძნობ თავს, არაფერია სანერვიულო და არც სტრესთანაა რამე დაკავშირებული.

მოვდივარ, კონკურსანტებთან ურთიერთობით სიამოვნებას ვიღებ, რომლებსაც მართლა გულწრფელად ვგულშემატკივრობ. სახლში შეიძლება ვერ მოვახერხო და პირდაპირ ეთერში ვერ ვუყურო ამ ყველაფერს, სპექტაკლი მქონდეს, ან სხვა საქმე... აქ რომ ვარ, უკვე პროექტის ნაწილი ვარ...

ვფიქრობთ, ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ასეთი შოუს გამარჯვებული და ხალხის რჩეული „ევროვიზიაზე“ მიდის. იქაც ხალხის რჩეული იმარჯვებს.

"საქართველოს ვარსკვლავს“ კიდევ სხვა დატვირთვა მიეცა - მხოლოდ კონკურსის გამარჯვებული კი არ ხარ, მონაწილეები კიდევ უფრო მეტისთვის იბრძვიან, სამომავლოდ, შორს წასასვლელად შრომობენ...

- კონკურსანტების საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებთან ერთად, ეთერში შოუს მსვლელობისას ერთვები, ეკითხები, ფავორიტები დაასახელონ. შენ თუ გყავს ფავორიტი?

- მართლა ძალიან რთულია, ვთქვა, რომ დღეს ვინმე ჩემი ფავორიტია - ბევრი ნიჭიერია და ამას სხვებიც აღნიშნავენ, რომ მართლა განსაკუთრებული და კარგი ნაკადია, საოცარი კონკურსანტები გვყავს. ჩემი ფავორიტი რამდენიმეა და მათი დასახელება ჩემგან უხერხულია.

- ამ შოუს მიღმა რა ხდება შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

- უკვე 14 წელია, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, რაც ძალიან მეამაყება და მსიამოვნებს. ახლა ლევან წულაძის ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ძალიან საინტერესო პროცესში ვართ. ჩემთვის რეპეტიციები ყოველთვის საინტერესო და ბევრისმომცემია.

ლელა მებურიშვილი მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან ერთად

- ყოველთვის ფორმაში ხარ და არაჩვეულებრივად გამოიყურები... როგორ ახერხებ ამას?

- მეგობრები მეუბნებიან, ადრე უფრო აქტიური იყავი საკუთარი თავის ფორმაში მოყვანის საქმეშიო. ალბათ ასეცაა: ბოლო დროს ამ ყველაფერს რაღაც მარტივად ვუდგები. მართალია, ადრე გოგოებს მეტად ვეკითხებოდი აზრს - რა ჩავიცვა? რა გავაკეთო? ახლა მართლაც რომ მარტივად ვწყვეტ ამ საკითხს.

შეიძლება, წლების მერე ვისწავლე, რა არის ეფექტური ეკრანზე, თუმცა ის, რაც ეკრანზე ძალიან კარგად შეიძლება ჩანდეს, ცხოვრებაში შესაძლოა არ აღმოჩნდეს ასეთი, ზედმეტად პომპეზურად გამოიყურებოდეს. ამიტომ, ამ ყველაფერს ვაბალანსებ და ალბათ სწორედ ეს დაბალანსება ვისწავლე კარგად.

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

8 ფილმი, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა ნახონ

გოგონა ფილმიდან "ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა"  - როგორ ცხოვრობს მარიკა გიორგობიანი რეჟისორ მეუღლესთან ერთად გერმანიაში