ავტორი:

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

აფხაზეთის "უზენაესმა სასამართლომ", რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზეთის ჯერ კიდევ მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შავბნელ საქმიანობას ემსახურებოდა, გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

"საინტერესოა, რა სიგნალები მიიღო რუსეთიდან. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი იყო ჩამოსული. შესაძლოა, კრემლს სულაც არ აწყობს აწეწილი აფხაზეთი და თუ ასე დაამშვიდებს სიტუაციას, რატომაც არა?!" – წერენ აფხაზები ინტერნეტში.

ცნობისთვის, ე.წ. უზენაესი სასამართლოსგან არჩევნების ბათილად ცნობას საპრეზიდენტო კანდიდატი ალხას კვიცინია ითხოვდა. ყველაფერი სექტემბერში დაიწყო, როდესაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ოპოზიციური პარტია"ამცახარას" ლიდერს ალხას კვიცინიას მისცა. "ამცახარა" "არჩევნების" შედეგებს მაშინვე არ აღიარებდა და მის გაბათილებას ითხოვდა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ხაჯიმბას ერთადერთი რეალური ოპონენტი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის ერთ-ერთ კაფეში დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს, რის შედეგადაც, ის ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბჟანიას კანდიდატურა კვიცინიათი ჩაანაცვლა. საბოლოოდ, ასლან ბჟანია გადარჩა, აფხაზეთში ჩავიდა და ხაჯიმბას ახალი ძალებით შეუტია... სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„რეალურად, ასლან ბჟანია იმთავითვე განიხილებოდა კანდიდატად, უბრალოდ, მისი მოწამვლის გამო მოხდა ბჟანიას ჩანაცვლება იმ კანდიდატით, რომელმაც საბოლოოდ იყარა კენჭი, ანუ ალხაზ კვიცინიასკენ წავიდა ხმები. ჯერჯერობით სიცხადე არ გვაქვს, მაგრამ თუ ისევ დააყენებს ბჟანია თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, იგი განიხილება ყველაზე მძიმეწონოსან ოპოზიციონერად. ზოგადადაც, ამ ფონზე, როდესაც ხაჯიმბას ფაქტობრივად, თავისი პოზიციების დათმობა მოუწია, სავარაუდოდ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ამ პერიოდში, უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, ახლა ხაჯიმბას პოზიციები დასუსტებულია. ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტად გახდომის ყველა წინაპირობაა“, - განუცხადა კანაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

ვინ არის ასლან ბჟანია

ასლან ბჟანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ამცახარას" თანათავმჯდომარე და ჯერ კიდევ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხაჯიმბას ერთადერთი და მთავარი მეტოქე იყო. ის ალექსანდრე ანქვაბის კადრია – მისი "პრეზიდენტობის" დროს "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" თავმჯდომარე იყო. 2014 წელს ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავსუფლა. ცნობისთვის, ბჟანია ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა. როგორც ჩანს, "რკინის ალიკამ" (ასე მოიხსენიებენ ალექსანდრე ანქვაბს აფხაზები) რომელიც აფხაზეთში დღემდე გავლენიანი ფიგურაა, ერთგულება დაუფასა და ახლა მის გვერდით არის. ანქვაბი-ბჟანიას ტანდემი ბუმერანგივით მოუბრუნდა ხაჯიმბას.

"ძნელია რკინის ალიკას დაუპირისპირდე, მით უფრო, როდესაც მას ასლან ბჟანიასნაირი კადრი ჰყავს საყრდენად, რომელსაც სერგეი ბაღაფშიც კი ძალიან ენდობოდა..." – წერენ აფხაზები და 2015 წლის შემთხვევასაც იხსენებენ, როდესაც ბჟანია ფსოუს ზაღვარზე ნარკოტიკების შენახვისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს...

