ავტორი:

სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

სად დაინიშნა პარლამენტიდან წასული ვანო ზარდიაშვილი - ყოფილი კოლეგა მას თანამდებობის გაცვლას სთავაზობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმრავლესობის ყოფილ წევრს, ვანო ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლას სთავაზობს.

ამის შესახებ კაკულიამ ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება ზარდიაშვილის ხელფასს, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

"შევთავაზებ, ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება", - განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ინფორმაცია თავდაპირველად "ტელეკომპანია პირველმა” გაავრცელა, რომელიც ვანო ზარდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ საჯარო მოხელე აღარაა და კითხვებს აღარ უპასუხებს.

“მეორეჯერ ნუღარ დამირეკავთ, იმიტომ რომ საჯარო პირი არა ვარ”, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის ხელფასი ახალ სამსახურში 14 ათასი ლარი იქნება.

რაც შეეხება შპს „ენერგოტრანსს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა”. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, თავის მხრივ, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია, რომლის აქციების სრულ პაკეტს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი” ფლობს. ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს გადაცემული.

ვანო ზარდიაშვილმა საპარლამენტო მანდატი 7 ოქტომბერს დატოვა, სხვათა შორის, საკმაოდ მალე, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ. როგორც ის ვრცელ მიმართვაში წერდა, აღნიშნულის მიზეზი მის მიმართ დაწყებული ნეგატიური კამპანია გახდა:

"არ აქვს მნიშვნელობა როგორი ბინძური გზებით შეძლეს ჩემი დაკავშირება კონკრეტულ თემებთან თუ გამოგონილ ინტერესებთან. დღეს, პირველ რიგში ჩემს უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო ყოველდღიურად უდიდესი სტრესის გადატანა უწევთ. ღირსება და ადამიანური მხარე ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ასევე, ჩემს უკან არის გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად სიმართლისთვის ბრძოლაც უწევს ყოველდღიურად...

მე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო საქართველოს პარლამენტი და დეპუტატის მანდატი. ამით კიდევ ერთხელ მივანიშნებ საზოგადოებას, რომ თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება გამოადგე შენს ქვეყანას და ემსახურო თითოულ მოქალაქეს" - წერდა ზარდიაშვილი მიმართვაში.

"ქვეყნებში, რომლებთანაც ტურიზმზე  მოლაპარაკებები დასრულებული გვქონდა, მდგომარეობა გაუარესდა და გვითხრეს, რომ დაველოდოთ", - გახარია

LIVE: "360 გრადუსი" - აკაკი ბობოხიძე; დავით ბერძენიშვილი

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები