ავტორი:

სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

სოხუმის სკოლებში ნარკოტიკების შემცველ საღეჭ რეზინებსა და კანფეტებს არიგებენ - როგორ ეხმაურებიან სკანდალს ადგილობრივები

რამდენიმე დღეა სოხუმის სკოლებში, ნარკოტიკების შემცველი საღეჭი რეზინისა და კანფეტების გავრცელების გამო, აგორებული სკანდალი არ ცხრება. რეგიონში ხმოვანი საუბრის ჩანაწერებიც ვრცელდება, რომელშიც აფხაზური და სომხური გვარების მქონე ქალები მოზარდებში საშიში კანფეტების გავრცელების გზებზე საუბრობენ.

"ჩვენც შევთავაზეთ მოზარდებსა და პატარა ბიჭებს კანფეტები და საღეჭი რეზინები", - აღნიშნავენ ქალები ხმოვან შეტყობინებებში. აფხაზური მედიის ცნობით, ქალი სოხუმის ერთ-ერთი სკოლის ნომერსაც ასახელებს.

აფხაზურმა ტელერადიოკომპანიამ (АГТРК) თემას სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. კადრებში ჩანს ინტერნეტში გავრცელებული ტკბილეული წარწერით: "აიღე კანფეტი". ერთ-ერთი მშობელი კი იმ მოზარდზე საუბრობს, რომელმაც კანფეტი ჭამა.

სკოლის მასწავლებლები და ე.წ. მილიცია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა. თუმცა აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ ის მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ "ქვეყანაში" ამ მხრივ მძიმე ვითარებაა, მაგრამ სიტუაციას აკონტროლებენ.

"ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს საავადმყოფოებთან და ვაკონტროლებთ მონაცემებს, ვინ შეჰყავთ ან გამოჰყავთ. თავად ნარკოლოგებიც მუდმივად სტუმრობენ სკოლას, რათა ვითარება უფრო ახლოს შეისწავლონ. თავის მხრივ ეს ნარკომანიის პრევენციასაც ემსახურება, რადგან მოზარდს მათ მავნებლობაზე ესაუბრებიან", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროში.

აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში აფხაზები წერენ, რომ "შსს-ს რაც არ აწყობს, მაშინვე უარყოფს".

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცას მალავენ და ვიღაცას ხელს აფარებენ. ახალგაზრდების 80% ნარკომანია და ახლა ბავშვებზე გადავიდნენ, ასეთი არგუმენტი აქვთ - არცერთი მათგანი საავადმყოფოში არ მიუყვანიათო - ვის სჯერა ექიმების, როდესაც აქ ბანდიტები ერთმანეთის კლანების გარანტები არიან", - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი ფსევდონიმით "ბელი ბაშლიკი".

"ვის უნდა ენდო ამ ქვეყანაში?! ექიმების ნდობა არ შეიძლება, ეს უკვე ვიცით, არც მილიცია სარგებლობს ნდობით, ხელისუფლების ხომ საერთოდ არავის სჯერა. რაში სჭირდებათ ბავშვებში ნარკოტიკების გავრცელება?!", - წერს კიდევ ერთი აფხაზი.

სხვები ნარკოტიკების შემცველი კანფეტებისა და საღეჭი რეზინის გამავრცელებლების ინტერესს ასე ხსნიან:

"მიზეზი მარტივია - უნდათ, მოზარდები ნარკოდამოკიდებული გახადონ, რათა შემდეგ ისინი ადვილად მართონ. ეს არის ნარკომოვაჭრეების ინტერესი. თუ მოზარდებს მშობლები ყოველდღიურად რაღაც თანხას აძლევენ, ეს თანხა მათ ჯიბეებში წავა, რაც მათთვის მზარდი შემოსავალია. ახალი ამბავია, რომ ჩვენთან არანაირ შემოსავალს არ თაკილობენ ვიღაცეები?! იღებენ წილებს და ცხოვრობენ ბედნიერად".

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს