ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრას და რა პროგნოზებს აკეთებენ სამომავლოდ

როგორ აფასებენ ექსპერტები ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრას და რა პროგნოზებს აკეთებენ სამომავლოდ

„ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამის ინსტრუმენტს კი, გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, ვერაფერში ხედავენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“, ოპოზიციისა და ხელისუფლების გუშინდელ შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია, რადგან „ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“.

ხუხაშვილის თქმით, „თუ გინდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, უნდა მიმართო არბიტრს და მისი ვერდიქტი უნდა გაითვალისწინო, თუმცა ხელისუფლება ამაზეც უარს აცხადებს“.

„თუ ხელისუფლება არის კატეგორიული და არავის არ უსმენს, გარდა ამისა, არც არბიტრი არ აინტერესებს, რომ არბიტრაჟში გაირჩეს საქმე და მან თქვას თავის სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული მოლაპარაკებებით. ისინი ფიქრობენ, რომ ძალით გადატეხავენ ყველაფერს. მათთვის დღეს ძალაუფლების შენარჩუნება არის ერთადერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, მათ სხვა ამოცანა აღარ აქვთ, არც სახელმწიფოებრივი და არც პოლიტიკური. მათი ერთადერთი ამოცანაა ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამის ინსტრუმენტს, გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, ვერაფერში ვერ ხედავენ. როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, ლოგიკა ასეთია, რომ თუ შენ გინდა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, უნდა მიმართო არბიტრს და მისი ვერდიქტი უნდა გაითვალისწინო. ოპოზიცია აქაც სთავაზობს, რომ არსებობს არბიტრი, ვენეციის კომისიის სახით, მაგრამ ამაზეც უარს აცხადებს ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, ძალიან გამჭვირვალედ ჩანს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე დღის წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ, რომ ვირეშმაკობით შეფუთონ თავისი გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნონ მაჟორიტარული სისტემა, ძალიან გამჭვირვალედ ჩანს, რომ მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ის, რომ მაჟორიტარული სისტემით როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ მაჟორიტარული სისტემის დაცვის ჟინით შეპყრობილები, ფაქტობრივად, საკუთარ თავსაც, იმ უმრავლესობას, რომელმაც პროპორციულს დაუჭირა მხარი, „ნაცებად“ აცხადებენ. იქამდე უნდათ საკითხის დაყვანა, რომ მხოლოდ „ნაცები“ ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს, იმიტომ რომ სხვა ყველას უნდა მაჟორიტარული არჩევნები. თავის თავსაც „ნაცებად“ აცხადებენ. ასეთ აბსურდამდე არიან მისულები და წინააღმდეგობაში არიან შესულები როგორც საკუთარ თავთან, ისე სახელმწიფო ინტერესებთან. დღეს კონსენსუსი აუცილებელია, რადგან ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ოპოზიციამ დამოუკიდებლად უნდა გადადგას ნაბიჯები და პირველ რიგში, მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემა - ე.წ გერმანული მოდელი, უნდა გადაეგზავნოს როგორც ვენეციის კომისიას, ისე ევროსაბჭოში შესაბამის კომისიას, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

ამასთან, მისი აზრით, თუკი ოპოზიციონერი ლიდერები ისევ ფიქრობენ ქუჩის აქციების გაგრძელებას, „ცოტა უფრო აკადემიურ სტილში უნდა გადავიდნენ“.

„არ ველოდი, რომ ეს შეხვედრა რაიმე შედეგს გამოიღებდა. ოპოზიციამ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა განაცხადოს, რომ ის შეწყვეტს ხელისუფლებასთან რაიმე დიალოგს, მაგრამ დამოუკიდებლად უნდა გადადგას ნაბიჯები. პირველ რიგში, მათ მიერ მომზადებული საარჩევნო სისტემა უნდა გადაეგზავნოს როგორც ვენეციის კომისიას, ისე ევროსაბჭოში შესაბამის კომისიას, რათა მათ გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. ეს ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თუ ამას რაიმე სამართლებრივი მხარე არ უშლის ხელს. ან იგივე ევროსაბჭოს წარმომადგენლებს საქართველოში, სთხოვონ ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს, რეკომენდაციები გაუწიონ აი, ამ კანონპროექტს, რათა იქნას განხილული რაც შეიძლება სწრაფად.

პარალელურად, მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი ფიქრობენ გააგრძელონ ქუჩის აქციები, ცოტა უფრო აკადემიურ სტილში უნდა გადავიდნენ და პიკეტირება და ბლოკირება უნდა შეიცვალოს საკმაოდ მშვიდი აქციებით, რომელიც ითვალისწინებს სირცხვილის კორიდორების შექმნას, იმიტომ, რომ ამ აქციებს, ამგვარ სტილში გაგრძელებულს, არანაირი შედეგი არ მოაქვს. ოპოზიციამ ეს ყველაფერი - კანონპროექტის გადაგზავნა, სირცხვილის კორიდორის გაკეთება, უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ელექტორატზე მოახდინოს გავლენა, რათა შეამციროს „ქართული ოცნების“ რეიტინგი. თუ ოპოზიცია თვლის, რომ იმ ფორმის აქციებით, რაც აქვთ, შეძლებს ხელისუფლება აიძულოს დათმობებზე წასვლა, მაშინ შემიძილა ვთქვა, რომ ოპოზიცია მწარედ ცდება და არათუ მოიმრავლებს ამომრჩეველს, პირიქით შეიძლება ამომრჩეველი დაკარგოს. ამიტომ მათ შექმნილი ვითარება უნდა გააანალოზონ და შესაბამისად იმოქმედონ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ასევე აუცილებელია რეგონებში გასვლა და მოსახლეობისთვის თითოეული მაჟორიტარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგია ისეთი უნდა იყოს, რომ „ოპოზიციური მუხტი თან გააძლიერონ და თან სიტუაცია იმდენად არ დაძაბონ, რომ ვიღაც მესამე ძალამ ეს გამოიყენოს ქვეყანაში დესტაბლიზაციისთვის“.

თეა წულუკიანის განცხადებამ, რომ მართალია ე.წ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურად სცნეს, მაგრამ მზად არიან, ოპოზიციის სხვა მოსაზრებები განიხილონ, დამანახა, რომ დიალოგისთვის კარი არ დაიხურა, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრას.

„ჩემთვის გარკვეული იმედის სხივი გააჩინა თეა წულუკიანის კომენტარმა, რომ ე.წ გერმანული კი ვცანით არაკონსტიტუციურადო, მაგრამ ოპოზიციამ სხვა მოსაზრებებიც წამოაყენაო და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს სხვა მოსაზრებები განვიხილოთ, თუკი ისინი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნებაო. ამან სიმართლე გითხრათ, მე ის დამანახა, რომ დიალოგისთვის კარი არ დაიხურა და დიალოგის ფორმატის რესურსი არ ამოიწურა“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.

მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ დღეის მდგომარეობით, თავისი სახე დაკარგული აქვს, რადგან მან დასავლეთის ნდობა და საკუთარი გუნდის პროდასავლური ნაწილი დაკარგა და ახლა მთავარია, თავისი სახე შეინარჩუნოს.

„მთავარი ის არის, რომ დღეს, თუკი არის „ქართულ ოცნებაში“ ის ჯგუფი, რომელიც მზად არის დიალოგზე წამოსასვლელად და თუ კვლავ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობასთან არ გვაქვს საქმე, იმ ჯგუფს სჭირდება ხელშეწყობა. „ქართული ოცნება“ დიალოგზე რომ წამოვიდეს, მას სჭირდება სახის შენარჩუნება საკუთარ ამომრჩეველთან. ამ პროცესში, მან დასავლეთის ნდობა დაკარგა, დაკარგა საკუთარი გუნდის პროდასავლური ნაწილი. ბევრი დაკარგა, რაც არ უნდა იძახდეს, რომ ის გამარჯვებულია და გარეთ 200 კაცის აქციებს ყურადღებას არ აქცევს. „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ დაკარგა და ახლა მას შერჩა ის ამომრჩეველი, რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებს იმას, „ოცნება“ შეძლებს თუ არა მათი გადმოსახედიდან ძლიერის პოზიციის შენარჩუნებას. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა „ოცნების“ სახის შენარჩუნებაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ „ოცნებას“ ახლა დასავლეთის ეშინია ერთი მხრივ და საკუთარი ამომრჩევლის დაკარგვის გაცილებით მეტად ეშინია, რადგან თუ ამომრჩევლებმა სისუსტე შეატყვეს, არ ჩამოეშალოთ ის საყრდენი. რაზეც დღეს „ოცნება“ დგას - ადმინისტრაციული რესურსი. ამ პროცესში მთავარია, რომ შეინარჩუნოს სახე“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

„მესამე, აუცილებელია რაიონებში გასვლა. იდეურად სწორი გადაწყვეტილებაა მაჟორიტარებზე ინფორმაციების შეგროვება და იმავე რაიონში იმავე მოსახლეობისთვის ამის ახსნა-განმარტება. ოღონდ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. ოპოზიციამ უნდა იმოქმედოს მიზანმიმართულად, ფრთხილად და იმის გათვლით, რომ ეს პროცესი ერთ და ორ დღეში და თვეში არ დასრულდება. მან ეს უნდა გათვალოს მთელი თავისი ტაიმაუტებით. ვგულისხმობ, საახალწლო მკვდარ სეზონს და ა.შ. თავისი სტრატეგია ისე გათვალონ, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერის პიკს ოქტომბერში მიაღწიონ არჩევნებზე. გათვლა უნდა იყოს იმაზე, რომ დასავლეთმა ოპოზიცია არ უნდა აღიქვას რევოლუციურ ძალად. ოპოზიციური მუხტი თან უნდა გააძლიერონ, თან იმდენად არ უნდა დაძაბონ სიტუაცია, რომ ვიღაც მესამე ძალამ ეს გამოიყენოს ქვეყანაში დესტაბლიზაციისთვის“, - აღნიშნა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

ხმაური და ბოთლების სროლა მცხეთაში - რა ხდება აქციაზე, სადაც ერთმანეთს "ოცნების" და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

"გვლანძღავენ, რომ როგორ შეიძლება წყალი სიცივეშიო - ახლა ვცდილობთ, გავათბოთ" - ვახტანგ გომელაური აქციის წყლის ჭავლით დაშლაზე