ავტორი:

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება "ძალიან ადრეა".

ქალაქ უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.

კორონავირუსის მატარებელი პაციენტი გადაჰყავთ პლასტიკის ყუთით, რათა ვირუსის გავრცელება აირიდონ თავიდან

უხანში საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა ამჟამად იქ 7 მათგანი იმყოფება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო მათთან მუდმივ კავშირშია და მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პალიტრანიუსის გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ჩინეთიდან ჩართვისას, იქ მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ანანო ლებანიძის თქმით, ის სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუშია და არც ისე ახლოს იმყოფება ეპიდემიის ზონასთან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება საპრევენციო ზომებს მაინც იღებს:

"პანიკა ჩვენთან ხალხში არ არის, თუმცა მთავრობა აფრთხილებს მათ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ასევე, გაითვალისწინონ ყველა რჩევა რასაც აძლევენ - გადაადგილდნენ პირბადით და ხელები ხშირად დაიბანონ.

უნდა ითქვას, რომ ქალაქში ყველა ითვალისწინებს ამას - ხალხი გადაადგილდება პირბადით და ცდილობს, ახლო კონტაქტში არ შევიდეს სხვებთან.

მოგეხსენებათ, აქ 25 იანვარს დგება ჩინური ახალი წელი და დიდი რისკებია ვირუსის გავრცელების, რადგან ბევრი ჩინელი მოგზაურობს ქვეყნის შიგნით. ამიტომ ახლა განსაკუთრებულად აფრთხილებენ მოქალაქეებს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების წყაროს, ოფიციალური ვერსიით, ერთ-ერთ თევზის ბაზრობაზე გასინჯეს გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, საიდანაც გავრცელდა კიდეც დაავადება და შემდეგ, მოედო სხვა პროვინციებს.

ქალაქ უხანში საკმაოდ რთული მდგომარეობაა - არ მოძრაობს ტრანსპორტი, არც თვითმფრინავი, არც მატარებლები. ყველანაირი მოძრაობა შეზღუდულია და გამოცხადებულია კარანტინი.

იმ რეგიონში კი, სადაც მე ვცხოვრობ სრული სიმშვიდეა, პანიკა არ არის და იმედია, ასეც გაგრძელდება" - განაცხადა ანანო ლებანიძე, "საღამოს ნიუსრუმში" ჩართვისას.

დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული თევზის ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა