ავტორი:

პრემია „იკა“ 2019 იწყება

პრემია „იკა“ 2019 იწყება

პრემია "იკა" ახალგაზრდა არტისტების, ხელოვანი ადამიანების და მათი შემოქმედების აღიარებისთვის 2018 წელს შეიქმნა. როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, IKA AWARD - ახალი აღმოჩენებისა და მათთვის მადლობის გამოხატვის საშუალებაა. პრემიის სლოგანია - შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია / YOUR ART MATTERS. IKA AWARD -ის შესახებ მისი დამფუძნებელი სანდრო კაკულია საუბრობს.

- როგორ გაჩნდა პრემიის დაარსების იდეა და რატომ ეწოდა მას „იკა“?

პრემიას სახელი იკა კაკულიას პატივსაცემად ეწოდა. იკა კაკულიამ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, იყო ახალგაზრდა შემოქმედი, დიზაინერი, გრაფიკოსი, ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა შემოქმედებით ინდუსტრიაში და უზომოდ უყვარდა ხელოვნება. სამწუხაროდ, იკა 2016 წელს გარდაიცვალა, პრემია სწორედ მის სახელს ატარებს.

- როგორ მოხდა პრემიის საბოლოო საორგანიზაციო გუნდის დაკომპლექტება?

სიმართლე რომ გითხრათ, 2 წლის მანძილზე განუწყვეტლივ ვფიქრობდით ამ პრემიის დაარსებაზე, თუმცა ამ იდეის განხილვა მხოლოდ ჩვენს მეგობრებსა და პირად საუბრებში ხდებოდა, საბოლოოდ კი, როდესაც მივხვდი, რომ ამ წამოწყებისთვის ხორცის შესხმა საჭირო და გარდაუვალი იყო, მაშინვე ვუამბე იკას მეგობრებს.

ნამდვილად არ ველოდი მათგან ასეთ მხარდაჭერას. იკას მეგობრები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ჩემს ინიციატივას, მათ ზუსტად გაიაზრეს, რომ იკას ხსოვნისადმი პატივის მიგების ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ამ პრემიის დაარსება იქნებოდა. თითოეულ მათგანს ჰქონდა სურვილი თავისი წვლილი შეეტანა ამ იდეის ხორცშესხმაში და ასეც მოხდა, ერთი იდეით გაერთიანებული იკას მეგობრებისგან დაკომპლექტდა პრემია "იკას" საორგანიზაციო ჯგუფი.

- უკვე მეორე წელია, რაც თბილისში იმართება ახალი, თანამედროვე კულტურული პრემია, (საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე ცნობილია მის შესახებ), საინტერესო იქნება თქვენგან მოვისმინოთ რა არის პრემია "იკა"?

პრემია “იკა” – ეს არის ახალგაზრდა, საინტერესო და ჯერ კიდევ უცნობი შემოქმედი ადამიანების აღმოჩენის საშუალება, იკა არის მათი შემოქმედების აღიარების პრემია, ახალგაზრდა არტისტებისთვის მადლობის გამოხატვის საშუალება, ახალი, თანამედროვე კულტურული პლატფორმა. პრემია იკა ყოველ წელს ცვლის ნომინაციებს, რითიც ხელს უწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობების პოპულარიზაციას და ამა თუ იმ დარგში მოღვაწე შემოქმედ ახალგაზრდებს შემდგომი წარმატებული ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

- როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პრემია იკა არ არის ე.წ. კონკურსი, რა იყო თქვენი ჩანაფიქრი და რატომ გადაწყვიტეთ აგერჩიათ ყველა სხვა პრემიისგან განსხვავებული კონცეფცია?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ასაკში კრეატიული აზროვნების დონე ძალიან მაღალია , ასეთ დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, სწორი გზით სვლა კი ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად ბიძგი, კონკრეტული მოვლენა, თანადგომა ან მხარდაჭერა შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს ადამიანისთის.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არ იყო, რომ გამარჯვებულების გამოვლენა შეჯიბრებითობის შედეგად მომხდარიყო, ვინაიდან კონკურსის დროს საჭიროა გარკვეული წესების შემოღება, მონაწილეების ჩარჩოებში მოქცევა, საუკეთესოს გამოვლენა/შერჩევა კი, გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით ხდება.

ჩვენ მიზნად სულ სხვა ამოცანა დავისახეთ, პრემიის მიზანია, ხელი შეუწყოს ნომინანტ არტისტებში მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებას, წაახალისოს ისინი, მისცეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება საკუთარი თავის თვითგამორკვევის პროცესში.

- ვინ არიან პრემია "იკას" პოტენციური კანდიდატები?

ესენი არიან – ახალგაზრდა, კრეატიული ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი შემოქმედებითი, ორიგინალური ხედვა და პრინციპები.

არიან დამწყებნი, ან უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობენ ხელოვნების ამა თუ იმ დარგში, მაგრამ მათ ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობს.

- გვიამბეთ როგორ ხდება პოტენციური კანდიდატებების მოძიება?

პრემიის თითოეული ნომინაციისთვის შეიკრიბა ცნობილი, წარმატებული და საკუთარ შემოქმედებით საქმიანობაში რეალიზებული პროფესიონალი ადამიანების ჯგუფი. ჩვენ მათ პრემია “იკას” „კულტურის ატაშეები“ ვუწოდეთ. ესენი არიან უკვე შემდგარი ვიზუალური ხელოვნების არტისტები, გალერისტები, ფოტოგრაფები, მხატვრები, მწერლები, კინემატოგრაფისტები, მუსიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები. სწორედ მათი დახმარებით ეძებს პრემია პოტენციურ ნომინანტებს.

- როგორია უშუალოდ შერჩევის პროცესი, რომლის შედეგად საბოლოო კანდიდატებიდან ჟიური ირჩევს თითო ნომინაციაში ერთ გამარჯვებულს?

კულტურის ატაშეები ადგენენ პოტენციური კანდიდატების სიას, შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ხდება ე.წ. „short list“ -ის დაკომპლექტება, სწორედ ეს სია შემდგომში ეგზავნება ჟიურის,რომლებიც ყოველწლიურად იცვლებიან და გადაწყვეტილებით გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება საბოლოო დაჯილდოების ცერემონიაზე.

- თქვენი პრემიის კონცეფციიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც შერჩევის პროცესია სრულიად განსხვაბული და ინოვაციური, ასეთივე საინტერესოა თქვენს მიერ დაწესებული ყველა პრიზი. როგორ მოხდა პრემია იკას საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ამ კონკრეტული მიმართულების განვითარება და რა მიზანს ემსახურება ასეთი პრიზების დაწესება?

პრემია იკას ნამდვილად შეუძლია იამაყოს, რომ განსხვავებული მიდგომა აქვს გამარჯვებული კანდიდატების მიმართ. ამ პრემიის დაარსებისას საორგანიზაციო ჯგუფმა ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ეს პრემია მართლაც ახალი სიტყვა ყოფილიყო ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაში და ვფიქრობ, ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორების დახმარებით, მათ მიერ დაწესებული პრიზების შედეგად, ნამდვილად შევძელით გარკვეული და შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეგვესრულებინა გამარჯვებული კანდიდატების შემდგომ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

- რას გვეტყვით კომპანიებსა და პარტნიორებზე, რომლებიც პრემია იკას მხარში უდგანან?

ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება პრემია იკასთვის, ვინაიდან რომ არა ჩვენი სპონსორები და პარტნიორები ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით. პირველივე წელს ყველა ორგანიზაცია, თუ კომპანია, სადაც პრემია იკას კონცეფცია წარვადგინეთ, მხარდში დაგვიდგა, რისთვისაც მინდა ყველა მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

მეორე წელია რაც პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია ტერა ბანკი, ის იყო ერთ-ერთი პირველი მსხვილი ორგანიზაცია, სადაც პრემია იკას პრეზენტაცია ჩავატარეთ, მათ კი მაშინვე ირწმუნეს ჩვენი იდეების, პრემიისა და მისი მომავლის, რომ არა ტერა ბანკი, დღეს პრემია იკა ალბათ არც იარსებებდა, სწორედ ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ტერა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ სალომე ქოქოსაძეს, რომლიც მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრემიის არსებობასა და წარმატებაში.

ასევე დიდი მადლობა პალიტრა სახლს, პალიტრა მედიას იმ თანადგომისთვის, რომელსაც პრემია იკა და მისი საორგანიზაციო გუნდი მეორე წელია გრძნობს.

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები