ავტორი:

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტს 20:00 საათიდან ენგურის ხიდი ყველასთვის ჩაიკეტება...

"მსოფლიოში სამწუხარო ამბებია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ამიტომაც უკიდურესი საჭიროების გარდა, არ ვმოგზაურობთ, ვიბანთ ხელებს და ვუფრთხილდებით ჩვენს ხანდაზმულ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს..." - წერს დაურ კოვე სოციალური ქსელში.

აფხაზეთის ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის თქმით, ენგურზე შეუზღუდავად მიმოსვლა მხოლოდ "ენგურჰესის" თანამშრომლებს შეეძლებათ, თუმცა გაფრთხილებული არიან "ენგურს იქით მცხოვრებლებთან კონტაქტი შეზღუდული ჰქონდეთ. ისინი კი, ვინც საქართველოში სამკურნალოდ მიდის, აფხაზეთში დაბრუნებას მხოლოდ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ შეძლებენ".

მისივე თქმით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის, თუმცა "ოფიციალურ" განცხადებას აფხაზეთის მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს და ვარაუდობს, რომ რეგიონში ვირუსით დაინფიცირებულები უკვე არიან. აფხაზების ნაწილი ინტერნეტში წერს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მათზე გამანადგურებლად იმოქმედებს.

"უკვე რამდენიმე ადამიანზე გავიგე, რომ სიცხით და უჩვეულო სიმპტომებით მიმართეს ექიმს, მაგრამ უბრალოდ გაციებად ჩაუთვალეს და სახლში გამოუშვეს... რამდენიმე ექიმმა კი ურჩია, რაც შეიძლება მეტი ცხელი და თბილი სითხე მიეღო და ცოტა ხნით ოჯახის წევრებთან კონტაქტისგან თავი შეეკავებინა. ანუ თვითიზოლაცია დაუწესეს, ვინ დაიცავს მას, ამ ჰიგიენის გამკაცრებულ წესებს, თუნდაც ხელების ხშირად დაბანასთან დაკავშირებით, როცა სოხუმის ბევრ ქუჩას წყალი რამდენიმე დღეა არ აქვს. დასალევ წყალს ვყიდულობთ... რუსეთიდან და უკრაინიდან უამრავი ადამიანი შეუზღუდავად შემოდიოდა, ვინ დაიჯერებს, რომ არაფერი ხდება?!" - წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი ირინა ჩამბა.

"რას გვიპირებენ?! გზა გახსნილი რომ იყოს, ამ დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენა ენგურის ხიდზე მაინც მოხდებოდა, სადაც შესაბამისად მოუვლიდნენ და არც მის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე და არც სხვებისას... ახლა, როდესაც ადამიანები რისკის წინაშე ვდგავართ, სისულელეა ასეთი გაჯიუტებები და პოლიტიკური კეკლუცობა. თუ ეპიდემიამ იფეთქა, ვის იმედზე ვართ, რუსეთის?.. რომელიც თავისი მოქალაქეების პრობლემებს მალავს? სად, რომელ ლაბორატორიაში უნდა მოხდეს ინფიცირებულის გამოვლენა, როცა პატრონი არ გვყავს და მთელი ქვეყანა არჩევნების რეჟიმზეა გადართული?" -კითხულობს იური ჯოლოგუა.

"ახლა მთავარი თემაა არჩევნები, ასლან ბჟანია დაბრუნდა და განაცხადა, რომ დამნაშავეებს ომი გამოუცხადა, პასუხად კი მათგან მუქარა მიიღო, რომ მკაცრად მოეკითხება, ანუ ახალი შიდა ომის მომსწრეები ვხდებით... მაშინ, როდესაც ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორიც არის იტალია, გერმანია, ესპანეთი კორონას ვერ უმკლავდებიან, ჩვენ ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს. დაუცველი არიან ჩვენი მოხუცები, რომელთა უმეტესობას ქრონიკული დაავადებები აწუხებს... ყველანაირი პროდუქცია 40% -ით გაძვირდა, სამუშაო რაც იყო, ისიც შეიზღუდა. ერთი ფაქტიც რომ გამოვლინდეს, ათასობით ადამიანი შიშით დაიხოცება. ასეთი უსუსურობა არასდროს მიგრძვნია..." - ამბობს ლენა წვიჟბა.

kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას გალის მოსახლეობა, განსაკუთრებით "მოსაზღვრე" სოფლებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ზუგდიდში სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობაზე სამუშაოდ დადიოდნენ და ამ შეზღუდვებით უმძიმეს მდგომარეობაში ვარდებიან.

"არავინ გველაპარაკება, რა ხდება ჩვენს თავს, თითქოს მოწყვეტილი ვართ ყველანაირ რეალობას. უბრალოდ ენგურს იქით არ გაგიშვებთო, გვითხეს და მორჩა... 7 აპრილამდე გზა არ გაიხსნებაო. აქ რა გავაკეთოთ, არც ექიმია, არც წამალი... ვინ როგორ უნდა დაგვეხმაროს. ადგილობრივი ხალხი ხედავს, რომ მთელი მსოფლიო შეშინებულია და პანიკაში არიან". - ამბობს გამოცემასთან საუბრისას არჩილ აბშილავა.

"ზუგდიდის საავდმყოფოში ოპერაცია გავიკეთე, 10 მარტს გამომწერეს და ახლა მეუბნებიან, რომ სახლში ვერ დავბრუნდები... 7 აპრილამდე მოიცადეო, მითხრეს. სად მოვიცადო? ოჯახის წევრებმა ცოტა ფული გამომიგზავნეს, რომ ვიარსებო, მაგრამ როდემდე? იმათაც რა აქვთ, ჩემი გამოსაგზავნი" - უთხრა გამოცემას ბოტა სმირმა.

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა