ავტორი:

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

მეგაპროექტი „მხოლოდ ქართული“ მორიგი ლაივკონცერტისთვის ემზადება. კონკურსანტებს ამჯერად ნინო ქათამაძის სიმღერების ტური ექნებათ. შოუს მონაწილეებთან თავად მომღერალი მუშაობს. კონკურსანტებმა მომღერლის ცნობილი სიმღერების თავისებური ვერსია უნდა შესთავაზონ მაყურებელს. AMBEBI.GE კი ტრადიციულად აგრძელებს კონკურსანტების მკითხველისთვის ახლოს გაცნობას. ამჟამად ლაშა ნანობაშვილია ჩვენი სტუმარი:

- პროფესია, ოფიციალურად, როგორც ასეთი, არ მაქვს - უნივერსიტეტის პირველი კურსიდან წამოვედი, „ჟურნალისტიკაზე“ ვსწავლობდი. გარკვეული სიტუაციების გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე, რადგანაც იმ პერიოდისთვის ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. საერთოდაც, ჩემი ცხოვრება სხვადასხვა პერიოდში, ისე აეწყო, როგორც არ უნდა წასულიყო. გამოვიდა, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ვცხოვრობდი, პერიოდულად ვმუშაობდი, პერიოდულად - არა, რაღაც ახლართული ვითარება იყო სულ, უფრო, ბოშური...

- ოჯახში ვინ გყავს?

- მყავს მშობლები, ბებია, მაგრამ მე ცალკე, მარტო ვცხოვრობ, - ასე საჭიროებამ მოითხოვა.

- ვიდეოში, რომელიც შენზე მომზადდა, ამბობ, რომ ოჯახმა სახლი დაკარგა და ამის შემდეგ მუშაობა პროფილაქტიკაში დაიწყე.

- კი, ესეც იყო... სიმღერით ბევრი წელია აღარ ვარ დაკავებული. ერთი-ორი წლის წინ მაცაცო სებისკვერაძის კონცერტისთვის ბიჭების კვარტეტი შევიკრიბეთ და ძალიან ცოტა ხანს ვიარსებეთ. შეიძლებოდა, ერთად გაგრძელება, მაგრამ ასე არ მოხდა... შემდეგ სხვადასხვა სამუშაოში ვიყავი, ქვეყნიდან გასვლაც მიცდია - ამა თუ იმ საქმით ვყოფილვარ დაკავებული... რაც შეეხება ჩემს პროფილაქტიკაში საქმიანობას, ერთი წელი ხდება, რაც ოსტატის თანაშემწე ვარ. პროფილაქტიკა ნათესავებს ეკუთვნის და იქ შავ სამუშაოებს ვასრულებ, რაღაცებს ვშლი, ვაწყობ, ვრეცხავ, ვაშრობ და ა.შ. ძრავები კეთდება. პროექტში რომ არ მოვსულიყავი, ბიძაჩემი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთ-ერთ კომპანიაში მიშვებდა, დიაგნოსტიკა რომ შემესწავლა.

- სიმღერა როდის დაიწყე?

- რაც თავი მახსოვს, ვმღერი, 1992 წელს ჯერ კიდევ მაგნიტოფონზე წერდნენ ოჯახის წევრები ჩემს ნამღერებს. მაშინ 2 წლის ვიყავი. დედის მხარეს ყველა მღერის, მერე ბავშვობაში სხვადასხვა წრეზე დავდიოდი. 8-9 წლის ასაკში ჯანსუღ კახიძის კაპელაში მიმიყვანეს, მაგრამ ისე მოხდა, რომ ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავედით. მოკლედ, რაღაც პერიოდი იქ ვიყავით და შემდეგ დავბრუნდით. სკოლის მერე კინოხელოვნების კოლეჯში შემიყვანეს, რომელიც დავამთავრე, მოგვიანებით უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, მაგრამ როგორც გითხარით, იქიდანაც წამოვედი.

- გამოდის, სიმღერასთან სერიოზული შეხება პერიოდულად გქონდა...

- კი და მალევე, გარემოებების გამო, წყდებოდა ხოლმე. რაღაც მომენტში ალბათ ყოფილა, რომ მითქვამს, - აღარ მინდა, მაგრამ როცა რაღაც ძალიან გიყვარს, ამას ვერ გაექცევი. პროექტი თავის გამოცდილებას გაძლევს და მინდოდა, ეს გამომეცადა, ამიტომაც მოვედი. ამასთან, ძალების მოსინჯვის სურვილიც მქონდა, რა იცი, რა ხდება...

- მოკლედ, შენს ცხოვრებაში რაღაც ცვლილების შეტანა გინდოდა...

- ცვლილება მინდოდა, რადგანაც ბავშვობიდან არ მიოცნებია პროფილაქტიკაში საქმიანობაზე, ან ევროპაში სამუშაოდ წასვლაზე. თან, ასაკიც უკვე არ მაქვს ისეთი, 29 წლის ვარ...

- ამ ეტაპისთვის, მგონი, დაგიფასდა გადადგმული ნაბიჯი - ათეულში მოხვდი, ლაივშოუების სირთულეები დაძლიე და ისევ შოუში ხარ...

- კი, მაგრამ საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს ველოდებოდი, მეგონა, ამასობაში ფორმაში მოვიდოდი. ჯერ ის თავისუფლება ვერ მოვიპოვე, რაც მინდა. ამის პრობლემა ჩემშია...

- ნერვიულობ, სცენაზე რომ გამოდიხარ?

- კატასტროფულად. ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად ხდება, ამ ღელვას ვერ ვიმორჩილებ. პუბლიკის წინაშე თავისუფლად გამოსვლა ჭირს.

- როგორი მოლოდინი გაქვს?

- ჩემი დიდი სურვილია, რომ სცენაზე ერთხელ მაინც ისე გავიდე, რომ კულისებში რომ დავბრუნდები, კმაყოფილი ვიყო.

- კონკურსანტებსა და თქვენს პედაგოგზე, მარინა ბერიძეზე რას გვეტყვი?

- ჩვენთან კონკურენტული სიტუაცია და გარემო არ არის, ყველანი მეგობრები ვართ... ქალბატონი მარინა მოვლენაა, არ ვაჭარბებ, ამ სიტყვის სრული გაგებით. დროს, ენერგიას და ყველაფერს დებს იმაში, რომ წინ გაგვწიოს და პროგრესი განგვაცდევინოს. მარინა არის ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი, მას ნიღბები არ აქვს, არ იპრანჭება, ყოველთვის იცი, რასაც ფიქრობს, რადგანაც იმასვე გეუბნება, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მოკლედ, ვნახოთ, იქნებ მორიგ კონცერტზე ვთქვა ჩემი მაქსიმუმი.

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება - ფოტოები "ინსტაგრამიდან"