ავტორი:

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

"ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა..." - მარტა ბარამიძის პირველი კომენტარი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ

''მასტერშეფის'' ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. 22 დეკემბრის ეპიზოდი განსაკუთრებულად დაძაბული და მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა. შოუ მარტა ბარამიძემ დატოვა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა:

''მარტა როგორ გააგდეთ, თქვე არასწორებო?!''; ''სხვა გასაგდები ვერავინ ნახეთ?''; ''მარტა არ უნდა გაგეშვათ, ყველას ჯობდა''; ''მარტა როგორ გაუშვით, მასეთ ადამიანებს უნდა მისცეთ შანსი'' - წერენ სოციალური ქსელში ''მასტერშეფის'' ფეისბუქგვერდზე.

რას ფიქრობს მარტა ბარამიძე პროექტის დატოვების შემდეგ, უარყოფს თუ არა დიმუსთან ურთიერთობას და რა გეგმები აქვს მომავალში - ამაზე კონკურსანტი AMBEBI.GE-ისთან ინტერვიუში საუბრობს:

- როგორ ფიქრობ, რატომ დატოვე პროექტი?

- რომ წამოვედი, ძალიან დავითრგუნე. ბევრი კითხვის ნიშანი მქონდა: რა მოხდა, რატომ, როგორ? მქონდა შეცდომები, მაგრამ სხვებსაც ჰქონდათ. მე თუ მქონდა ფხვიერი ცომი, იმათ ჰქონდათ - ტორტის ბისკვიტი. მე ბოლო წამებში თავიდან გამოვაცხვე, ბევრი ვიწვალე, მაგრამ ჟიურიმ მაინც მე გამიშვა... შენზეა დამოკიდებული, ამას როგორ მიიღებ - გაბრაზდები, თუ პირიქით, გაკვეთილად მიიღებ.

- შენ როგორ მიიღე ეს?

- როგორც გაკვეთილი. ჩემ თავს ვუთხარი, რომ ახლა დათრგუნვის დრო არ არის და წინ უნდა წავიდე. ეს დამარცხება ნამდვილად არ არის. გამარჯვებასა და დამარცხებაზე ცოტა სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. მთელი ცხოვრება თავში გვიდებენ და გვაჩვევენ ამ აზრს: "შენ უნდა გაიმარჯვო, შენ არ უნდა დამარცხდე", რაც ფსიქოლოგიურად გვანადგურებს. ეს რომ გავიაზრე, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩემ თავზე და მივხვდი, რომ გამარჯვება-დამარცხება არ არსებობს - რაღაც ან გამოგივიდა ან არ გამოგივიდა. ყველა ყოველთვის პირველ ადგილას ხომ ვერ იქნება?!

ნებისმიერი ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის შეხედულებებზე და ისე მოიწყოს სამყარო, როგორც მას „ეპიტნავება".

- ძალიან ბევრს საუბრობენ შენი და დიმუს ურთიერთობაზე...

- მე და დიმუ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და მასთან არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა არ მაქვს. მასთან სიახლოვე იცი, რა იყო? - უცხო ქალაქში რომ მოხვდები, სადაც ერთი ნაცნობი შეგხვდება და გინდა, მას ეკონტაქტო. ჩვენ მეგობრები ვართ. სასიყვარულო ურთიერთობა არც „მასტერშეფამდე“ გვქონია და არც მომავალში წარმომიდგენია.

- შენს რომელიმე კერძს შეცვლიდი?

- რა თქმა უნდა! საშუალება რომ მქონდეს, თითოეულ კერძს რაღაცას შევუცვლიდი და მეტიც, მთლიანად ამოვატრიალებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კერძებს ბევრჯერ დაუმსახურებიათ მოწონება, არასოდეს მქონია თვითკმაყოფილების განცდა - თითქოს, რაღაც უკვე სრულყოფილია და ხელის დაკარება აღარ სჭირდება. მიყვარს ექსპერიმენტები და ცვლილებები. ნებისმიერი კერძი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მისი ინგრედიენტებით უამრავი ახალი კერძი შექმნა.

- რომელი იყო ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი?

- "საიდუმლო ყუთის“ დავალება იყო ყველაზე უცნაური და საინტერესოც, რადგან ისეთი ინგრედიენტები (შოკოლადი, კრემყველი, ბეკონი, სტაფილო) ამოვიდა, რომ თავში ვერ ვალაგებდი, რა რასთან უნდა შემეთავსებინა. თან რამე ახლის, კრეატიულის, სიგიჟის გაკეთება მინდოდა და არა რაღაც მოძველებულისა და ათასჯერ გაკეთებულის. ჩემი სიყვარულიც სამზარეულოს მიმართ ეგაა - განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლია შექმნა-გარდაქმნა კერძი და სიგიჟეები აკეთო.

- რა მოგცა "მასტერშეფმა"?

- პირველ რიგში, ადამიანების სიყვარული. იმდენ ადამიანს შევუყვარდი, რომ მე თვითონაც ვერ ვიჯერებ ამას. ქუჩაში ხალხი რომ მაჩერებს, მეხუტება, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ამაზე ძვირფასი არაფერია.

- როგორ დაამახსოვრდება მარტა ბარამიძე მაყურებელს?

- ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილებისა და ოცნებებისთვის იღწვის.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ქართული "ქუჩის კვების" იდეა მაქვს გეგმაში, მაგრამ მანამდე კულინარიული განათლების მიღებას ვაპირებ. ჩემი თავის პირველი კრიტიკოსი ვარ. სანამ მე არ ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ ძალიან კარგად ვიცი კონკრეტული რაღაცები კულინარიაში, მანამდე თავდაჯერებული ვერ ვიქნები.

კულინარია იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სანამ შენ რესტორანში ვახშამს მიირთმევ, სამზარეულოში უკვე ახალ რაღაცებს იგონებენ, რაც ჯერ არ გიჭამია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ყველა მზარეულმა თანამედროვე კულინარიის ტემპს ფეხი აუწყოს და სწორედ ამას ვაპირებ.

- და ბოლოს, ვის გულშემატკივრობ „მასტერშეფის“ ფინალში?

- სხვათაშორის, ამ საკითხზე ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრე. აქამდე ვამბობდი, რომ დიმუს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შოუში გაიმარჯვოს ადამიანმა, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს კულინარია და შეუძლია 24 საათი სამზარეულოში გაატაროს. ასეთი, ჩემი აზრით, ნუცაა - ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი წელი მიუძღვნა და უძღვნის კულინარიას.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"ადამიანი - ორკესტრი" - გაიცანით ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი, რომელიც ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და უნიკალურ პროექტებზე მუშაობს

55 წლის მონიკა ბელუჩის ახალი იმიჯი - ეს ვარცხნილობა 2020 წლის მთავარი ტრენდია

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის კინოფესტივალის ტრიუმფატორია - ფილმი და ლევან გელბახიანი საუკეთესოდ აღიარეს