ავტორი:

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

"მძევლები ვართ... 21-ე საუკუნეში საკვებს და შეშას ვიზოგავთ, რომ გადავრჩეთ..." - ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას

სამთვიანი დუმილის შემდეგ, ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალგორელი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტი ნაწილობრივ გახსნეს. "რაზდახანის" გამშვები პუნქტის გადაკვეთის უფლება მხოლოდ იმ პაციენტებს მიეცემათ, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას ცხინვალის რეგიონში ვერ იღებენ.

ამასთან, ოსური მხარის დადგენილების თანახმად, ის პენსიონერები, რომლებსაც პენსიას ქართული მხარე ურიცხავს და საქართველოს გარდა, სხვა მოქალაქეობა არ აქვთ, პენსიის აღებას შეძლებენ.

ახალგორის მოსახლეობის თქმით, რამდენიმე თვის წინ გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი ამით ვერ განიმუხტება, თუმცა, ონკოპაციენტებისა და პენსიონერებისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მათთვის შეღავათია.

რაიონში ჩარჩენილი 1000-ზე მეტი ადამიანი კვლავ უმძიმეს მდგომარეობაში რჩება...

“მძევლები ვართ... ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ 21-ე საუკუნეში საკვებისა და შეშის გამოზოგვა მოგვიწევდა... ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველანაირი მარაგი იწურება, საკვების, მედიკამენტების და ა.შ. 90-იან წლებში ელემენტებით რომ უსმენდნენ რადიოს, ისე ვართ, რეალობას რომ სრულიად არ მოვწყდეთ, რადგან ზოგჯერ შუქი რამდენიმე დღე არ გვაქვს. არადა, შეშაც არ არის... ეს იზოლაციაა, აბა რა არის?

მარტოხელა მოხუცებს განსაკუთრებით უჭირთ. ახლა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მოხუცები და პაციენტები, რომელთაც გასვლის საშუალებას მისცემენ, შესაძლოა, უკან აღარ შემოუშვან

ბიბილოვის ხელმძღვანელობამ სხვა გართულებები თავიდან აირიდა - ამ ადამიანების აქ დატოვება სიკვდილ-სიცოცხლის საქმე იყო და ამიტომ დაუშვა გამონაკლისი. პურს უკვე დიდი ხანია ნისიად ვყიდულობთ... ცხინვალიდან პურის ფქვილი შემოიტანეს, მაგრამ 2-3 ჯერ მეტი ღირდა, ისიც ნისიად აიღო ხალხმა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო. ასევე, მოუწიათ მედიკამენტებსა და სხვა აუცილებელი მოთხოვნის საშუალებებზე..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყაშვლის თქმით, ოსური მხარის ეს გადაწყვეტილება პრობლემის მიგვარების კუთხით, მხოლოდ ზღვაში წვეთია, რადგან იზოლაციაში რჩებიან ის ადამიანები, ვინც ქართულ მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობდნენ და მუშაობდნენ, სტუდენტები და მასწავლებლები.

"სტუდენტებს გარიცხვის საფრთხე ემუქრებათ. სამსახურის დაკარგვის წინაშე არიან მასწავლებლებიც, რომლებიც ამით თავს ირჩენდნენ. კრიზისი არათუ გვარდება, ყოველდღიურად მწვავდება. იმ ადამიანებს იმიტომ აძლევენ წასვლის უფლებას, რომ აქ არ დაიხოცონ", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

გამშვები პუნქტის ჩაკეტვას მოჰყვა ტრაგიკული შემთხვევაც - ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელიც ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა...

დღემდე მძიმეა ახალგორში, ჭაში ჩავარდნილი 60-წლამდე ქალის მდგომარეობა, რომლის ოჯახი პაციენტის თბილისში გადმოყვანას თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ითხოვს.

ასევე, პატიმრობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 15 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოსური მხარის ინფორმაციით, საქმე სასამართლოშია, ქართული მხარე კი მის გათავისუფლებას უახლოეს მომავალში იმოდოვნებს.

როგორც ცნობილია, ახალგორის საბჭოს შენობაში გამოკრულია 36-კაციანი სია, რომელშიც ადგილობრივების სახელ-გვარებია აღნიშნული. ახალგორელები მას "შავი სიას" უწოდებენ, რადგან ცხინვალის რეგიონის "უშიშროების სამსახურმა" მათ საშვის აღებაზე უარი უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება არ ექნებათ. თუმცა, სია საკმაოდ უცნაურად არის შედგენილი, რადგან მასში 3 წლის ბავშვი და 75 წლის მოხუცი მოხვდნენ.

ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, ვიტალი მამიტოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები არ უნდა გადადიოდნენ საქართველოში, რადგანაც "სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ფლობენ". მოგვიანებით, მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისინი “საქართველოს სპეცსამსახურების სამიზნე გახდნენ".

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები

არეულობა ვლადიკავკაზში - "მთავრობამ პროტესტი ისე წარმოაჩინა, თითქოს კორონავირუსის "ფეიკ ვირუსად" აღიარებას ვითხოვდეთ"

ოკუპანტებმა 85 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს