ავტორი:

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

ყურადღებას მართლაც იქცევს, ყოველ ტურზე სხვადასხვა ნომერს მშვენივრად ირგებს. ხმაც გამორჩეული აქვს, არავისში აგერევა. თამთა ხუხუნაიშვილი „მხოლოდ ქართულის“ მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი კონკურსანტია, რომელიც როგორც ამბობს, არასდროს არაფერს გეგმავს, „არ მიყვარს რაღაცების წინასწარ დაგეგმვა, რადგანაც წინასწარ დაგეგმილი ისე აღარ გამოდის. ამიტომ, ვფიქრობ, მივყვე ხოლმე დინებას, ვაკეთო საქმე, როგორც მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს. თუ კარგად გავაკეთებ, წარმატება თავისით მოვა და საერთოდ, ყველაფერს ცხოვრება თვითონ მიჩვენებს, საით წავიდე,“ - გვეუბნება თამთა და საუბარს AMBEBI.GE-სთან ბოლო ტურის შეფასებით აგრძელებს, რომელიც ნინო ქათამაძის შემოქმედებას მიეძღვნა.

თამთა ხუხუნაიშვილი:

- ძალიან ძნელია იმღერო ნინო ქათამაძის სიმღერები, თან ისე, რომ არ დაემსგავსო მას და მაყურებელს ცნობილი კომპოზიციების შენებური ვერსია შესთავაზო. ასე რომ, არ იყო ადვილი და აქვე ვიტყვი, ეს ყველაფერი უპირველესად დიდი პასუხისმგებლობა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურზე ნინო ქათამაძე თავად იყო ჩვენი პედაგოგი. ძალიან ღრმა ადამიანი და შემოქმედია, არ არის ადვილი ყველაფერში გაუგო, თუ რაღაც დონეზე არც გესმის მისი სიღრმე. ნინო ქათამაძის სიმღერა სულის ჩვეულებრივი გამოძახილია, რასაც გრძნობს, იმ ყველაფერს ამბობს - სათქმელს არ იტოვებს. ყველაზე მეტად უფრო ამიტომ მეძნელებოდა მის სიმღერაზე მუშაობა, ასეთი დამოკიდებულება არ მაძლევდა საშუალებას, რომ ნამღერში "ფალში" დამეშვა, სხვა რაღაცით გადამეფარა.

ასე რომ, ჩემთვის ეს ტური მართლა ძალიან რთული იყო, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. ისე, ცოტათი იმ კუთხით გამიადვილდა, რომ სიმღერა თავისთავად ენერგიული იყო, მე კიდევ „სიგიჟეები“ მიყვარს...

- ჰოდა, როდის დაიწყო შენთან „ამ სიგიჟეებმა“ მოვარდნა?

- პირველად 5 წლის ასაკში ვიმღერე და მას მერე სიმღერით მოვდივარ... პატარაობიდანვე ბათუმში სტუდია „ლიმპოპოში“ დავდიოდი, სადაც დედა ქორეოგრაფი იყო. მოკლედ, 5 წლის ასაკში ნამღერი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ამღერება დამეგვიანა... ასე რომ, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში სულ იყო... უბრალოდ, როცა გავიზარდე, ეს ყველაფერი მეტად გამძაფრდა, ანუ გრძნობები, სიმღერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და უკვე ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, საქმესაც უფრო სერიოზულად მივუდექი...

- გამორჩეული ხმა გაქვს...

- სულ ასეთი ხმა მქონდა. ბავშვობაშიც არ მქონდა „გოგოშკური“ ხმა, ღმერთმა ასეთი ხმა მარგუნა.

- რას გვეტყვი მუსიკალურ ხელმძღვანელზე, მარინა ბერიძეზე, რომელსაც მანამდე როგორც ჟიურის მკაცრ წევრს, ისე იცნობდი...

- მარინა ბერიძე რომ არ ყოფილიყო, ამ კონკურსში ასე ვერ ვიმღერებდი. მარინა არ არის მხოლოდ ხელმძღვანელი, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა. მასთან სულიერად ახლოს ვარ, ასეთ დროს ადამიანებს შორის საოცარი ურთიერთობები იქმნება ხოლმე, რაც ბევრ რაღაცას გასწავლის. მან თითქმის ყველაფერი სხვანაირად დამანახა. ვგრძნობ, რომ პროექტში ყოფნისას ძალიან „გავიზარდე“, ამას ჩემით, მარინა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი და მასთან ერთად, სხვა ადამიანების მადლიერიც ვარ, ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა. კონკურსის მანძილზე ნამდვილად ვგრძნობ ამ წინსვლას. მოკლედ, მარინა ძალიან ძვირფასი ადამიანია.

- ვიცი, რომ სიმღერის გარდა ჩანახატებს, ლექსებს, ესეებს წერ...

- კი, ბავშვობიდან მიყვარს წერა, რომანტიკოსი ვარ... მუსიკასაც ვწერ... ვსწავლობ, ბათუმის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტიკაც იმიტომ ავარჩიე, რომ, როგორც ვთქვი, წერა მიყვარს, სულ თემების წერაში ვიყავი... ჩანახატები, ლექსები, - ეს ინტერესი თავიდანვე მქონდა და დღემდე მაქვს.

ეს ყველაფერი კი ბათუმმა შემაყვარა, ქალაქმა, რომელიც უზომოდ მიყვარს. იქ ვსწავლობ, იქ ვცხოვრობ და იქ რომ ტარდებოდეს ეს კონკურსი, მივესალმებოდი... ახლა პროექტის გამო აქეთ რომ მიწევს ყოფნა, ძალიან მენატრება, საერთოდ, 5 დღეში სადაც უნდა ვიყო, მის გარეშე ვიწყენ ხოლმე. ამიტომ შუალედებში ერთი დღით და რამდენიმე საათითაც კი, ჩავდივარ ბათუმში და მერე უკან ვბრუნდები, რადგანაც საოცრად ვარ ამ ქალაქზე მიჯაჭვული.

"ორი შესანიშნავი ადამიანი კარგ წყვილს ვერ ქმნის" - ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან დაშორების მიზეზებზე ალაპარაკდა

50 წლის გვენ სტეფანის ფოტოები, რომელშიც მომღერლის ცნობა შეუძლებელია - "სახეზე 99% ფილერი და 1% კანი აქვს“

ჯანეტ ქერდიყოშვილს და ნოე სულაბერიძეს გოგონა შეეძინათ