ავტორი:

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც ბილ კლინტონი "შალის" ეძახდა - "პრეზიდენტი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს"

ქართველებმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს. ერთ-ერთი გამორჩეული 1992-1993 წლებში გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი იყო. ის ევროპაში განლაგებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი გახლდათ.

- შალი! ასე ეძახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი. კლინტონი მას მოიხსენიებდა, როგორც მეგობარს და განსაკუთრებულ მრჩეველს, რომლის ბრძნულ რჩევებს ყოველთვის ეყრდნობოდა! 2000 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ერისიონს" ვახლდი, როგორც ანსამბლის მენეჯერი. კარგად მახსოვს, გენერალი შალიკაშვილი ქალაქ სიეტლში კონცერტს დაესწრო. კონცერტის შემდეგ იგი სცენაზე თავის შვილთან, ბრანტთან ერთად ამოვიდა და მისი თანამემამულეები გაბრწყინებული თვალებით წარუდგინა. მოგვიანებით, საუბარში გვითხრა: "დღეს მე ჩემს შვილს საქართველო გავაცანიო". გენერალი შალიკაშვილი არის იმ ლეგენდარულ ქართველ-ამერიკელთა შორის, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში..." - იხსენებს რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი.

ნატოს ჯარების ქართველი უმაღლეს მთავარსარდალს ასევე პირადად შეხვდა სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი:

- ძმები შალიკაშვლები საქართველოს1990-იან წლებში ეწვივნენ, იმ პერიოდში ვარდიკო ნადიბაიძე იყო თავდაცვის მინისტრი და მასთან ერთად ჟურნალისტები შალიკაშვილებთან ერთად ვიმყოფებოდით გურჯაანში, სადაც მათი საგვარეულო სახლი იყო.

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილს რამდენად ახსოვდა საქართველო, შეეძლო თავის გავლენით მეტად დახმარებოდა ჩვენს ქვეყანას?

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების შეარაღებულ ძალებში უმაღლესი თანამდებობა ეჭირა, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს დახმარებას, ეს პიროვნულ დონეზე არ წყდება! უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ნება ამერიკის პრეზიდენტის, კონგრესის, სენატის... მაშინ საქართველო ამერიკისთვის განყენებული, უცხო თემა იყო. ჩვენი ქვეყანა მათი ხელისუფლებისთვის ცნობილი 25 წლის განმავლობაში გახდა... თუმცა დღესაც ერთი ადამიანი, თუნდაც ჩვენი თანამემამულე იყოს, ვერაფერს გადაწყვეტს. აქ საუბარია მსოფლიო დონის პოლიტიკაზე და პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია რუსეთის ფაქტორი, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ ყველა ითვალისწინებს!

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ძმები შალიკაშვილების შესახებ ვრცლად გვესაუბრა:

- ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1992-1993 წლებში გენერალი, ევროპაში განლაგებული ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. მთავარსარდლად ყოფნის პერიოდში შალიკაშვილმა დიდი გამოცდილება შეიძინა სრულიად ახალი ტიპის კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთულეს პირობებშიც შეუძლია მუშაობა...

- გვიამბეთ ძმების ოთარ და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შესახებ...

- მამის და ბიძის მსგავსად, სამხედრო კარიერა აირჩიეს დიმიტრი შალიკაშვილის ვაჟებმაც. ოთარ შალიკაშვილმა სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს რიგით ჯარისკაცად დაიწყო, 1954 წელს გახდა სერჟანტი, 1958 წელს დაამთავრა პეორიის უნივერიტეტის საინჟინრო განყოფილება და ოფიცერთა სკოლა. დანიშნეს ქვეითი ჯარების ოფიცრად. დამთავრებული აქვს სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ს ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში. იბრძოდა ვიეტნამში, 1967-1968 და 1971-1972 წლებში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის არმიის დეპარტამენტის შტაბ ბინის სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ს არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი.

20 წლის წინ ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა პენსიაზე, თუმცა შეუნარჩუნდა აშშ ჯარის ოფიცრის უფლებები და ვალდებულებები. რამდენიმე წელი პოლკოვნიკი შალიკაშვილი ევროპაში აშშ-ს ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს უძღვებოდა. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში. იგი ამზადებდა აშშ-ს ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის, ასევე აანალიზებდა ამ ქვედანაყოფების გამოცდილებას მათი დისლოკაციის შემდეგ. 2001 წლიდან დანიშნეს აშშ თავდაცვის მინისტრის უფროს მრჩევლად საქართველოს საკითხებში. ოთარს დიდი როლი მიუძღვის ქართული არმიის ჩამოყალიბებაში - 2001-2005 წლებში იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.

ძმები, ოთარ და ჯონ მალხაზ შალიკაშვილები

- უფრო ცნობილი გახდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილი..

- კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა. დაამთავრა ბრედლის უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 1978 წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, 1993 წელს მერილენდის, ხოლო 1994 წელს ბრედლის უნივერსიტეტებში - დოქტორის ხარისხი. აშშ-ს უმაღლესი სამხედრო-საზღვაოსნო საწავლებლის, შტაბის კოლეჯისა და არმიის სამხედრო კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1959 წელს, ოფიცერთა საკანდიდატო სკოლაც დაამთავრა და არტილერიის მეორე ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა. მომდევნო 23 წლის განმავლობაში იგი სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მსახურობდა არა მხოლოდ ალასკაზე და შტატებში, არამედ ევროპასა და აზიის მრავალ ქვეყანაში, კერძოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იტალიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.

1960-იანი წლებიდან გენერალმა შალიკაშვილმა სწრაფად გაიარა კარიერის ყველა საფეხური საველე-საარტილერიო სკოლის მსმენელიდან ამერიკის უზენაეს სამხედრო პირამდე: 1962 წლის 7 ივლისს გახდა ლეიტენანტი, 1966 წლის 7 ივლისს _ კაპიტანი, 1973 წლის 7 ივლისს _ მაიორი, 1980 წლის 7 ივლისს _ ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, ხოლო 1982 წლის 15 მარტს _ პოლკოვნიკი. იმავე წელს კი ბრიგადის გენერლად დააწინაურეს. ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობაში ასრულებდა დირექტორის, სტრატეგისა და პოლიტიკური დამგეგმავის მოვალეობებს.

1984 წელს შალიკაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პირველ ჯავშან-სატანკო დივიზიის მეთაურის ასისტენტად დანიშნეს. 1986 წლის 1 სექტემბერს 50 წლის ჯონ მალხაზს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. დაბრუნდა შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობაში შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანაშემწედ. 1987-1989 წლებში მსახურობდა ვაშინგტონის შტატის ქალაქ ფორტ ლევისში ინფანტერიის მე-9 მოტორიზებულ დივიზიაში. 1989 წლის აგვისტოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაბრუნდა და ევროპაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის შტაბის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის 1 ოქტომბერს მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

1991 წლის აპრილში ჯონ მალხაზ შალიკაშვილი სათავეში ედგა ოპერაციას Provide Komfort (ნუგეშისცემას), რომლის წარმატებით განხორციელების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა. 1991 წლის აგვისტოში ვაშინგტონში გაიწვიეს და ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ დანიშნეს. 1992-1993 წლებში გენერალი ევროპაში განლაგებული ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატო) ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. მთავარსარდლად ყოფნის პერიოდში შალიკაშვილმა დიდი გამოცდილება შეიძინა სრულიად ახალი ტიპის კონფლიქტების გადაწყვეტაში. მან დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთულეს პირობებშიც შეუძლია მუშაობა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას შალიკაშვილი პასუხს აგებდა ნატოს მიერ იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა სამხედრო ოპერაციაზე. მასვე ეკისრებოდა, როგორც ჰუმანური დახმარების აღმოჩენა ბოსნიელი მუსლიმებისათვის, ასევე ბოსნიელ სერბთა პოზიციებზე ნატოს შეიარაღებულ ძალთა საჰაერო თავდასხმის გეგმების შემუშავების კოორდინაცია.

გენერალი შალიკაშვილი ამერიკა-კორეის, ამერიკა-ვიეტნამის და ერაყ-ქუვეითის ომების მონაწილეა. სპარსეთის ყურეში ომის დროს მან თავი გამოიჩინა რთული სამხედრო და დიპლომატიური ამოცანების წარმატებით გადაწყვეტით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენერალი შალიკაშვილი ჩრდილოეთ ერაყში ქურთთა დახმარების ოპერაციებს სარდლობდა. როგორც აშშ-ს შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე კოლინ პაუელი აცხადებდა, შალიკაშვილმა, როგორც შესანიშნავმა მეთაურმა, ბრძოლაში თავისი უნიკალური თვისებები გვიჩვენა. მისი წარმატებული დიპლომატიური და სამხედრო კარიერა დაგვირგვინდა იმით, რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 1993 წლის 25 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის რიგით მე-13 თავმჯდომარედ დანიშნა. ამერიკის უმაღლეს სამხედრო თანამდებობაზე ეს დანიშვნა პენტაგონშიც კმაყოფილებით აღიქვეს.

25-წლიანი კარიერისა და დიდი თანამდებობების მიუხედავად, არც ერთ ძმას ამერიკელებისათვის ძნელად გამოსათქმელი გვარი არც შეუცვლია და არც შეუმოკლებია, თუმცა კი კლინტონი ჯონ მალხაზ შალიკაშვილს "შალის" უწოდებდა. მათმა დაჟინებამ ნაყოფი გამოიღო და მალე ამ რთულ გვარს ამერიკელებიც სწორად გამოთქვამდნენ.

გენერალ შალიკაშვილს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: განსაკუთრებული ღირსების მედალი, ორი მუხის ფოთლის შტო, ბრინჯაოს ვარსკვლავი V-ს ემბლებით, მადლობის მედალი სამხედრო სამსახურისათვის, განსაკუთრებული დამსახურებისათვის ეროვნული მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავით და უამრავი სხვა. ამერიკულთან ერთად არაერთი უცხოური ჯილდოც აქვს მიღებული, მაგალითად, ბელგიის სამეფოს `ლეოპოლდის~ ორდენი, ვიეტნამის რესპუბლიკის "მამაცობის ჯვარი" და სხვა.

ჯონ მალხაზ შალიკაშვილს მეორე ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს ბრანტი. შალიკაშვილები პირველად საქართველოში უმძიმე პერიოდში 1992 წელს ჩამოვიდნენ. ოთარ შალიკაშვილს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებულნი.

მომდევნო ვიზიტის დროს ჯონ მალხაზ შალიკაშვილმა წინაპართა საფლავები მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო. შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის საფლავების მოსანახულებლად მიდიოდნენ. ამიტომაც 10 წლის წინათ გურჯაანში საფუძველი ჩაეყარა სახლ-მუზეუმს, რომელსაც სათავეში სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი ჩაუდგა. 2005 წლის დეკემბერში შალიკაშვილების მამაპაპისეულ სახლში გაიხსნა შალიკაშვილების სახელობის პირველი ქართული სამხედრო მუზეუმი, რომელსაც, პენსიაში გასვლის შემდეგ, მალხაზ შალიკაშვილმა გადასცა მუნდირი და ჯილდოები. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს ვაშინგტონში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