მაშინ, ანქვაბმა მომხრეების მობილიზაცია გამოაცხადა და მათ აფხაზეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ხაჯიმბას ვითარების გამწვავების შეეშინდა და რუსეთს ბჟანიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.... თუმცა ეს ყველაფერი არ იყო – შარშან, სოხუმის ერთ-ერთ კაფეში, ბჟანია მოწამლეს.

"ახლა აფხაზეთში ამოცანა ასე დგას - წავიდეს ხაჯიმბა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ უკვე ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია ჩააცხრობს ვითარებას, ავიძბასნაირები არ დაგვასვან თავზე...” - წერს ადგილობრივი დაურ გვალია.

ასლან ბჟანია აქციაზე

აქციების მიმდინარეობისას ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა აფხაზი მოსახლეობის აზრი ორად გაყო - ეს იყო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ახრა ავიძბას გამოჩენა. იგი ფაქტობრივად შტურმს ხელმძვანელობდა.

ახრა ავიძბა სოხუმის აქციაზე

ვინ არის "დონბასის გმირი" – ახრა ავიძბა

ის 1986 წელს, სოჭში დაიბადა. მამა წარმოშობით გუდაუთელი ჰყავს, დედა – ლიხნიდან. ის უკვე წლებია უკრაინაში, დონბასელი სეპარატისტების ე.წ. ინტერნაციონალურ ჯგუფს მეთაურობს და "გმირობის ჯილდოებიც" აქვს მიღებული... ის 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ ხაჯიმბას მიერ მართულ მოქმედებებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა თავად ხაჯიმბას მმართველობის დასასრულისთვის იბრძვის.

ის აფხაზეთში 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მოკლული გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ალხაზ ავიძბას ბიძაშვილია. მისი თქმით, რეგიონში სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ჩამოვიდა. ახრა ირწმუნება, რომ ხაჯიმბა აფხაზეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მფარველია და ეს უნდა დასრულდეს.

ახრას ხაჯიმბას მისამართით წამოსულ ბრალდებებს აფხაზები სოციალურ ქსელებში პასუხობენ, მით უფრო, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ არბევენ ახრა და მისი მხარდამჭერები იქაურობას, დამსხვრეულია შუშიანი კარადები, დალეწილია ნივთები, ჩამოხსნილია თითქმის ყველა კარი და ჩამტვრეულია ფანჯრები...

"შესაძლოა, რაღაც კავშირები მართლაც ჰქონდეს ხაჯიმბას ქართველ ქურდებთან, მაგრამ შენნაირების მონაწილეობით და მით უფრო, აქტიურობით რომ არაფერი შეიცვლება, კარგად ვიცით..."

"ყველამ დავინახეთ, როგორ ჰქონდა ფანჯარასთან ავტომატი მიყუდებული... ცნობილია, რომ სწორედ ამ "მშვიდობიანი კავკასიელი მოხალისის" ჯგუფმა გატეხა შენობაში არსებული იარაღის საწყობი... ვიღაც მიმტკიცებს, თავისი ქვეყნის პატრიოტიაო, არ მჯერა მისი, რადგან ის რუსეთშიც პატრიოტი იქნება, აფხაზეთშიც და დონბასშიც, თუ ფულს გადაუხდიან.... ასეთი "პატრიოტები" ჩვენიც გვეყოფა" - წერს ერთ-ერთ ინტერნეტმომხმარებელი ლუიზა ლოგუა.

ვიდეოებში ჩანს, რომ ავიძბა და მისი გარემოცვა ადგილობრივი მოსახლეობის უკიდურეს აღშფოთებას იწვევს. მისი "ბექგრაუნდის" გაგების შემდეგ უამრავმა ადამიანმა ხაჯიმბას დაუჭირა მხარი... მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის შენობაში, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ასლან ბჟანია მივიდა, ვითარება შედარებით სტაბილური გახდა.

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას კი ვალერი ბგანბა შეასრულებს

რაულ ხაჯიმბას "ადმინისტრაცია" განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს