ავტორი:

"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

"6 თვე მიშას საგზურებით თბილისი-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით..." - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ციხის ცხოვრებაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მეექვსე თვეა ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფება. მას 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ედება ბრალი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ამასთან, ოქრუაშვილი პატიმრობაშია ბუტა რობაქიძის საქმეზეც.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელდა წერილი ციხიდან, რომელშიც პატიმრის ერთი დღეა აღწერილი:

"ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან

დილის 6 საათია. როგორც წესი, ამ დროს ვიღვიძებ. პირველივე გაფიქრებისთანავე აღმოვაჩინე, რომ აქ ყოფნის ნახევარი წელი შემისრულდა. ჯამში 1 წელი: 6 თვე მიშას საგზურებით თბილის-ბერლინი-პარიზის ციხეებში, ახლა, 6 თვე ბიძინას საგზურით...

ჩემი "აპარტამენტების" მილაგებას და მოწესრიგებას დიდი დრო არ მიაქვს. ზოგადად, ოთხი კედელი აზარმაცებს ადამიანს, მაგრამ სიზარმაცეს აქტიურად ვებრძვი იმით, რომ ათას საქმეს ვიგონებ. ინტერვიუ მაქვს დასაწერი "ახალი თაობისათვის", ჟამთააღმწერელის ახალი პოსტი მაქვს დასამთავრებელი, თომას პიკეტის "კაპიტალი" შემომიგზავნეს და მაგის კითხვას სპეციალური მონდომება სჭირდება, ეკონომიკის სახარებაა და სულ აქ ხომ არ ვიჯდები, რომ გამოვალ იქნებ რაღაცაში გამომადგეს.

ხომ ხედავთ, ციხიდან გამოსვლის შემდგომ რესოციალიზაციაზე ეხლავე ვფიქრობ. უფროსი შვილისთვის რჩევა-დარიგების წერილი მაქვს მისაწერი, წელს სკოლას ამთავრებს და საზღვარგარეთ მოუწევს სწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების გაგრძელება. ასე, რომ უსაქმოდ არ ვარ.

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი "არსენა მარაბდელს" იწყებს სიტყვებით: "შაირ სიტყვითა მესტვირემ ღმერთი მაღალი ახსენა", მეც დაახლოებით, ასე ვიწყებ. შემდეგ ბიძინას "რამდენიმე ბრუნვაში’’ ვახსენებ და დღეც იწყება.

ციხეში ყველაფერს ერთი ფასი აქვს. მხოლოდ ორი რამეა ყველაზე სასიამოვნო: სწორი ანალიზის საფუძველზე ზუსტად რომ გამოთვლი რამდენ ხანს მოგიწევს ციხეში ჯდომა და მეორე - ახალგაღვიძებულზე სიგარეტს ღრმა ნაფაზებით რომ მოწევ, მაგრამ მე ხომ იმ გამონაკლის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც სიამოვნებაზე უაზრო ახირების გამო ამბობენ უარს.

2 თვეა სიგარეტს თავი დავანებე და დავრწმუნდი - ციხეში მოწევას ორი კატეგორიის ხალხი ანებებს: არანორმალური ნებისყოფის ადამიანები და უბრალოდ, არანორმალურები. ჩემს შემთხვევაში ორივეა, ჩემს თავს ვეჩხუბები - რა დროს სიგარეტზე თავის დანებების დრო იყო, მინდოდა ნებისყოფა კიდევ ერთხელ შემემოწმებინა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არანორმალური ნებისყოფა მაქვს.

ჯერ საკანში ბნელა და გარეთაც. საერთოდ, რომ იცოდეთ ციხეში შუქი გრაფიკით გვაქვს. დილის 8 საათზე ჩაგვირთავენ და ღამე 23:30-ზე თიშავენ. ასე, რომ თუ 8 საათამდე რამე გინდა წაიკითხო, ტუალეტის შუქის ფონზე ფეხზე დგომით შეიძლება. 6-დან 12 საათამდე კანონის წაკითხვას ვასწრებ. ბიძინას კანონებს არ ვგულისხმობ, ალბათ მიხვდით.

8 საათი გახდა და დილის შემოვლა დაიწყო, რომელიც 15-20 წამი გრძელდება. ზედამხედველი საკანს ვიზუალურად ათვალიერებს მხოლოდ.

ღმერთი სამობითააო ნათქვამია და მესამე ახალ წელს შევხვდი ციხეში. 2008 წელს ბერლინში მოაბიტის ციხეში, 2013 წელს - მატროსოვზე და ახლაც იგივე.

8:30 საათზე საუზმეს არიგებენ. საერთოდ, 25 წელია დილით საჭმელს არ ვჭამ, მაგრამ "მატროსოვის" საუზმეში არის ისეთი განსაკუთრებული გურმანული (კონტინენტურ და ამერიკულ საუზმეს შორის), რის გამოც აქ მოხვედრა ნამდვილად ღირს და რაც პიონერთა ბანაკებში გატარებული ბავშვობის მოგონებებს შეგახსენებთ - მყრალ მანი ფაფას ან ერთმანეთში აზელილ ვერმიშელს.

12 საათიც გახდა, კანონების კითხვას მოვრჩი და უდიდესი დილემის წინაშე დავდექი: ტვ პირველზე ხაზარაძე ინფოს ვუყურო თუ მარიამ ვაშაძის ხათრით "მოამბეს".

პირველ საათამდე შვილისთვის მისაწერი წერილი ნახევრამდე მივიყვანე. ცხოვრების ასეთი დეტალური ინსტრუქცია ვინმეს ჩემთვის რომ დაეწერა, ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართებოდა - არასაინტერესოდ.

აქედანვე მინდა მთავარი რამ ისწავლოს - ცხოვრება ხშირად მიაყენებს ტკივილს, მაგრამ მაინც არ უნდა დანებდეს, ადამიანი უნდა ამაყობდეს ტკივილით, ყოველგვარი ტკივილი ჩვენი მაღალი დანიშნულების შეხსენებაა მხოლოდ.

გმადლობ ღმერთო, 46 წლის მანძილზე მუდამ რომ მახსენებ ჩემს მაღალ დანიშნულებას" - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია