ავტორი:

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

ოთხი სხვადასხვა ხასიათი "საქართველოს ვარსკვლავში" - ქალები, რომლებიც მეგაშოუს მართავენ

მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დღეს ოთხ ლამაზ, ჭკვიან და ძლიერ ქალს მიჰყავს. ასეთი შემთხვევა საქართველოს მეგაპროექტების ისტორიაში, ჯერჯერობით პირველია.

დიახ, დღეს ქალებს არაერთი საპასუხისმგებლო საქმე მიჰყავთ არა მარტო შოუში და ტოლს არ უდებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს... თუ ისევ შოუს დავუბრუნდებით - სცენაზე მთავარი წამყვანი, მსახიობი რუსკა მაყაშვილია. მას წელს პირველად უწევს პარტნიორის გარეშე პირდაპირ ეთერში მუშაობა. სხვადასხვა ოთახებიდან კი ეტაპობრივად ერთვებიან: ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე, ლელა მებურიშვილი და მარიკო ლეჟავა.

ყველა წამყვანს თავისი ფუნქცია აქვს - ერთი სცენაზე კონკურსანტს აცილებს, მეორე - პროექტში მისულ მუსიკოსებს მასპინძლობს, მესამე - კონკურსანტების გულშემატკივრებს...

AMBEBI.GE ოთხივე მათგანს შეხვდა, პარტნიორობაზე და არა მარტო ამაზე, ესაუბრა:

ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძე:

"ძალიან მაგარი შოუა. დიდი მადლობა პროდიუსერებს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, ვყოფილიყავი ამ გუნდის ნაწილი, მართლა საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მარტო გოგონები ვართ წამყვანები.

რუსკა მარტო დგას სცენაზე და ამხელა შოუ მიჰყავს, ამას რამხელა ენერგია უნდა და ნამდვილად, სასწაული გოგოა! იგივე შემიძლია ვთქვა ლელაზე, მარიკოზე - ყველა ძალიან ძლიერი, გონიერი, ნიჭიერია, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ადამიანია და ეს ჩემთვის საოცარ გარემოს ქმნის.

ეს ყველაფერი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გენდერულ თანასწორებაზე ვლაპარაკობთ... ძალიან მაგარია, როდესაც პატარა გოგონას შეუძლია, შინ ჩართოს ტელევიზორი, უყუროს შოუს და ნახოს, რომ ის მხოლოდ გოგოებს მიჰყავთ, ისინი მაგრები, ყოჩაღები და ძლიერები არიან. სხვათა შორის, შოუში პროდიუსერებიც გოგოები არაინ...

პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალები ლამაზები, ჭკვიანები და ძლიერები ვართ! მიუხედავად დიდი სტრესისა, დაღლისა, იმ წუთის განწყობისა, შენ მაყურებელზე უნდა იზრუნო, მან შოუს უნდა უყუროს, წამყვანმა კი ამისთვის ყველაფერი გააკეთოს!

ვერც ერთ კოლეგას ვერ გამოვყოფ, ისევე როგორც კონკურსანტებს. ყველანი განსხვავებულები არიან. ყველას აერთიანებს ის, რომ ძლიერი გოგოები არიან. ქალში სიძლიერე მომწონს და მათში ამას ვხედავ. ფრაზა, "ქალის ადგილი სამზარეულოშია" - ეს სტერეოტიპი ყველგან იმსხვრევა, ქალის ადგილი სამზარეულოში კი არა, შეიძლება "ტელევიზორშიც" იყოს!“

რუსკა მაყაშვილი:

"კარგია, რომ ასეთი გოგოები უძღვებიან შოუს. ოთხი სხვადასხვა ხასიათი და ფერია მათი სახით პროექტში. ყველას ფანტასტიური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

ლელა ჩემი კოლეგაა, მსახიობია, ნინუცას ბავშვობიდან ვიცნობ, მარიკო ახლო მეგობარია, ყოველთვის მიხაროდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, სამსახურშიც მასთან ვურთიერთობ. ამის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ამ შოუზე საოცრად მაგარი გუნდი მუშაობს, სამსახურში მისვლა მიხარია. გადასარევი სიტუაციაა, ასეთივე ურთიერთობა გვაქვს წამყვანებს, კონკურსანტებს, პროდიუსერებს.

შოუს მთავარი პროდიუსერი, თეკლა გოგოლაშვილი ჩემი პროდიუსერიცაა, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ასევე უდიდესი კომფორტია მასთან თანამშრომლობა. მოკლედ, შოუს ქალები მართავენ და მშვენივრად ვუმკლავდებით.

მარიკო ლეჟავა:

"ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა უდიდესი პატივია იმიტომ, რომ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო პირველი პროექტი, სადაც წლების წინ გამოვჩნდი. მას „მშობლიურ პროექტს“ ვუწოდებ.

შოუ 4 ქალს მიგვყავს, საოცრად კარგი შეგრძნება და ემოციაა ჩემთვის. ყოველ ლაივზე ვამტკიცებთ, რომ ქალები ვართ წამყვანი ძალა, ყველაფრის სათავე და ქალების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

ჩემი უსაყვარლესი, უნიჭიერესი მეგობრით, რუსკა მაყაშვილით დავიწყებ, რომელიც დაუჯერებელ ამბავს სჩადის, მარტო დგას ფილარმონიის სცენაზე - პირდაპირ ეთერში ლაივკონცერტი მიჰყავს. მერე წაყვანაც არის და წაყვანაც, ისე მიჰყავს, რომ მართლა ვერ გრძნობ, რომ ვინმე ოდესმე თანაწამყვანის სახით გვერდით ედგა. სულ მქონდა განცდა, რომ სცენაზე, ამ ამპლუაში მარტო უნდა მდგარიყო.

ლელაზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური ადამიანია, მხიარული ოთახი აქვს, რადგანაც მისი სტუმრები მუდმივად მხიარულობენ და ლელაც სულ იცინის, მოღიმარი გოგონაა და ძალიან მიყვარს...

ნინუცა საოცრად დადებითი გოგოა, ასევე ძალიან მომწონს მისი წაყვანის სტილი, როგორ მეგობრულად არის კონკურსანტებთან, ამხნევებს მათ.

ლელა მებურიშვილი:

"ქალბატონობის ასეთი პარტნიორობა და ასე ოთხი ქალი ერთად ყოფილიყოს სადმე, რომელიმე შოუში, არ მახსოვს, თან, მხოლოდ საქართველოში კი არა, სხვა ქვეყნების შოუებშიც.

ეს ყველაფერი მართლაც მომწონს, რადგანაც რაღაც ახალი შეგრძნებაა და კიდევ სხვა დატვირთვას აძლევს ამ ყველაფერს, მით უმეტეს, რომ ყველა განსაკუთრებულები არიან, განსხვავებულები, ვიზუალურადაც სხვადასხვა ტიპაჟები. სამივე, ნიჭიერია. რაც მთავარია, ძალიან ვმეგობრობთ.

სურვილი გვაქვს, რომ ოთხივე ერთად ვიდგეთ სცენაზე და ალბათ ფინალში ასეთიც იქნება.

რუსკა კოლეგაა, რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის მომწონდა სცენაზე... სცენაზე დგომა მსახიობისთვის კიდევ სხვა რამ არის. მომწონს რუსკა, როგორც წამყვანიც და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მარტოც არაჩვეულებრად გაართმევდა პროექტს თავს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის პარტნიორთან მუშაობა.

ძალიან მომწონს ნინუცა, როგორც გარეგნულად, ძალიან ლამაზია, ეკრანს უხდება და ასევე მისი წაყვანის სტილიც კარგია, ჩემთვის განსხვავებულია.

და რა თქმა უნდა, მარიკოზეც იგივეს ვიტყვი, მისთვის კიდევ უფრო დიდი პლუსია, რომ თვითონაც კარგად მღერის, ეს პროექტი გამოვლილი აქვს, ამ სფეროში კომპეტენტურია.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ქართველ ქალები განსხვავებულად ლამაზები მეჩვენებიან, ეს ჩემი ხედვაა, თუმცა სცენაზე დგომას და წამყვანობას კიდევ სხვა რამ სჭირდება. სილამაზე ნამდვილად არ კმარა, შეიძლება, ლამაზი საერთოდაც არ იყო, მაგრამ ისეთი მომხიბვლელი იყო, ეშხიანი, მიმზიდველი, რომ სიამოვნებდეს მაყურებელს შენი მოსმენა. ჩვენს წამყვანებს ყველაფერი ერთად აქვთ. პირდაპირ ეთერს ნიჭი, სილამაზე, გამბედაობა და ძალა სჭირდება...