ავტორი:

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"დიდი ბრძოლა იქნება" - "მასტერშეფის" ფინალში მოვლენები მოულოდნელად განვითარდება

"მასტერშეფის" მეორე სეზონის ფინალამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ფინალის თემა ახალი წელი იქნება. ჟიური და ფინალისტები აღნიშნავენ, რომ მაყურებელს წინ ყველაზე დიდი ბრძოლა ელის.

ფინალისტები - დიმუ მენაბდე, ნუცა სურგულაძე და გაგა ვარდანიძე არიან. ჟიურის წევრები არ მალავენ, რომ მეორე სეზონში მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა.

ლევან კობიაშვილი:

"საოცრად არაპროგნოზირებადი სეზონი იყო. მაგალითად, დიმუს არ ველოდით ფინალში და ვფიქრობდით, რომ გაცილებით ადრე დატოვებდა პროექტს. უფრო მარტას ვხედავდით ფინალისტებს შორის. გაგასა და ნუცასთან დაკავშირებით გვქონდა მოლოდინები, რადგან გამოჩნდა, რომ ორივეს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვთ".

კონსტანტინე თედელური:

"მეორე სეზონზე მეტად გაცნობიერებული, ჩამოყალიბებული, მომზადებული და ტექნიკურად გამართული ნაკადი მოვიდა, რაც მათ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებთ. ფინალის წინ მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთ-ერთს საერთოდ არ მოვიაზრებდი ფინალში და სულ სხვა ადამიანს ვხედავდი, მაგრამ ბოლო ორმა კვირამ მთელი ისტორია შეცვალა".

ფინალისტებს წინ ყველაზე რთული დავალება - საახალწლო სუფრის სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი ელოდებათ. როგორც ჟიური აღნიშნავს, მთავარი მოთხოვნებია: ინდივიდუალიზმი, გემო, თემატური დატვირთვა და იდეალური ტექნიკური შესრულება.

ფინალის წინ კონკურსანტებიც განსაკუთრებულად ემზადებიან და აღნიშნავენ, რომ სანამ ამ დღემდე მოვიდოდნენ, საკმაოდ რთული, მაგრამ სასიამოვნო გზა გაიარეს.

ნუცა სურგულაძე:

"ერთი ცუდი მოგონებაც კი არ მაკავშირებს „მასტერშეფთან“. კასტინგიდან დაწყებული ფინალამდე ეს იყო ერთი ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული - ჟიურისთან და კონკურსანტებთან ურთიერთობა, კეთება, შეფასება, კრიტიკა, გაზრდა... ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება მივიღე აქ მონაწილეობით, რომლის გარეშეც ცხოვრებაში ძალიან ბევრს დავკარგავდი.

წინ ჯადოსნური ფინალი გველოდება, ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს. თემა არის საახალწლო სუფრა, რაც, მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის მთავარი სუფრაა და მასში მცირე ცვლილებების შეტანაც კი უდიდესი პასუხისმგებლობაა. რთული დავალებაა, მაგრამ, ვფიქრობ, კარგი მენიუ მაქვს მომზადებული და იმედი მაქვს, ჟიური ამ ყველაფერს დააფასებს".

გაგა ვარდანიძე:

"მასტერშეფში" მოგზაურობა ძალიან საინტერესო და უდიდესი გამოცდილების მომცემი იყო, ბევრ რამეზე დამაფიქრა. რაც ყველაზე მთავარია, უამრავი გულშემატკივარი შემძინა და ხალხის სიყვარული მაგრძნობინა. ამ თვეების განმავლობაში, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ძალიან თბილი შეტყობინებები მომდიოდა, რაც ყოველ ტურში ძალასა და მოტივაციას მაძლევდა.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლე იყო, რომელიც მართალია, საქართველოში არ არის, მაგრამ ყოველთვის მაგრძნობინებდა თანადგომას.

გამორჩეული ფინალი იქნება. ჟიური და მაყურებელი ჩვენგან ახალ და საინტერესო კერძებს ელოდება. ფინალში ისეთი ძლიერი კონკურსანტები ვართ, რომ დიდი ბრძოლა იქნება".

შეგახსენებთ, "მასტერშეფის" მეორე სეზონის ფინალი პირველ იანვარს, 21:00-ზე დაიწყება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა