ავტორი:

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ცოტნე გელოვანი მეგაპროექტის „დიდი სცენა“ კონკურსანტია. ის პირველ ლაივკონცერტზე ლიდერი გახდა: „ოჯახის, ახლობლების, მეგობრების მხარდაჭერის იმედი მქონდა, მაგრამ დაზუსტებით რთული იყო მანამდე იმის თქმა, რამდენად შევძლებდი ამას. ამიტომ, ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს წარმატება. გამიხარდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ღელვის გამო ჩემი გამოსვლა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ცოტა „საუნდის“ პრობლემაც იყო, მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ჩემთვის საუკეთესო შედეგით დასრულდა,“ - გვეუბნება ცოტნე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათეულშია და პირველი ტურის გამარჯვებულიცაა, სულაც არ აქვს იმის შეგრძნება, რომ კონკურსში მონაწილეობს, ჯერ ვერ გაითავისა. „თუმცა ემოციურად მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ხალხის რჩეული ხდები. პირველ რიგში, ჩემი ქალაქი დამიდგა გვერდით. რუსთავი ასეთ მოწინავე მუსიკალურ პოზიციებზე აქამდე ნამდვილად არ ყოფილა. მეორე ადგილზე გასული ირაკლი კაპანაძეც რუსთავიდანაა. მადლობა ჩვენს ქალაქს, რომ ასეთი მხარდაჭერა გვავრძნობინა. მადლობა ასევე ჩემს „კავკასიის უნივერსიტეტს“, გვერდში დამიდგა, სკოლას, რომელიც დავამთავრე და, რა თქმა უნდა, უცხო ადამიანებს, ვისაც ჩემი ნამღერი მოეწონა და დამირეკა“ - გვეუბნება ცოტნე.

- ჟიურის როგორ აფასებ?

- რა შეფასებებიც მათგან ჩემი მისამართით მოვისმინე, აბსოლუტურად სწორი იყო. ის შენიშვნები მომცეს, რა შეცდომებიც ვიცოდი, რომ დავუშვი - ძალიან ზუსტი და სწორი. უფრო ნაკლებ ქულებსაც მოველოდი, მაგრამ 36 ქულა ავიღე. ალბათ მთლიანობაში შესრულებაც არ იყო ისეთი, რომ დაბალი ქულები დაეწერათ...

- შოუში რატომ მოხვედი?

- მინდა, რომ მუსიკალური კარიერა გავაგრძელო, მეგაპროექტები ამ საქმეს ხელს უწყობს. მაქვს რამდენიმე საავტორო სიმღერაც და მათი დღის შუქზე გამოტანაც მინდა. ასე რომ, ეს პროექტი იმისთვის მჭირდება, რომ პირველ რიგში გამოცდილება მივიღო, უპირველესად კი, სასცენო გამოცდილება. ბენდთან მუშაობაც სერიოზული სკოლაა, თან, რეჟიმში მიწევს ყოფნა, ესეც მადგება, რადგანაც ამ მხრივ დიდად არ გამოვირჩევი. ასე რომ, ამ მუსიკალურ მოწესრიგებულობაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- უნივერსიტეტში რა მიმართულებით სწავლობ?

- კავკასიის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მენეჯმენტზე ვსწავლობ, თუმცა თავიდან ეკონომიკაზე ვსწავლობდი. წელს გადმოვიტანე საბუთები ამ ფაკულტეტზე იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში ხალხს ძალიან სჭირდება დახმარება. ჯანდაცვის სფერო განათლებასთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც ბევრი პრობლემაა. მომავალში ამ ორი სფეროს ერთმანეთთან შეთავსებას ვაპირებ და უფრო მარკეტინგის კუთხით წასვლას.

- პირველად რა ასაკში დაიწყე სიმღერა?

- ძალიან პატარაობაში. ჩემს ბავშვობაში „ბასტი-ბუბუს“ ბუმი იყო და დედა მეუბნება, რომ სიმღერები ზეპირად ვიცოდი. მერე რუსთავში ხალხურ ანსამბლში შევედი, სადაც ხმებში გაშლა და სიმღერა პრაქტიკულად ვისწავლე.

- ვიდეოში აღნიშნავ, რომ ადრე წონის პრობლემა გქონია, რომელსაც სერიოზულად ებრძოდი...

- მეორე კლასში ვიყავი, რომ წონის პრობლემა შემექმნა, მატება დავიწყე, რამაც თანდათან გარკვეული კომპლექსები გამიჩინა. 30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა, არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა, იმ პერიოდში ცხოვრება ერთფეროვანი გახდა. ამ კომპლექსებმა წლების განმავლობაში ჩემს კარიერას დიდი ზიანი მიაყენა. ვეღარ ვმღეროდი, სახლში ყველა რომ დაიძინებდა, ჩავიკეტებოდა ოთახში და ჩემთვის ჩუმად მხოლოდ მაშინ ვმღეროდი. საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო. წონის პრობლემასთან ბრძოლა დავიწყე დიეტით. 14 წლის ასაკში მკაცრი დიეტა დავიწყე. 16 წლისა უკვე ისეთ წონაზე დავდექი, რომ უკვე სიმღერაც დავიწყე, ხასიათზე მოვედი. მოკლედ, 8 წლიდან 14 წლამდე რთული პერიოდი მქონდა.

- რა ემოცია მოაქვს შენთვის მუსიკას?

- მუსიკას ის ემოცია მოაქვს, რომ მუდმივად ბედნიერი ვიყო. ქავერებს ვასრულებ თუ საავტოროებს, მნიშვნელობა არ აქვს (საავტოროებს თავისი დატვირთვა აქვს), საოცარ ემოციას განვიცდი. არის ისეთი სიმღერებიც, რომლებიც ჩემთან ახლოსაა. მსმენელისთვის იმავე ემოციით მიწოდებას, რა ემოციითაცაა დაწერილი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. მას ხალხი უსმენს და ჩემთან ერთად ბედნიერებას განიცდის.

- რა მოლოდინი გაქვს პროექტიდან?

- გამარჯვება კარგია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები, პროექტში იმ ბავშვებთან ერთად ყოფნა, ვისთანაც ვარ. ამ ეტაპზე ერთმანეთს კონკურენტებად არ აღვიქვამთ. „დიდ სცენაში“ მოსვლით კარგი მეგობრები შევიძინე. მოლოდინი მაქვს, რომ წინ და წინ წავალ და მსმენელს თავს უკეთ გავაცნობ, რომ დაინახონ ჩემი რეალური შესაძლებლობები. ვეცდები, მაყურებელმა კარგი კუთხით გამიცნოს - როგორც კარგი ვოკალისტი და კარგი შემსრულებელი.

83 წლის არიადნა შენგელაიას კინო "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მთავარ გმირს, საყვარელმა გოგონამ ხელის ნაცვლად "ყური სთხოვა"