ავტორი:

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

8 წლის ჩინელმა ბიჭუნამ, ვანგ ფუმანმა, -9 გრადუს ყინვაში 4.8 კილომეტრი ფეხით გაიარა იმისთვის, რომ სკოლაში მისულიყო და გამოცდა ჩაებარებინა. ბიჭს თხელი პალტო ეცვა და არ ეფარა ქუდი.

როდესაც საკლასო ოთახში შევიდა, კლასელებმა სიცილი დაიწყეს, რადგანაც მისი წარბები და თმა გაყინულიყო, ლოყები კი ყინვისგან გაწითლებული ჰქონდა.

მასწავლებელმა ბიჭის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პატარა მოსწავლე მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარა.

ბიჭი ჩინეთში, იუნანის პროვინციაში, ერთ-ერთ სოფელში ბებიასა და დასთან ერთად ცხოვრობს. დედამ ოჯახი დატოვა, ხოლო მამა სოფლიდან მოშორებით მუშაობს და სახლში რამდენიმე თვეში ერთხელ მიდის.

იმის გამო, რომ მუდამ სცივა, ბიჭს თითების მოძრაობა უჭირს

ვანგს ხშირად ჰიპოთერმია აწუხებს, რაც სხეულის ტემპერატურის დაცემას გულისხმობს, ყოველივე კი იმითაა გამოწვეული, რომ ბიჭუნას მუდამ სცივა. ხანდახან ამის გამო თითებს ვერ ამოძრავებს.

მასწავლებელი, ფუ ჰენგი იხსენებს, რომ როდესაც ბიჭუნა გაყინული თმით დაინახა, თვალებს არ უჯერებდა. მისივე თქმით, სკოლაში გათბობა არ არის, რის გამოც მოსწავლეები გაკვეთილებზე პალტოებითა და ქურთუკებით სხედან.

გზა, რომელსაც 8 წლის მოსწავლე სკოლამდე გადის

პატარა ვანგი ჯერ მხოლოდ რვა წლისაა, მაგრამ უკვე იცის, რომ სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა განათლების მიღებაა. იმ დღეს, როცა გამოცდაზე მისასვლელად ყინვას არ შეუშინდა და თმა გაეყინა, 100 შესაძლებლიდან 99 ქულა მიიღო!

"ყინულის ბიჭი" - ასე შეარქვეს 8 წლის მოსწავლეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლის ამბავმაც გულგრილი არავინ დატოვა.

ბიჭი და მისი და სიღარიბესა და რთულ პირობებში ცხოვრობენ

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბიჭუნას შესახებ შეიტყო, ის დასთან და მამასთან ერთად პეკინში მიიწვიეს, სხვადასხვა მუზეუმები დაათვალიერებინეს, პოლიციელებმა კი პოლიციის მანქანითა და სკუტერით გაასეირნეს.

ბიჭმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და თქვა, რომ სამომავლოდ პეკინის უნივერსიტეტში ჩაბარება სურს და უნდა ექიმი, ან პოლიციელი გახდეს.

"სახლში, სადაც ვცხოვრობთ, ძალიან ცივა და ჩვენ პალტოებით ვიძინებთ. აქ კი სახლები ძალიან თბილია. ისეთი თბილი, რომ შემიძლია მხოლოდ ერთი მაისური მეცვას. ასეთი რამე პირველად ვნახე. ეს გათბობა რაღაც სასწაულს ჰგავს“, - უთხრა ბიჭუნამ ჟურნალისტებს.

ინტერნეტმომხმარებლებმა 450 ათასი დოლარი შეაგროვეს ბიჭისთვის და სხვა ღარიბი ოჯახებისთვის. ამ თანხით სკოლაში, სადაც ვანგი სწავლობს, გათბობის სისტემას დაამონტაჟებენ, ასევე იუნანის პროვინციაში მცხოვრებ ღარიბ ბავშვებს, თბილ ტანსაცმელს უყიდიან.

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)

ჩინეთში ახალმა ვირუსმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და როგორ უნდა დაიცვათ თავი მისგან

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა