ავტორი:

"მშივრები ვიყავით, წამალი რომ დაგველია, წყალი არ იყო, წვიმას ველოდით" - რას ჰყვებიან ლიბიიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები

"მშივრები ვიყავით, წამალი რომ დაგველია, წყალი არ იყო, წვიმას ველოდით" - რას ჰყვებიან ლიბიიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები

2 წლისა და 4-თვიანი ტყვეობის შემდეგ, სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე 32 წლის რომა კაკალაძე გაათავისუფლეს. ლიბიაში მდებარე ტაჯურას ციხეში, თითქმის არაადამიანურ პირობებს ემატებოდა სხვა საფრთხეებიც, ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ომი, დაბომბვები, დაპირისპირებულ ძალებს შორის მუდმივი დაძაბულობა.

ერთ-ერთ მათგანს რომა კაკალაძეს ჯერ კიდევ ლიბიაში, ტყვეობაში ყოფნისას ინტერნეტით ვესაუბრებოდი. მისივე თქმით, სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ რამდენიმე თვის წინ ცნო, თუმცა, ადგილობრივი პროკურატურა და ადვოკატი მათ გათავისუფლებას არ ჩქარობდნენ.

ცნობისთვის, დიქტატორ მუამარ კადაფის 42-წლიანი რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2011 წლიდან ლიბიაში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომია. ქვეყანა დანაწევრებულია და ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი თანდათან მწვავდება. ძალაუფლებისთვის რამდენიმე დიდი და მცირე დაჯგუფება იბრძვის.

ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაური რომა კაკალაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ტაჯურას ციხეში ყოფნისას მეგონა, რომ ჩემს ქვეყანას ვეღარასდროს ვნახავდი... უბედნიერესი ადამიანები ვარ, რომ დაბრუნება გვეღირსა. ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვისაც ვახსოვდით და ჩვენს გასათავისუფლებლად სიტყვით თუ საქმით იბრძოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო 6 თვე ყურადღებას არ გვაკლებდა, ყოველდღე კავშირზე იყო. თუმცა, განსაკუთრებული მადლიერება ალექსანდრე ჭელიძეს, რომელიც თანხასაც კი მირიცხავდა, რომ ციხის მაღაზაში საკვები მეყიდა... ეს არასდროს დამავიწყდება.

- რას გედავებოდნენ?

- კონტრაბანდას, არადა, საბუთი თავად ლიბიის სანაპიროს დაცვას უნდა მოეცათ. არ მოგვცეს და დიზელის კონტრაბანდულად მიტაცებაში დაგვადაშაულეს. დაახლოებით იგივეა, ავეჯი გქონდეს გადასაზიდი, გამოიძახო გადამზიდი, დატვირთული გამოუშვა და გზაში პოლიცია დააწიო, გაიტაცაო...

- ენა ისწავლეთ?

- კი, რაღაც დონეზე. ორ წელზე მეტხანს მომიწია იქ ყოფნა... აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან, ლიბიაში ახლა ყველაზე მძიმე ვითარებაა. შეიძლება ითქვას, სირიას არ ჩამოუვარდება. ტაჯურა, სადაც ჩვენ ვიყავით, ტრიპოლის გარეუბანია. აპრილის შემდეგ, გარშემო ომი მძინვარებს. ქალაქის სამხრეთ ნაწილი იბომბება, ჩვენ აღმოსავლეთიდან წამოვედით. რამდენიმე რაიონში, ტერორისტული ორგანიაციები არიან თავმოყრილი. ვითომ რელიგიურ ნიადაგზე, თუმცა სინამდვილეში ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

- ასეთ ვითარებაში სახელმწიფო უწყებები თუ არსებობენ?

- პრაქტიკულად არა. ერთ დღეში, უფრო სწორად 4 საათში 50-მდე სასამართლო პროცესი ტარდებოდა და განაჩენიც გამოჰქონდათ. პროცესზე მოსამართლე ბრალდებულს ამ ერთადერთ კითხვას უსვამდა, ეთანხმებით თუ არა ბრალდებას... ადვოკატიც ამბობდა რაღაცას, ფორმალურად. ბოლო სიტყვა ისევ მოსამართლეს ეკუთვნოდა - ერთ თვეში იქნება შენი განაჩენიო. სულ ეს იყო. ანუ ფული უნდოდათ. ნახევარი მილიონი დოლარის გადახდას გვთხოვდნენ... სასამართლოს შენობაში არსებობს ოთახები, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები სხედან და გარკვეულ მიმართულებებს აკონტროლებენ... ანუ ამჟამინდელი ხელისუფლება, ყველა სფეროს ვერ აკონტროლებს და ეს ყველაფერი ტეროროსტების ხელშია. მათთვის კი, ფული ყველაფერზე მნიშვნელოვანია...

ალექსანდრე ჭელიძეს თავადაც სურდა ჩამოსვლა, რადგან ციხის უფროსმა უთხრა, ჩამოდი და შენს მოქალაქეებს გაგატანო, მაგრამ მე და კაპიტანი კომახიძე წინააღმდეგი ვიყავით. არ გვქონდა გარანტია, რომ მასაც არ აიყვანდნენ მძევლად. იქ ვერავის ენდობი და არც არაფრის გარანტია არსებობს.

რომა კაკალაძე

- ციხეზეც გვიამბეთ - ვიცი, რომ თავიდან არ იყო საკვები, წყალი, არ არსებობდა სამედიცინო მომსახურება...

- პირველი წელი ამ მხრივ ყველაზე მძიმე იყო, კვირა გადიოდა, საკვებს ვიზოგავდით შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით და კვირაში - 3, ზოგჯერ კი, 4 დღეც მშივრები ვიყავით. წამალი რომ დამელია, წყალი არ იყო და წვიმის მოსვლას ველოდი... მერე ვიღაცის ჩარევით, ციხეში მაღაზია გაიხსნა, სადაც საკვებიც და ტანსაცმელიც იყიდებოდა. თუ ფული გვექნებოდა, მშიერი არ მოკვდებოდი. ჩვენამდე თანხა თურქეთის საკონსულოს გავლით მოდიოდა და არასდროს დაგვკარგვია, მაგრამ საკანში ნარკომანები გვყავდა, ლიბიელები, რომლებიც ჩვენი დაძინების შემდეგ, მაღაზიაში ნაყიდ პომიდორს, პურს და მაკარონს გვპარავდნენ, ნარკოტიკზე რომ გადაეცვალათ... 1 კგ ბრინჯი 5 დინარი ღირდა და ასე აკოწიწებდნენ ფულს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ვიჩხუბეთ, რის შემდეგაც, მე და კაპიტანი კომახიძე სხვადასხვა ბლოკში გადავედით. ის უკრაინელებთან წავიდა, თურქებთან და შემდეგ, თანდათან დალაგდა ვითარება. ორივემ ამოვისუნთქეთ.

- ისინი რისთვის იხდიდნენ სასჯელს?

- კონტრაბანდისთვის... ამ უმძიმეს 840 დღეში კურიოზული მომენტიც იყო, ციხეში გადაყვანის შემდეგ, ერთი დღით გამოგვიყვანეს და გემიდან ტვირთი გადმოგვატვირთინეს. მაშინ სანაპირო დაცვის მეთაურმა, ვინც დაგვაკავა, გვკითხა, როგორი პირობებია ციხეშიო და არაადამიანურიო, ვუთხარით. შევეცოდეთ და ერთი კვირა დაგვტოვა გემზე და იქ თავისი ხარჯით გვაცხოვრა. მაშინ საუბარში გვითხრა, თქვენმა კომპანიამ ფული არ გადამიხადაო. ის იყო მარშრუტზე პასუხისმგებელი და წილსაც ითხოვდა, მან კი არ გადაუხადა და ჩვენ კინაღამ შევეწირეთ....

როდესაც გაგვათავისუფლეს, ციხესთან ჩვენი საპატიო კონსული, ლიბიელი ალი ეშეტვუ მოვიდა. ციხის კარი გაგვიღეს და ეს განცდა არასდროს დამავიწყდება. ალიმ მანქანით ტრიპოლში ჩაგვიყვანა, სადაც რამდენიმე დღე სასტუმროში ვიყავით. ტაჯურის ციხისგან განსხვავებით, სადაც სულ ისმოდა დაბომბვის ხმა და ლამის იავნანად ჩაგვესმოდა, კონკრეტულად, ტრიპოლში სიმშვიდე იყო...

საქართველოს საელჩომ ეგვიპტეში დროებითი პასპორტები გამოგვიგზავნა. ჩვენი, დაკავების დროს ჩამორთმეული პასპორტები, მეზღვაურის სერთიფიკატები, პირადი ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული არ დაგვიბრუნეს, მაგრამ არაფერს ვდარდობ. ყველაფერზე ძვირფასი თავისუფლებაა.

- მეზღვაურობის რამდენწლიანი სტაჟი გაქვთ?

- 8 წელი ზღვაში ვიყავი. სომალიც გავლილი მაქვს და ნიგერიაც. პატიმრობაში ყოფნამ კი არა, საერთოდ სამართალდამცველებთან პირველად მომიწია ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საქართველოში პატრულმა 20-ლარიანი ჯარიმა დამიწერა... ახლა პირველ რიგში, ჯანმრთელობას უნდა მივხედო. სერიოზული არაფერია, მაგრამ როდესაც გემზე მეზღვაურად იწყებ მუშაობას, აბსოლუტურად ჯანმრთელი უნდა იყო. ლიბიის ციხის არაადამიანური პირობები ჩემს ჯანმრთელობაზე ნამდვილად აისახა. თუმცა, ყველაფერი მოგვარებადია და რადგან პროფესიით მეზღვაური ვარ, ვაპირებ ჩემი პროფესიით მუშაობა გავაგრძელო... აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა დამირეკა და გამოკვლევების ჩატარება შემომთავაზა. ვნახოთ, რის საშუალებას მომცემს ჩემი ჯანმრთელობა.

გენადი კომახიძე, კაპიტანი:

- ლიბიაში არ არსებობს კანონი, რომელიც მის წყლებში შესვლასა და სატვირთო ოპერაციების ჩატარებას კრძალავს... მაინც დაგვაპატიმრეს... ამიტომ ვამბობ, რომ ეს პერიოდი უკანონო პატიმრობაში გავატარეთ. ახლა ქვეყანას მაფიოზური კლანები მართავენ, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობებს ფულს სძალავენ.

- იმ კომპანიიდან, რომლის ტვირთიც გადაგქონდათ, არავინ შეგეხმიანათ?

- არა, არც მფლობელი გამოჩენილა ჩვენთან... 5 წელია კაპიტანი ვარ. ისე კი, მთელი ცხოვრება ზღვაში მაქვს გატარებული. 23 წლის ვიყავი საზღვაო სასწავლებელი რომ დავამთარე, ახლა 58 წლის კაცი ვარ და მთელი ცხოვრება წყალში ვიყავი... ეს იყო ჩემთვის პირველი პატიმრობა და იმედია, უკანასკნელიც. უმძიმესი 2 წელი და 4 თვე ჩემს ცხოვრებაში, ციხის მეთაურობა დილას რასაც გვეტყოდა, საღამოს უკვე სხვა პოზიციაზე იყვნენ... ახლა მთავარია, ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გავიარო. 2 წელიწადნახევარი ცივ ქვაზე დადებულ მატრასზე გვეძინა. საშინელი ზამთარი იცის, თუმცა, ზაფხულშიც კი ცივა... ციხის შენობაში არაადამიანური პირობები იყო. თავად შენობა, ბოლომდე არ იყო გადახურული. რკინის გისოსები კი ჰქონდა, მაგრამ ჰაერი ატანდა, რადგან ჰერმენტულად არ იყო გადახურული და ზამთარში ისე ციოდა და ქარი ისე შემოდიოდა, როგორც გარეთ, ქუჩაში. თან გათბობა არ არსებობს...

- კიდევ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები ჰყავდათ პატიმრობაში?

- უკრაინელები, თურქები, ხორვატები, ადრე რუსებიც ყიფილან, მაგრამ მე არ დამხვედრია. უკრაინელები პატიმრობაში დატოვეს, წინააღმდეგობის გაწევასაც ედავებოდნენ... მათი მთავრობაც ძალიან ბევრს აკეთებენ, თუმცა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართული პირბადეებზე

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

"ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია" - მარინა ეზუგბაია