ავტორი:

"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში

"მანჰეტენზე ვიყავი, როდესაც ჩემი ნახატი "ჰილტონის" მეპატრონემ შეიძინა" - ახალგაზრდა ქართველი მხატვრის წარმატება ნიუ-იორკში

"ჩემი ოცნებაა ძალიან უცხო და ორიგინალური შენობა ავაშენო საქართველოში, რომელიც არამარტო უცხო იქნება, არამედ შედევრი!" - ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი მხატვარმა ლაშა ბაღათურიამ... იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იქ იმდენად წარმატებულია, რომ გარკვეულ წრეებში უკვე ჯორჯ ბალანჩინისა და ჯონ მალაზ შალიკაშვილის გვერდით მოიხსენიებენ.

ლაშა ბაღათურია დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ნიუ-იორკიდან გვესაუბება:

- ლაშა გვიამბეთ სამშობლოში მიღებული განათლების შესახებ - პირველი საფეხურები, წარმატებები...

- საქართველოში ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტი დავამთავრე... ხატვა იყო და არის ჩემი ინსპირაციის წყარო, რაც სულიერად მამაღლებს და ძალას მაძლევს! საქართველოში მქონდა რამდენიმე გამოფენა სკოლებში და ინსტიტუტში სადაც ვსწავლობდი.

- რატომ გადაწყვიტეთ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა და რამდენად რთული იყო გზა თბილისიდან ნიუ-იორკამდე?

- საქართველოში ინტერიერის დიზაინზე ვმუშაობდი. ბათუმსა და თბილისში რამოდენიმე ბინის დიზაინი გავაკეთე. ყოველთვის უცნაურ დიზაინს ვხატავდი. ვინაიდან ხელოსნებს უჭირდათ აღქმა და აწყობა, ყოველთვის მიწევდა მათთვის უფრო მარტივად დახატვა იმის, რაც არ მომწონდა. შემდეგ ვიფიქრე ჩემი ფანტაზია უფრო დიდ მასშტაბზე გამევრცელებინა. მინდოდა მსოფლიოს ენახა, თუ რა შემიძლია კაცობრიობისთვის გავაკეთო და გავუმარტივო ცხოვრება - კომფორტით, დიზაინით, ახალი ინოვაციით. გადავწყვიტე ნიუ-იორკში მესწავლა და ამისთვის საკმარისი თანხა დავაგროვე.

თავიდან ინტერნეტში დავიწყე ძიება, თუ რა შეიძლებოდა მეპოვა და ვიპოვე ჯავის ცენტრი, სადაც დიზაინერების მსოფლიო გამოფენას ატარებდნენ. წარმოდგენილი იქნებოდნენ ის ადამიანები, ვინც ახალ დიზაინს წარადგენდნენ და მსოფლიოს ახალ სტილს დაანახებდნენ. ინგლისური სასაუბრო დონეზე ვისწავლე იმ იმედით, რომ ამ გამოფენაზე მოვხვდებოდი. ამის მოტივაცია და იმედი მქონდა. შემდეგ დავრეგისტრირდი და მართლაც მივიღე მოწვევა, რითაც მივიღე ვიზა.

- ამბობენ, რომ დღეს ნიუ-იორკი მსოფლიო ხელოვნების ცენტრია... ეთანხმებით? რამდენად კომფორტული გარემოა ჩასული ხელოვანებისთვის?

- ნიუ-იორკი არის მსოფლიოს ცენტრი, დიდი მეგაპოლისი, სადაც ძალიან ბევრი გამოფენები ტარდება... აქ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუზეუმები, სადაც ცნობილი მხატვრების გამოფენები ტარდება. მაგალითად, მეტროპოლიტენის მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუზეუმია! თერთმეტჯერ ვარ ნამყოფი ამ მუზეუმში. საბედნიეროდ კოლეჯიდან გვიწევს წასვლა და ყოველი შესვლისას ვათვალიერებ ლეონარდო და ვინჩის, პიკასოს და სხვა უდიდესი მხატვრების ნახატებს. ეს ძალას მაძლევს რომ იქ ვარ, სადაც ოცნებები სრულდება! მანჰეტენზე გამოფენებს ხშირად ვაწყობ. მაგალითად Artifact ან George Billis გალერეაში. ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ. აქ ყველას ეძლევა შანსი გამოფენა მოაწყოს და თავისი შედევრი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ტურისტს დაანახოს!

- თქვენ მოიხსენიებით ბალანჩინისა და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გვერდით, ეს რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა?

- ეს ძალიან დიდი პატივია, როდესაც ბალანჩინის და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის გვერდით მოგიხსენიებენ! რაც არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ჩემი მისია უნდა შევასრულო, რაც მიზნები მაქვს ავასრულო და ოქროს ასოებით დავუტოვო მომავალ თაობას ჩემი სახელი! მივცე იმედი და მოტივაცია რომ არასოდეს არ თქვა - ვერ მივაღწევ! ყველაფერი არის ადამიანის შექმნილი და თუ გაქვს მიზანი და ოცნება, უნდა გააკეთო! უბრალოდ სცადე, გადადგი ნაბიჯი, არ გაჩერდე და შედეგს აუცილებლად მიიღებ! თუ შრომობ თუ გიყვარს შენი საქმე და გულით აკეთებ, ყოველთვის გამოგივა! ყველა ადამიანს აქვს თავისი დრო და არასოდეს არ უნდა დანებდე.

- გვიამბეთ ნახატზე, რომლითაც ცნობილი სასტუმო "ჰილტონის" მეპატრონე დაინტერესდა და შეიძინა...

- "ჰილტონ გარდენი" არის ნიუ-იორკში, მანჰეტენზე... ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში სპრეით ვხატავდი, ერთი უბრალოდ ჩაცმული კაცი გამომელაპარაკა, რომელმაც ჩემგან ორი ნახატი იყიდა. შემდეგ მითხრა, რომ შემდეგისთვის "თაიმ სქვერის" ნახატი უნდოდა, უფრო შავ-თეთრში. რომ ვიკითხე მითხრა, ჩემი რესტორნისთვის მინდაო, რომელიც არის "ჰილტონის" სასტუმროში... მითხრა, რომ სასტუმროს მეპატრონე იყო, ამან ძალიან განმაცვიფრა. ჯერ მისმა უბრალოებამ და შემდეგ ნდობამ... მისთვის სრულიად უცნობი ვიყავი ჩემი ნახატით რომ დაემშვენებინა თავისი რესტორანი. ამ უზარმაზარ ნახატს ერთი თვე მოვანდომე. ძალიან მოეწონა და თანხაც შესაბამისად მომცა. დღეს ჩემი ნახატი "ჰილტონის" სასტრუმროს ამშვენებს.

- თუ უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს?

- ვაპირებ სამომავლოდ გამოფენა მოვაწყო საქართველოში და მინდა ქართულ ახალგაზრდობას მოტივაცია მივცე, ეცადონ მებრძოლები იყვნენ! არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია წარმატებული იყო და ასახელო შენი ქვეყანა! მინდა საქართველოსთვის ვიყო საამაყო და ახალი სტილი და დიზაინი შევთავაზო ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიოს!

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს

"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან