ავტორი:

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

რას ეძებს საქართველოში "ფრონტერა" 1997 წლიდან? - ბევრისთვის უცნობი ფაქტები, კონგრესმენების წერილებში მოხსენიებულ კომპანიაზე

ბოლო დროს ამერიკელი კონგრესმენებისგან მიღებულ კრიტიკულ წერილებში ორჯერ გაიჟღერა კომპანია "ფრონტერას" სახელმა. ჯერ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა მისწერა წერილი გიორგი გახარიას, სადაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე საუბრობდა და მაგალითად მოიყვანა ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერა", რომელიც მოიხსენია, როგორც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

მოგვიანებით კი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას, კონგრესმენმა პიტ ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და ასევე ახსენა კომპანია "ფრონტერა" ტეხასიდან, რომელსაც დავა აქვს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ამის გამო ფუნქციონირებას ვერ ახერხებს.

მმართველი გუნდისთვის ამერიკელი კონგრესმენების ასეთი "ვიწრო ბიზნესური" მხარდაჭერა მიუღებელი აღმოჩნდა და "ფრონტერა", როგორც არაკეთილსინდისიერი კომპანია, ისე მოიხსენიეს. და მაინც, რა კომპანიაა "ფრონტერა", რომელსაც საქართველოში აკრიტიკებენ, ამერიკიდან კი მის დაცვას ცდილობენ.

მირზაანის ნავთობის საბადო

როგორ შესვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ "ქართული" ნავთობით სავსე ფიალა

ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა რისორსი" 1996 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს. საქართველოში კომპანია 1997 წლიდან გამოჩნდა და როგორც საქმიანობის სფეროში აქვს მითითებული, აწარმოებს გაზისა და ნავთობის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს საქართველოს აღმოსავლეთში. ამისთვის დააფუძნა შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", რომლის 50%-საც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია ფლობს.

ანუ გამოდის, რომ ამ კომპანიის ნახევარი სახელმწიფო საკუთრებაშია, რადგან გაზისა და ნავთობის კორპორაციის აქციების 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი" ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო გაზისა და ნავთობის კორპორაციის მართვის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

"ფრონტერას" სალიცენზიო ფართობი საქართველოში 5060 კვკმ-ია და მოიცავს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანისა და მარნეულის რაიონებს.ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან მალევე დაიწყო ნავთობსაძიებო სამუშაოები დედოფლისწყაროში, შირაქის ველებზე.

სპეციალისტები იხსენებენ, რომ კომპანიის მიერ ჭაბურღილიდან ნავთობის პირველი ამოღება პირველ აპრილს დაემთხვა, რაც მათი შეფასებით, საკმაოდ სიმბოლური იყო, რადგან კომპანიის მიერ გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები აღმოჩენილი მარაგების შესახებ, არასდროს ემთხვეოდა მათ მიერ მოპოვებული ნავთობისა თუ გაზის რეალურ მოცულობას.

ტარიბანის ველზე ნავთობის ჭაბურღილის გახსნას ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა და ნავთობის აღმოჩენის აღსანიშნავად ფიალიდან "ქართული" ნავთობიც გასინჯა. შევარდნაძე ამბობდა, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა შირაქში ნავთობის დიდ მარაგს მიაკვლიეს, რაც ეკონომიკისთვის კარგი იქნებოდა, დედოფლისწყაროელებს კი სამუშაო ადგილები და უფასო ნავთობპროდუქტები ელოდებოდათ.

მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა რეალურად ეს იყო მცდელობა, კარგი სიახლის გახმაურებით ხელი შეეწყოთ კომპანიის აქციების ფასის ზრდისთვის საფონდო ბირჟაზე. როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან დედოფლისწყაროში ქუვეითელების ბედს ჯერაც შენატრიან.

"ფრონტერას" კიდევ ერთი "აღმოჩენა"

კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება, ამჯერად საქართველოში აურაცხელი გაზის მარაგების აღმოჩენის შესახებ "ფრონტერამ" 2014 წელს გააკეთა. ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ნიკანდროსი აცხადებდა, რომ აღმოაჩინეს გაზის საბადო 42 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით, რაც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინა პირობა გახდებოდა.

ტარიბანის გაზის საბადო

მოგეხსენებათ, საქართველო დღესაც პრაქტიკულად 100%-ით იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, ადგილობრივი გაზის მოპოვება კი ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები).

საინტერესოა, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა "ფრონტერას" "აღმოჩენებს". არადა, წესით, ყურადღება უნდა გაემახვილებინათ მათ სენსაციურ მიგნებებზე, რადგან "ფრონტერას" გაანგარიშებით გამოდიოდა, რომ საქართველოს თითქმის სამჯერ მეტი გაზის რესურსი ჰქონდა.

ერთადერთი, ვინც მაშინ ამაზე კომენტარს აკეთებდა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია იყო, სადაც აცხადებდნენ, რომ "ფრონტერას" ასეთი კოლოსალური მარაგების არსებობის შესახებ მათთვის ტექნიკური დასაბუთება არ წარუდგენია წაიკითხეთ ვრცლად

ამერიკულმა "ზეწოლამ" შედეგი გამოიღო, ხელისუფლება უკან იხევს - რას ეძებს "ფრონტერა" საქართველოში?

პრემიერი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს

აბაზოვი ამტკიცებს, რომ "ოცნების" სიაში 41-ე იქნება - ამას მარნეულის სკანდალური ექსმერი  ეკატერინე ხვედელიძეს უნდა უმადლოდეს?