ავტორი:

ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."

ახალგორში ქართველების დაკეტილ სახლებში ოსებს შეასახლებენ - "ახლა ვხვდები, რა მძიმეა მეორედ გახდე დევნილი..."

"ახალგორში არსებული, უფუნქციო, დაკეტილი სახლები, რომლებიც 2008 წელს პატრონებმა მიატოვეს, საქართველოში გადავიდნენ და ამ დრომდე ცარიელია, უნდა გადაეცეთ მათ, ვისაც სჭირდება...“ - ამის შესახებ ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი მამიტოვმა განაცხადა და დასძინა, რომ საკითხზე ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ იმსჯელა.

ინფორმაციას www.ekhokavkaza.com ავრცელებს.

მამიტოვის თქმით, დაბაში არაერთი ადამიანია ბინის გარეშე. ზოგს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სჭირდება და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, დაკეტილ ბინებს მათ გადასცემენ...

გამოცემის ცნობით, საუბარია იმ შენობებზე, რომელიც ახალგორის რაიონში საბჭოთა წლებში აშენდა, თუმცა, ადგილობრივი ე.წ. ხელმძღვანელობა კორპუსებს სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევს, არადა, ბინები 2008 წლის ომამდე ბინადრებს საკუთრებაში გადაეცათ.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, მსგავსი მცდელობა სხვა რაიონის ხელმძღვანელებსაც ჰქონდათ, თუმცა, ამის განხორციელება ვერასდროს შეძლეს.

“ახლა დაბაში მიმდინარე პროცესები ძალიან საშიშია, რადგან მეზობელი ოსური სოფლებიდან მოქალაქეები მუდმივად ჩამოჰყავთ და რაიონში ასაქმებენ, შესაბამისად, მათი დაბინავებაც საჭირო გახდა და აგერ ცარიელი ბინები ეგულებათ... გასაგებია ყველაფერი - შეგნებულად კეთდება, რათა ქართული მოსახლეობა მაქსიმალურად შეავიწროვონ და მათი ადგილი სოფლებიდან ჩაყვანილმა ეთნიკურმა ოსებმა დაიკავონ...

ახლა რაიონში უამრავი პრობლემაა დაგროვილი. აქაურობა კორუფციაშია ჩაფლული და მამიტოვი ცდილობს, ეს ამბები ბინების ოსებისთვის გადანაწილებით გადაფაროს... მით უფრო, რომ აქ არსებული პრობლემები ოსებსა და ქართველებსაც ერთნაირად აწუხებთ..." - ამბობს მეარაყიშვილი.

"ერთი სული გვქონდა ჩვენი დაკეტილი სახლის კარს როდის შევაღებდით... სამი თვე გავიდა, იქაურობა არ გვინახავს და ახლა ვხვდები, რამდენად მძიმეა მეორედ გახდე დევნილი... ჩვენს სახლში სხვების შესახლება ნიშნავს, რომ ჩვენ იქ ვეღარასდროს ჩავალთ... თუ ეს პრეცენდენტი დაუშვეს, სხვა ბინებსა და სახლებსაც მიადგებიან" - ამბობს ერთ-ერთი ახალგორელი ჩვენთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან - 3 მილიარდი რუსული რუბლიდან, დაახლოებით 48 მილიონი დოლარი გაიფლანგა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

რუსული მხარის ცნობით, ვინაიდან საქმეების გამოძიება რუსეთშივე მიმდინარეობდა, დამნაშავე პირთა ნაწილი პატიმრობაში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, ზოგი კი - შინაპატიმრობაშია. ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა, მათ შორის არიან ოსებიც.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში