ავტორი:

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება

აფხაზეთში 6 იანვარს დაწყებული პროტესტი, ხალხმრავალი აქციით ე.წ. პრეზიდენტის სახლში შეჭრით დასრულდა. შენობა დატოვა "პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ, რომლის მიმართაც მოსახლეობას ძალიან ბევრი პრეტენზია დაუგროვდა. მოგვიანებით მან განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სოხუმშია და არსად წასულა.

"არსებული ვითარების გამო, მუდმივი კონტროლის ქვეშ არის სიტუაცია და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამოვრიცხავთ!" - განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაც მოიწვია, რომლის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რაც სოხუმში მოხდა, მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ აყვეთ პროვოკაციებს". - აღნიშნა ხაჯიმბამ.

მისი თქმით, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

„ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს არასაშტატო სიტუაციაში. ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. მე როგორც კონსტიტუციის გარანტმა გავეცი ყველა საჭირო დავალება, რათა მოვლენები სამართლებრივ ველს არ გასცდეს “ - განაცხადა ხაჯიმბამ.

აქციის წევრებმა ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს. ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აქციის მონაწილეები მომხრეებს მუდმივად მოუწოდებენ, რომ ადმინისტრაციის შენობაში არაფერი დაეზიანებინათ. მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან როგორც შენობაში, ასევე მის გარეთ და ე.წ. პრეზიდენტს ასე მიმართავენ - "ხაჯიმბა გადადექი!"

ხაჯიმბას მიმართ დაგროვილი უკმაყოფილების ერთ-ერთი და გამორჩეული ფაქტია, რამდენიმე ხნის წინ, სოხუმის კაფეში გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერის ასლან ბჟანიას მოწამვლა, რომლის "განეიტრალებამაც" საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიცია დაქსაქსა. ხაჯიმბამ კი, მართალია, მეორე ტურში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

ასლან ბჟანია გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ აფხაზეთში დაბრუნდა და ხაჯიმბას მხარდამჭერების გასაკვირად, პოლიტიკური პარტიების "ერთიანი აფხაზეთისა" და "ამცახარას" მხარდაჭერით, საპროტესტო ტალღა ისევ დაიწყო...

დღეს სოხუმში, უამინდობისა და თავსხმა წვიმის მიუხედავად, ათასობით ადამიანი გამოვიდა. პარტია "ამცახარას" ერთ-ერთი ლიდერის, სერგეი შამბას განცხადებით, დღეს აფხაზეთში ადამიანები დაუცველები არიან.

"ხელისუფლების საკონსტიტუციო განუკითხაობის ფონზე, სამართალდამცავი უწყებები რაულ ხაჯიმბას პირად გვარდიად იქცა... აეხადოს ფარდა იმ საქმეებს, რაც ბოლო ხანებში აფხაზეთში მოხდა! ხელისუფლება მხოლოდ იმ დანაშაულებს იძიებს, რაც მას ხელს აძლევს..." - აცხადებს შამბა.

ამასობაში გააქტიურდა, ნოემბერში მოკლული ერთ-ერთი კრიმინალის, ალხაზ ავიძბას ნათესავიც ახრა ავიძბა, რომელიც დონბასში სეპარატისტების მხარეს იბრძვის და აფხაზეთში რამდენიმე ხნის წინ, სწორედ სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის გამო დაბრუნდა.

"ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ რაულ ხაჯიმბა უკვე აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და ვერც ვერასდროს იქნება..." - წერს Апсадгьыл-инфо.

დღეს განვითარებულ მოვლენებს აფხაზები სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან:

"შენობა დატოვა, ახლა მთავარია უკან არ დაბრუნდეს..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ყველაფერზე წავლენ, ოღონდ ძალაუფლება არ დათმონ... არ არის გამორიცხული სროლები, პროვოკაცია, რათა შემდეგ ყველაფერი ოპოზიციასა და ხალხს დააბრალონ და "სამართალდარღვევებისთვის" დაკავებები დაიწყონ. ასეთი რამ ხომ ბევრჯერ ვნახეთ... ახლა ჩვენი გამძლეობაა საჭირო, ფრთხილად იყავით! - მიმართავს ოპოზიციურად განწყობილი დაურ კვიკვინია მომხრეებს.

"არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა 700 ხმით გაიმარჯვა... ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მის წინააღმდეგ ასლან ბჟანია ყოფილიყო, რომელსაც ხალხი ენდობა და პატივს სცემს, რა შედეგი დადგებოდა?.. ამიტომ მოწამლეს, ახლა კი თვალებში ნაცარს გვაყრიან. არ უნდა შერჩეთ!.." - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ლოლა გეზერდის.

"არსად წავალო, მით უფრო არ გავიქცევიო, ბატონმა ხაჯიმბამ... აბა რა, გაგაცილებენ" - წერს სოციალურ ქსელში ბადრი კაკუბავა.

"არც ერთ მხარე არ იმსახურებს ნდობას, ისეთები შეძვრებიან ახლა იქ, ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. აფხაზეთი "კანონიერი ქურდების" მიერ რომ სურთ იმართებოდეს, ისეთები გააქტიურდნენ... ხალხს კი ერთმანეთს შეახოცავენ..." - მიაჩნია ერთ-ერთ ადგილობრივს.

"აღარც მახსოვს მერამდენე ცდაა, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში და იქნებ, ერთხელ მაინც შევძლოთ, შევცვალოთ ხელისუფლება და ქვეყანა უკეთესობისკენ. ჩუმად გვგუდავენ ამ ჭაობში და ამ ერთხელ მაინც არ დავნებდეთ, ხალხო.." - ამბობს ირაკლი კვირკვია.

არიან ისეთებიც, ვინც ხაჯიმბას გულშემატკივრობენ და მოუწოდებენ, სიმშვიდე შეინარჩუნოს: "არ დანებდე და რუსების ბაზისკენ არ გაიქცე. ეს შეცდომა იქნება..." - ურჩევს ბორის სავინკოვი "პრეზიდენტს".

"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ

"ერთმანეთს კარგად უნდა მოვუსმინოთ, ასე ვხედავ ჩვენს დიალოგს" - რას ფიქრობს ასლან ბჟანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია