ავტორი:

სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში

სხდომათა დარბაზში არასასიამოვნო სუნია, დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ - რა მოხდა პარლამენტში

პარლამენტში ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეს. სხდომათა დარბაზში პოლიციის მისვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს და არასასიამოვნო სუნი დადგა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა და დეპუტატებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელმა დაასხა ნივთიერება.

"ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შემოიტანა და დარბაზში დაასხა. ამას ექნება უმკაცრესი რეაგირება" - განაცხადა კობახიძემ.

მძაფრი სუნის გამო შეუძლოდ გახდა რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, სასესიო დარბაზში დაასხეს გაურკვეველი ნივთიერება, რომელსაც მკვეთრი სუნი ჰქონდა და ვარაუდობს, რომ ამან გამოიწვია ალერგიული შეტევა.

"ზოგადად, ალერგიული ვარ, ნებისმიერ სუნზე, სუნამოს სუნზეც კი შეუძლოდ ვხდები,"- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

დეპუტატმა არ იცის, რა ნივთიერება დაასხეს სხდომათა დარბაზში და აცხადებს, რომ არც ის დაუნახავს ვინ დაასხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხდა ინციდენტი მას შემდეგ, რაც დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი გამოჩნდნენ და მათ ხომ არ უკავშირდება ეს, მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ირმა ნადირაშვილი არ დაუნახავს, დაინახა მხოლოდ ქებურია, თუმცა, არ იცის ვინ დაასხა ნივთიერება სასესიო დარბაზში.

"ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს. ესაა მათი სახე. მალე ალბათ მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს. არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუმცა ვიდეოკადრები არსებობს. მოდიან საგამოძიებო სტრუქტურები.... ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. რომლებიც შეუძლოდ მყოფებს პირველად დახმარებას უტარებენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ნივთიერების დასხმის შედეგად შეუძლოდ 4 ადამიანი გახდა, მათგან ორი დეპუტატი და ორი კი აპარატის თანამშრომელია.

კილაძის ინფორმაციით, აპარატის ერთი თანამშრომელი ქალი, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.

"მე ვიყავი დარბაზში. სამწუხაროდ, ვერაფრის დანახვა ვერ მოვასწარი. სამართლებრივ შეფასებას სამართალდამცავები გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკური შეფასება შემიძლია ვთქვა - ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ.

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ - განაცხადა კილაძემ.

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა

თურქეთიდან გასაყიდად შემოტანილ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

რუსთავში ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე გარდაიცვალა