ავტორი:

"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"

"რომ არა ის გაჭირვება, რაც გამოვიარე, მოტივაცია არ მექნებოდა" - გაგა ვარდანიძის უცნობი წარსული "მასტერშეფამდე"

"მასტერშეფის" მეორე სეზონი საინტერესო კონკურსანტებით გამოირჩევა. ისინი არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ცხოვრებისეული ისტორიებითაც გვაოცებენ.

AMBEBI.GE ამჯერად შოუს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსანტს, გაგა ვარდანიძეს გაგაცნობთ, რომელიც თავისი საკმაოდ რთული წარსულისა და პირადი ცხოვრების შესახებ გულწრფელად გვესაუბრა.

- კერძებს ბავშვობიდან ამზადებდი?

- მე და ჩემი ძმა ბებიასა და ბაბუასთან ვიზრდებოდით რაიონში. ძალიან ბევრი რამის გაკეთება მიწევდა სახლში. განსაკუთრებულად ყველის ამოყვანა მიყვარდა და სხვათაშორის, საკმაოდ კარგად გამომდიოდა. ჩვენს მეზობლად ძალიან კარგი ქალი ცხოვრობს, იზა. მასსა და ბებიასთან ერთად ხშირად ვამზადებდი კერძებს. ორივე საოცარი დიასახლისია და დღემდე რაღაცებს ვეკითხები ხოლმე.

- დედ-მამა სად იყო მაგ დროს?

- ძალიან პატარა ვიყავი, მშობლებს საზღვარგარეთ წასვლა რომ მოუწიათ. 4 წლის ვიყავი, როცა დედაჩემი პირველად ჩამოვიდა და თურმე, ვერ ვიცანი. იმდენად იმოქმედა მასზე, რომ თქვა, აღარ წავიდოდა და საქართველოში დარჩებოდა. ცოტა ხანს მართლა არ წასულა, მაგრამ მერე მაინც მოუხდა გამგზავრება...

ყოველთვის მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ ჩემი მშობლები და რა სირთულეები ხვდებოდათ, რომ ჩვენთვის არაფერი მოეკლოთ. ერთხელაც, 15 წლის ვიყავი, როცა ზაფხულის არდადეგებზე დედაჩემს ვუთხარი: მინდა მე გავაკეთო, რასაც შენ აკეთებ-მეთქი და თურქეთში წავედი, რომ მის ადგილზე მემუშავა.

ეს იყო ჩემი პირველი სამსახური: ჭურჭელს ვრეცხავდი იმ სამზარეულოში, სადაც მამაჩემი მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან რთული საქმე იყო. 12 საათიდან 12-მდე ვმუშაობდით და შესვენება მხოლოდ ნახევარი საათი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პერიოდი იყო, მაინც კარგად მახსენდება, რადგან მაქედან დაიწყო რეალურ სამზარეულოსთან ჩემი დაახლოება.

- საქართველოში როდის დაბრუნდი?

- რამდენიმე თვის შემდეგ. სწავლა გავაგრძელე. სასულიერო გიმნაზიაში ჩავაბარე, შემდეგ - უნივერსიტეტში. ჩემს მშობლებს უნდოდათ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და ის სირთულეები არ შემხვედროდა, რაც მათ შეხვდათ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე წარმატებული ვყოფილიყავი ჩემს არჩეულ პროფესიაში.

- პროფესიისთვის ბევრი რამე დათმე?

- პროფესიისთვის თავი გადავდე, კულინარია ჩემი სულის ნაწილი გახდა. ერთხელ მეგობრები მოვიდნენ ჩემთან, ზღვაზე ასვლას და კოცონის დანთებას აპირებდნენ. მე მეორე დღეს გამოცდა მქონდა, უნდა მემეცადინა და უარი ვთქვი. ყველას გაუკვირდა და რეალურად, ჩემმა იმ გადაწყვეტილებამ ბევრი რამ შეცვალა.

ბევრჯერ მიფიქრია: "რატომ მაქვს ასეთი ცხოვრება?" მაგრამ ის გაჭირვება რომ არა, რაც ცხოვრებაში გამოვიარე, ალბათ, ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა და ასე არ ვიმუშავებდი ჩემ თავზე. მჯერა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა!

- მეუღლე როგორ გაიცანი?

- მე და მარიამმა სოციალური ქსელით გავიცანით ერთმანეთი. ის ესპანეთში იყო, მე - საქართველოში. 2 წლის განმავლობაში დისტანციური ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთის მშობლებიც ასე გავიცანით. მარიამის საქართველოში ჩამოსვლა ჩემს შვებულებას დაემთხვა. ყაზბეგში წავედით ერთად და მაშინ დავარქვით ჩვენ შორის გაჩენილ გრძნობას სიყვარული.

ქორწინების გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღეთ: "ხომ არ ვიქორწინოთ?“ „კი, რატომაც არა!“ - უცებ გადავწყვიტეთ და ახლა ძალიან ბედნიერები ვართ.

- „მასტერშეფის“ შემდეგ შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზრდებოდა, ხომ არ ეჭვიანობს მეუღლე?

- სიმართლე გითხრათ, პოპულარობას ჯერ ვერ ვგრძნობ. ქუჩაში დაჟინებით რომ მიყურებენ, ვხვდები, რომ მცნობენ, მაგრამ არ გამოხატავენ ხოლმე. ერთი ეგაა, რომ "ფეისბუქზე" მეგობრების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ახლა 2 500 შემოთავაზება მაქვს და ერთი იმდენი უკვე დავიმატე.

რაც შეეხება ეჭვიანობას, მარიამი არ არის ეჭვიანი. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია და არც საამისო საბაბი მიმიცია. ხშირად ვსაუბრობთ, მეუბნება, რომ ცოტა მეტად გავიხსნა და უფრო თამამად მოვიქცე კამერებთან. ჰგონია, რომ დაძაბული ვარ, მაგრამ მე ვერ ვატყობ ამას ჩემ თავს.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა“ - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს